პროექტი InnoCENS - „მეწარმეობის“ სასწავლო ვიზიტი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

პროექტი InnoCENS - „მეწარმეობის“ სასწავლო ვიზიტი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

07-10-2018 19-20 სექტემბერს ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი) განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ფარგლებში.

ესპანეთის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტის მიზანი იყო პროექტით გათვალისწინებული ე.წ. „მეწარმეობის დღის“ და ბიზნესპროექტების იდეების საერთაშორისო კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიების დაგეგმვა პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა პროექტის მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხებიც.  
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო ექსპერტების მოდერაციით, შემუშავდა პროექტის ეგიდით განსახორციელებელ ღონისძიებათა 1-წლიანი სამოქმედო გეგმა. ამასთან ერთად, პრაქტიკული საქმიანობისა და მსგავსი პროექტების მენეჯმენტის საერთაშორისო გამოცდილების გაცნობის მიზნით, სასწავლო ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში „მეწარმეთა ფესტივალის“ მოსამზადებელ საორგანიზაციო შეხვედრებს და ფესტივალს.

InnoCENS პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტუ-ში ჩატარდეს „მეწარმეობის დღე“ და ასევე, ბიზნესიდეების კონკურსი. კონკურსში გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „მეწარმეთა ფესტივალი 2019“, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება ვალენსიაში.

აღნიშნულ სემინარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები, ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) და ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური).

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. ასევე, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ორი სასწავლო კურსის „ინოვაციები ტექნოლოგიებში“ და „ინოვაციური ტექნოლოგიები მეწარმეობისთვის“ სილაბუსი, ევროპული სტანდარტის მიხედვით.

 

სიახლეებში დაბრუნება