ფაკულტეტი

ისტორია

საქართველოში მიმდინარე უმაღლესი განათლების რეფორმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შედეგად 2007 წელს განხორციელდა ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის ფაკულტეტების გაერთიანება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი. 

ენერგეტიკის დარგში, ეროვნული საინჟინრო კადრების მომზადებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე, რომლის პირველი დეკანი იყო საქართველოში ელექტროტექნიკური მეცნიერებისა და განათლების ფუძემდებელი პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე. იმ პირველ ათ ქართველ ინჟინერთა შორის, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტი დაამთავრეს 1928 წელს, ხუთს - ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ენერგეტიკის ფაკულტეტის დამოუკიდებლად არსებობა 1928 წლიდან გაგრძელდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მისი დაარსების სათავეებთან იდგნენ გამოჩენილი მეცნიერი და სწავლული ინჟინრები; პროფესორები: ალექსანდრე დიდებულიძე, ბესარიონ ჭიჭინაძე, ალექსანდრე მუსხელიშვილი, სტეფანე ყირქესალი, არტემი ტერ-ხაჩატურიანი, ლევან ხიზანიშვილი, ევგენი პეტკევიჩი და სხვ.

არსებობის მანძილზე ფაკულტეტმა 25000-ზე მეტი სპეციალისტი მოამზადა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებისათვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის განვითარებისა და წინსვლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სხვადასხვა დროს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე მომუშავე პირებს: პროფ. ა. ტერ-ხაჩატუროვს, ინჟინერ ვ. კარახანიანს, ინჟინერ ვ. არშბას, პროფ. ა. დიდებულიძეს, ინჟინერ პ. კიკნაძეს, ინჟინერ ა. მეტონიძეს, დოც. მ. კასიანს, დოც. გ. მახარაძეს, დოც. გ. კუპრაძეს, პროფ. ა. კოტიას, დოც. ო. ასათიანს, პროფ. ნ. ნინუას. პროფ. ო. კერვალიშვილს, დოც. ნ. წივწივაძეს, პროფ. დ. ლაოშვილს, ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობს პროფ. გ. არაბიძე.

საქართველოს ენერგეტიკული სისტემა და უმნიშვნელოვანესი სამრეწველო საწარმოთა ელექტროტექნიკური სამსახური, მთლიანად ფაკულტეტის კურსდამთავრებული სპეცაილისტებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოში კავშირგაბმულობის ინჟინრების მომზადებას საფუძველი ჩაეყარა 1970 წელს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკურ ინტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) რადიოტექნიკისა და სამრეწველო ელექტრონიკის კათედრების საფუძველზე, ჩამოყალიბდა კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი, რომელსაც სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ პროფ. შ. რაზმაძე, პროფ. ა. კერესელიძე, პროფ. თ. კუპატაძე. 1974 წელს კავშირგაბმულობისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი გარდაიქმნა კავშირგაბმულობის ფაკულტეტად. (2007 წლიდან ფაკულტეტზე ფუნქციონირებს „ტელეკომუნიკაციის“ და „რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის“ დეპარტამენტები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში კავშირგაბმულობის დარგისათვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებს). სამეცნიერო კვლევების შედეგები ფაკულტეტის პროფესორებსა და სპეციალისტებს გამოქვეყნებული აქვთ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებში, (პროფესორები: ს. შავგულიძე, ნ. ხარატიშვილი, ფ. ბოგდანოვი,, ნ. უღრელიძე, ვ. ჯაფარიძე, გ. ქევანიშვილი, ჯ. ხუნწარია, ჯ. ბერიძე, ო. ზუმბურიძე, გ. არსენიშვილი, თ. კუპატაძე).

1978 წელს საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი საკავშირო სიმპოზიუმი ვიდეოტელეფონიაში ჩატარდა კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე და პირველი საცდელი ვიდეოსატელეფონო ქსელი ამოქმედდა ქალაქ თბილისში. 1982 წელს გამოსახულებათა ეფექტური კოდირების სფეროში მიღწეული შედეგების საფუძველზე შეიქმნა მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემის ერთ მაღალსიხშირულ არხში ორი სატელევიზიო პროგრამის გადაცემა ციფრულ ფორმატში. ექსპერიმენტები ტარდებოდა ქ.დუბნაში (რუსეთი) არსებულ თანამგზავრულ კავშირგაბმულობის ცენტრში. 1983 წელს, კავშირგაბმულობის მიღწევათა მსოფლიო გამოფენაზე ქ.ჟენევაში (შვეიცარია), საბჭოთა კავშირის საგამოფენო სივრცე აღიჭურვა ავტომატური ვიდეოსატელეფონო სისტემით, რომელიც შეიქმნა საქართველოს პოლიტექნიუკრი ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე  და ამჟამად ინახება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტში. 1985 წელს კავშირგაბმულობის დარგში პირველი სადოქტორო დისერტაციის დაცვა (ნ. ხარატიშვილი) შედგა მოსკოვის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე. 1998 წელს კავშირგაბმულობის ფაკულეტეტის სასწავლო გეგმებისა და კურსების პროგრამების პრეზენტაცია განხორციელდა მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში (ინგლისი) და ფაკულტეტმა დაიწყო სასწავლო პროცესი ევროპული საუნივერსიტეტო მომზადების სისტემით (კოორდინატორი პროფ. ო. ზუმბურიძე). წლების განმავლობაში, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მიწვეულ პროფესორებად იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების დრექსელის (პროფ. ნ. ხარატიშვილი) და კორნელის (პროფ. ს. გძელიშვილი), გერმანიის დარმშტადტის, ულმის, კონსტანცის და ესენის, დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგის და ლუნდის, ინგლისის ლანკასტერის (პროფ. ს. შავგულიძე),   უნივერსიტეტებში, სადაც მათი ხელმძღვანელობით დაცულია 10-მდე სადოქტორო დისერტაცია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

ამჟამად ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი აერთიანებს რვა დეპარტამენტს: ტელეკომუნიკაციის, რადიოტექნიკკისა და მაუწყებლობის, თბოენერგეტიკისა და ენერეგოეფექტურობის, ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების, ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების, საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის. სწავლება მიმდინარეობს აკადემიური პროგრამების სამ საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო-კვლევითი და ერთი სასწავლო ცენტრი „შნეიდერ ელექტრიკ-თელასი“.

სტუდენტებს ემსახურება თანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიები, რომლებიც აღჭურვილია კომპიუტერული კლასებითა და მოდელირებული კომპიუტერული პროგრამებით, აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების ბაზაზე შექმნილი ვირტუალური ლაბორატორიები.

ფაკულტეტზე სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ბიბლიოთეკით, რომლის წიგნადი ფონდი დაკომპლექტებულია თანამედროვე სახელმძღვანელოებით და დამხმარე ლიტერატურის დიდი არჩევანით, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე (ბეჭდვითი და ელექტრონული სახით).

სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ბიბლიოთეკებით.

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები და ინჟინრები, რომლებმაც თავიანთი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცივილიზაციის განვითარების საქმეში: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ფუძემდებელი და ყოფილი პირველი პრეზიდენტი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მართვის პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე პროფესორი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი ხალილოვი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსიები: ვახტანგ გომელაური და ვახტანგ ჭიჭინაძე, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი, რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა ლუტიძე, ელექტრული მანქანების მთავარი კონსტრუქტორი ლოდოჩნიკოვი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბორის ტიმოფეევი.