ENGLISH VERSION       
 
 
 
 
 
 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია "მოდინახე"
 
 
პირველი დრამატული დასი შეიქმნა 1945 წელს ამავე სასწავლებლის სტუდენტთა ინიციატივით და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტ დორიან კიტიას ხელმძღვანელობით, შემდგომში თეატრალურ დასს რეჟისორობდნენ ქართული თეატრალური ხელოვნების ისეთი თვალსაჩინო მოღვაწეები, როგორებიც არიან ავთანდილ იმნაძე, ნოდარ ჩხეიძე, კოტე მახარაძე, მიხეილ თუმანიშვილი, ბორის წიფურია და სხვ.
 
1975 წლიდან დღემდე თეატრალურ დასს სათავეში უდგას ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტ დიმიტრი ალექსიძის და საქართველოს სახალხო არტისტ ბორის წიფურიას სტუდენტი ნუგზარ ბუცხრიკიძე.
 
განვლილი დროის 1945-2009 წლებში თეატრის სცენაზე დადგმულია 200-მდე ქართველი და უცხოელი ავტორის ნაწარმოებები.
 
გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მრავალი სპექტაკლი დიდი წარმატებით იქნა ნაჩვენები, როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ შორის აღსანიშნავია: 1969 წ. ქალაქებში კაუნასსა და ვიულნიუსში რ.სტურუას და გ.ქავთარაძის “ბრალდება” და გ. სუნდუკიანის “ვოსკან პეტროვიჩი ჯოჯოხეთში”. სპექტაკლები დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის.
 
1985 წ. ჰოლანდიაში ქ. უტრეხტის მსოფლიო მოყვარულთა თეატრების ფესტივალზე რ. გაბრიაძის “უცხო ჩიტი”. ჟიურის ერთსულოვანი აღიარებით, ეს იყო ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლი, ხოლო დასი საუკეთესო თეატრალური კოლექტივი.
 
1986 წ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბადენ-ვიუტენბერგის მიწის ოთხ ქალაში ბადენ-ბადენში, კარლსრუეში, შტუდგარტსა და ლანდენბურგში რ. გაბრიაძის “უცხო ჩიტი”. სპექტაკლმა სპეციალისტებისა და მაყურებლების ერთობლივი აღიარება მოიპოვა და დღემდე რჩება დასის სავიზიტო ბარათად.
 
1988 წ. – ფინეთში, ქ. ჰელსინკსა და ქ. იუვასკულას საერთაშორისო ფესტივალზე რ. გაბრიაძის “უცხო ჩიტი”.
 
1988 წ. – ამერიკის შეერთებულ შტატებში რ. გაბრიაძის “უცხო ჩიტი” და ლ. თაბუკაშვილის “ათვინიერებენ მიმინოს”.
 
1988 წ. – იაპონიაში მოყვარულთა თეატრების მსოფლიო ფესტივალი ლ. თაბუკაშვილის “ათვინირებენ მიმინოს”. სპექტაკლმა ფესტივალის გრან–პრი მოიპოვა. სპეციალური პრიზი საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის და მთავარი როლების ორმა შემსრულებელმა თამაზ ბეიტრიშვილმა და თამაზ კაპანაძემ – პრიზები მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
 
1990 წ. – გერმანიაში გ. დოჩანაშვილის “ხორუმი ქართული ცეკვა”.
 
1990 წ. – ამერიკის შეერთებული შტატებში ვ. კოროსტილევის “ფიროსმანი”. სპექტაკლი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესი რეჟისორული ნამუშევრისათვის.
 
1991 წ. – ინგლისის ქალაქები ლონდონი, კარდიფი, სვანსეა, აიტას ფესტივალზე რ. გაბრიაძის “უცხო ჩიტი”. სპექტაკლი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის.
 
1992 წ. – ქ. მოსკოვი, საუნივერსიტეტო საერთაშორისო ფესტივალი ვ. კოროსტილევის “ფიროსმანი”. სპექტაკლი დაჯილდოვდა გრან–პრით და საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისათვის.
 
1993 წ. – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ა. ცაგარელის “ხანუმა”. მთავარ როლში – საქართველოს სახალხო არტისტი ელენე ყიფშიძე. სპექტაკლი დაჯილდოვდა საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის – ელენე ყიფშიძე.
 
1994 წ. – ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოყვარულთა თეატრების მსოფლიო ფესტივალზე, ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელი”. პრიზი – საუკეთესო სცენოგრაფიისათვის.
 
2002 წ. – გერმანიაში მცირე თეატრების ფესტივალზე დიდი წარმატებით იქნა ნაჩვენები რ. კლდიაშვილის “იადონას თეატრი”. სპექტაკლი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის და ქალის საუკეთესოდ შესრულებისათვის – ცუცა კაპანაძე.
 
2005 წ. – ამერიკის შეერთებული შტატების ქ. ნიუ-იორკში, ლინკოლნის ცნობილ დიდ დარბაზში უდიდესი წარმატებით იქნა ნაჩვენები რ. კლდიაშვილის “იადონას თეატრი”.
 
2007 წ.  – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკის ქ. კარლსრუეში ლაშა თაბუკაშვილის “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”.
 
2009 წ. – გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახლებული დადგმა ვ. კოროსტილევის “ფიროსმანი”.
 
თეატრს მჭიდრო კულტურულ-შემოქმედებითი კავშირები აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შემოქმედებით კოლექტივებთან. მათ შორის აღსანიშნავია აშშ-ს ქალაქ რასინისა და ნიუ-იორკის ახალგაზრდული თეატრები. განსაკუთრებით კი გერმანიის ქ. კარლსრუეს “სანდკორნ–თეატრისა” და სტუ-ს თეატრ-სტუდიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ითვალისწინებს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ საუკეთესო სპექტაკლების გაცვლას. ამ ურთიერთობებმა შემდგომში საფუძველი ჩაუყარა კარლსრუესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების საქმიან ურთიერთობებს, რომლის შედეგადაც ორი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების, ასევე შემოქმედებითი კოლექტივების გაცვლა ხდება.
 
დიდი წარმატება ხვდა წილად იმ სპექტაკლებს, რომლებიც ნუგზარ ბუცხრიკიძის ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს სტუ-ს თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განხორციელდა საზღვარგარეთის ქვეყნებში: გერმანიაში – ლ. თაბუკაშვილის “ათვინიერებენ მიმინოს” და ბიუხნერის “ლეონსი და ლენა”; აშშ-ში – ქ. რასინის თეატრალურ გილდიასთან და ქ. მილუოკის საუნივერსიტეტო თეატრში – ნ. დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.
 
ამ სცენაზე გაიარეს პირველი თეატრალური ნათლობა კულტურისა და ხელოვნების დღეს უკვე აღიარებულმა, თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, რომლებიც დღესაც განაგრძობენ მოღვაწეობას საქართველოსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღეისათვის თეატრის რეპერტუარშია ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”, რეზო კლდიაშვილის “იადონას თეატრი”, ვ. კოროსტილევის “ფიროსმანი”. უახლოეს მომავალში გაიმართება საპრემიერო ჩვენება დათო ტურაშვილის სპექტაკლისა “ხვალ ჩვენს ეზოსაც გადაუფრენენ”.

 

 

 

 

 


"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი © 2004 ყველა უფლება დაცულია"
საიტის შექმნის თარიღი: 16.03.2000 | ბოლო განახლების თარიღი: 08/11/2011