სტუ-ს პირველობა დაპროგრამებაში

21-05-2018

20 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სტუ-ს პირველობა დაპროგრამებაში.

ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა გოგონამ - მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა, მარიამ ბეჟაშვილმა, რომელმაც 7 ამოცანა ამოხსნა. მეორე ადგილზე გავიდა, ასევე, მაგისტრატურის პირველკურსელი ვახტანგ ტაბატაძე 6 ამოხსნილი ამოცანით, ხოლო მესამე ადგილი ერგო შარშანდელ ჩემპიონს, ბაკალავრიატის მეოთხეკურსელს, რავილ გასანოვს 5 ამოხსნილი ამოცანით.
 
პირველობისთვის ბრძოლა დაძაბულად წარიმართა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს უნდა ამოეხსნათ 10 ურთულესი ამოცანა, რომელიც ფარავდა ფუნდამენტური დაპროგრამების აქტუალური თემატიკის საკმაოდ ფართო სპექტრს. კონკურსზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ძალისხმევით 9 ამოცანა ამოიხსნა. კონკურსის მონაწილეთა მიერ გამოვლენილი მაღალი დონე იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი უახლოეს საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარსდგეს ისეთი გუნდებით, რომლებიც რეალურად იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.
 
აღსანიშნავია, რომ 30 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ოლიმპიადა დაპროგრამებაში. აღნიშნულ მაღალრეიტინგულ შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდიც მიიღებს.
 
სტუ-ის დაპროგრამების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება შედგება ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 30 მაისს, გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში.

 

სიახლეებში დაბრუნება