სტუ-ს ახალი სიმბოლიკა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს ფარს, რომლის არქიტექტონიკაში ძირითადი ადგილი უჭირავს ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის II ნახევრით დათარიღებულ, ქართული საინჟინრო აზროვნების - მხატვრული სამსხმელო წარმოების ნიმუშს, ბრინჯაოს არწივის გამოსახულებას. ფარს ზემოთ გვირგვინად ადგას სტილიზებული შრიფტით შესრულებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აბრევიატურა “სტუ”, რომელშიც ჩაწნულია ფარზე განფენილი ბაფთა უნივერსიტეტის დევიზით “ ცოდნა ძალაა”, ლათინურ ენაზე - “ Scientia potestas est”. ფარზე, არწივის ქვემოთ, განთავსებულია უნივერსიტეტის დასახელება ქართულ და ლათინურ ენებზე, შესაბამისად: “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” და “ GEORGIAE UNIVERSITAS RERUM TECHNICI”. ფარზე კომპოზიციას ამთავრებს უნივერსიტეტის დაარსების წელი, “1922” და ზეთისხილის ტოტების, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, გვერდების თანაფარდობით 2:3. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა მუქი წითელი ფერის ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავების გადაკვეთაზე მოთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბი. დროშის სიმბოლურ-აზრობრივ გადაწყვეტას საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო დროშის ძირითადი კომპოზიცია. სტუ-ს დროშაზე წარმოდგენილი ყველა ფერი, ჰერალდიკის კანონების მიხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მქონეა: თეთრი - უმანკოება, უბიწოება, სიწმინდე, სიბრძნე; ყვითელი (ოქროსფერი) - განათლება, კეთილდღეობა, სიმდიდრე და დიდება; მუქი წითელი - სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამართლიანობა და სიყვარული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიმნი, მსგავსად გერბისა, შინაარსით სიმბოლურია, ის პატივს მიაგებს უმაღლესი სკოლის სახელოვან წარსულს, მის დღევანდელ ზნეობრივ-ეთიკურ იდეალებს და ორიენტირებულია მომავლის ღირებულებებზე.
|