ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ მერაბ თევზაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ მერაბ თევზაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

23-07-2019


ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ მერაბ თევზაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოება გულითადად და უდიდესი პატივისცემით აღნიშნავს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, ახალგაზრდობის ღირსეული აღმზრდელისა და საზოგადო მოღვაწის, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლის, პროფესორ მერაბ თევზაძის დაბადებიდან მე-80 წლისთავს.
ბატონი მერაბი დაიბადა 1939 წლის 5 მარტს, ქ. თბი­ლისში, ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართვე­ლოში გეოდეზიურ-სამარკშეიდერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის პროფესორ ნიკოლოზ თევზაძის ოჯახში.
საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, იგი აგრძელებს მამისეულ გზას და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულ­ტეტის სტუდენტი ხდება. 1961 წელს მას სამთო ინჟინერ-მარკშეიდერის წოდება მიენიჭა. 1961-1965 წლებში, სპი-ს სასარგებლო წიაღისეულის კათედრაზე მუშაო­ბასთან ერთად, ინსტიტუტის და რესპუბლიკის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოებს ხელმძღვანელობდა. სწორედ აქ გამოვლინდა პირველად მასში ქვეყნისათვის სასარ­გებლო საქმეების კეთების დიდი უნარი. 1965 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ასპირანტურაში, საიდანაც მივლენილ იქნა მოსკოვის ხალხთა მეგობ­რობის უნივერსიტეტის გეოდეზიის კათედრაზე.
1968 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, დაუბრუნდა მშობლიურ ინსტიტუტს და სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო გეოდეზიისა და სამარკშეიდერო საქმის კათედრაზე. 1985 წელს ბატონი მერაბი ამ კათედრის გამგედ იქნა არჩეული. მან ღირსეულად შეცვალა ბატონი ნიკოლოზ თევზაძე – გააგრძელა და განავითარა მის მიერ დამკვიდრებული სასწავლო – პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სანიმუშო ტრადიციები, რაც ერთობ დიდ პასუხის­მგებ­ლობასა და დაუღალავ შრომასთან იყო დაკავშირებული. ბატონ მერაბს, როგორც უაღრესად ერუდირებულ ადამიანს, კარგად ჰქონდა გათავისებული, თუ რას ნიშნავდა მისი სახელოვანი წინაპრის მრავალმხრივი მემკვიდრეობა და მან თავისი ნიჭიერებითა და დიდი კაცობით შეძლო ამ ბრწყინვალე მემკვიდრეობის დაცვა და გაგრძელება.
1989 წელს მერაბ თევზაძე პროფესორის თანამდებობაზე იქნა არჩეული. 1998 წელს კი მან ქალაქ მოსკოვის სამთო ინსტიტუტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი მერაბის მოღვაწეობა მაღალი კვალიფიკაციის გეოდეზისტებისა და მარკშეიდერების ეროვნული საინჟინრო კადრების მოსამ­ზა­დებლად.
იგი დღენიადაგ ზრუნავდა ამ მიმართულებით სასწავლო პროცესის რეფორმისათვის. მისი უდიდესი ძალისხმევით დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც წლების განმავლობაში მოქმედებდა ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა კადასტრის სპეციალობით და რომლის კოორდინატორი ბატონი მერაბი გახლდათ. 2001 წელს საქართველოში დაიწყო კადრების მომზადება სპეციალობით – “ქალაქის კადასტრი”, რაც მისივე თაოსნობით განხორციელდა.
მერაბ თევზაძისა და მისი კოლეგების ერთობლივი შრომით მომავალმა გეოდე­ზისტებმა და მარკშეიდერებმა მიიღეს ახალი ორიგინალური სახელმძღვა­ნელოები მშობლიურ ენაზე, რაც სამაგიდო წიგნებად იქცა.
მრავალმხრივ სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ეწეოდა ბატონი მერაბი. იგი ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლდათ, რომელთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გამოქვეყნდა. მან პირველმა შექმნა სამარკშეიდერო მონიტორინგის სისტემა, აგრეთვე “გეოდეზიური და მარკშეიდერული ტერმინოლოგია” ქართულ ენაზე, რაც უდიდესი შენაძენია სამთო საქმის სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.
მერაბ თევზაძის როგორც მეცნიერისა და მკვლევარის საყოველთაო აღიარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი არჩეულ იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის, მინერალური რესურსების საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად და ამავე აკადემიის ნაციონალური განყოფილების პრეზიდენტად. ბატონი მერაბი გახლდათ გეოდეზიური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი. გეოდეზისტთა ასოციაციის წევრი, საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოებისა და საექსპერტო კომისიის წევრი და სხვ.
ბატონი მერაბი მრავალი საერთაშორისო კონგრესის, სიმპოზიუმისა და კონფე­რენციის მონაწილე გახლდათ.
ფრიად მასშტაბურია მერაბ თევზაძის ღვაწლი აღმშენებლობით დარგში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის და მარკშეიდერიის კათედრისა და შემდგომ კი ამ მიმართულების თანამშრომლებმა შეასრულეს რთული გეოდეზიური სამუშაოები, რომლებიც საფუძ­ვ­ლად დაედო საქართველოში მნიშვნელოვან საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბატონი მერაბი 1995 წლიდან გარ­დაცვალებამდე ენგურჰესის თაღოვანი კაშხალის მონიტორინგთან დაკავშირებულ კვლევებს ხელმძღვანელობდა.
პირველი ქართული კოსმოსური კონსტრუქცია – რეფლექტორის შექმნაში მონაწი­ლეობისათვის მერაბ თევზაძე ღირსების ორდენით, ხოლო 2004 წელს თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში აქტიური თანამშრომ­ლობისათვის საპატრიარქოს სიგელით დაჯილდოვდა.
საოცრად დიდი პიროვნება გახლდათ ბატონი მერაბი. გულით განიცდიდა ყველა­ფერს, რაც საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის სახელთან იყო დაკავშირე­ბული. მას ერთი დღეც კი არ უცხოვრია მშობლიური უნივერსიტეტის მომავალზე ფიქრის გარეშე. გულწრფელად იზიარებდა გარშემომყოფთა სატკივარსა და გასაჭირს, ძალღონეს არ ზოგავდა მათ დასახმარებლად, უხაროდა ყოველი მათგანისა და მთლიანად უნივერსიტეტის წარმატებები და წინსვლა. იგი ყოველთვის პრინცი­პული, მიზანდასახული, პირდაპირი, იდეისათვის მებრძოლი, ყოველთვის გულმარ­თალი იყო. ზედმიწევნით ყურადღებიანი გახლდათ კოლეგების მიმართ. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ჭირისუფალი დაკარგა, ხოლო მისმა მრავალრიცხოვანმა სამეგობრომ – კაცობის, ძმობისა და მეგობრობის მაღალი მეტრი.
თანამედროვეებისათვის მეტად ძნელია ბატონ მერაბზე წარსულში საუბარი.
პროფესორი მერაბ თევზაძე ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვან ისტორიაში, როგორც მეცნიერი და ახალგაზრდობის აღმზრდელი. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ქვეყნის წინაშე არა მარტო დაუღალავი შრომისა და საქმიანობის შედეგით, არამედ მისი ეროვნული მნიშვნელობით.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონ მერაბ თევზაძის სული, ვალმოხდილი მშობლიური ქვეყნისა და ერის წინაშე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს საინჟინრო აკადემია

 

სიახლეებში დაბრუნება