წარმომადგენლობითი საბჭოს (რიგგარეშე) სხდომა N19
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
- სტუ-ს აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთების დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი);
- ინფორმაცია სტუ-ს აკადემიური საბჭოს ანგარიშის შესახებ (მომხსენებელი აკადემიური საბჭოს მდივანი პროფ. გიორგი სალუქვაძე);
- 2008 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების განხილვა და დამტკიცება (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი) _ საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.
- ინფორმაცია სტუ-ს მიერ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე 2007 წელს შემოსული თანხებისა და 2007 წელს სტუ-სთვის უზუფრუქტით გადმოცემულ ქონებაზე გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებებიდან შემოსული თანხების მონაცემების თაობაზე (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი);
- ინფორმაცია 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრივი პროგრამების შესახებ (მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი);
- სტუ-ს "გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში", შექმნილი საბიუჯეტო დაფინანსებით მომუშავე "გეოეკოლოგიური მონიტორინგის" განყოფილების დამტკიცება (მომხსენებელი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. ნოდარ ფოფორაძე);
- მიმდინარე საკითხები.
წარმომადგენლობითი საბჭოს (რიგგარეშე) სხდომა N19 ჩატარდება
2008 წლის 22 თებერვალს 11 საათზე
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
ოქმი N19
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას, სიითი შემადგენლობის 71 წევრიდან, ესწრებოდა 53. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე.
სხდომის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო დღის წესრიგი
(იხ. დანართი) და აღნიშნა, რომ დღის წესრიგის მესამე საკითხი, კერძოდ: 2008 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების განხილვა და დამტკიცება, მომხსენებელმა _ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილმა მოხსნა დღის წესრიგიდან, იმ არგუმენტით, რომ საკითხი კიდევ დაზუსტებას მოითხოვს.
მეორე საკითხი _ ინფორმაცია სტუ-ს აკადემიური საბჭოს ანგარიშის შესახებ _ პროფ. გიორგი სალუქვაძის მოთხოვნით გადადის პირველ საკითხად. A
ამრიგად, დღის წესრიგს კენჭი ეყარა შეთავაზებული ცვლილებებით. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა აკადემიური საბჭოს მდივანს პროფ. გიორგი სალუქვაძეს.
პროფ. გიორგი სალუქვაძე _ "საქართველოს კანონის განათლების შესახებ" თანახმად აკადემიურმა საბჭომ ინფორმაცია უნდა გააკეთოს წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე. 2006 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ იქნა აკადემიური საბჭო, რომელმაც ჩაატარა 27 საბჭოს სხდომა და მიიღო 12 დადგენილება. გარდა ამისა მოისმინა, როგორც ინფორმაციული ხასიათის, ასევე განიხილა ადმინისტრაციული და სხვა ხასიათის საკითხებიც. ყველა ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული მასალა ინახება სტუ-ს აკადემიური საბჭოს სამდივნოში და გამოქვეყნებულია სტუ-ს საიტზე.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ (შეკითხვა) აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მასწავლებლისა და უფროსი მასწავლებლის შტატის შემოღების შესახებ. ხომ არ დაგვიკონკრეტებდით როდის იქნება ეს შემოღებული? რადგან რეალურად უნდა დავთვალოთ როდიდან იქნება ეს ფინანსურად შესაძლებელი.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ (რეპლიკა) უპირველესად განსასაზღვრია რა ფორმით იქნება ეს საკითხი შემოღებული. დეკანებთან შეთანხმებით იგი სექტემბრამდე შეჩერებულია. ზოგი თვლის, რომ უნდა ჩატარდეს კონკურსი, ზოგი თვლის, რომ ფაკულტეტის საბჭოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. აკადემიურმა საბჭომ ნაბიჯი გადადგა, რადგან ეს დაწერა.
პროფ. ჯემალ ბერიძე _ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გამოვიტანოთ შემდეგ სხდომაზე, რადგან 2 თვეში დატვირთვაა გასანაწილებელი და უნდა ვიცოდეთ რამდენი კაცი გვყავს და რა შევიტანოთ დატვირთვაში.
პროფ. ნოდარ ქაჯაია _ (რეპლიკა) რა საჭიროა პორტფოლიო. 70 სტუდენტზე მე გავაკეთე პორტფოლიო და მოვუნდი ერთი თვე. ეს არის უდიდესი შრომა, შემდეგ ამას ემატება შუალედური ნიშნები. იქნებ ერთი ჟურნალი გაგვეკეთებინა.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ ეთხოვოს რექტორატს ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბოს კონცეფცია მასწავლებელსა და უფროს მასწავლებელთან დაკავშირებით. რას იძლევა პორტფოლიო? ვთხოვოთ რექტორატს ერთი თვის ვადაში წარმოგვიდგინოს და განგვიმარტოს წარმომადგენლობით საბჭოზე, რასთან გვაქვს საქმე?
სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ ცნობად მივიღოთ აკადემიური საბჭოს ანგარიში და მადლობა გადაუხადოთ პროფ. გიორგი სალუქვაძეს ინფორმაციის წარმოდგენისათვის.
განვიხილოთ დღის წესრიგის შემდეგი საკითხი _ ინფორმაცია სტუ-ს აკადემიური პერსონალის სახელფასო განაკვეთების ზრდის თაობაზე. მომხსენებელი სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ სახელფასო ფონდთან დაკავშირებით მე მინდა წარმოგიდგინოთ ორი საკითხი: პირველი საკითხი ეხება სტუ-ს ¹101, 112, 123 და ა.შ. დეპარტამენტების აკადემიური თანამდებობებისათვის 2007-2008 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შრომითი ანაზღაურების საკითხს. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნულ დეპარტამენტებს და ამასთან ერთად ზოგიერთ სხვა აკადემიურ პერსონალს სასწავლო წლის დასაწყისისათვის არ ჰქონდათ საათების საკმარისი რაოდენობა. მას შემდეგ, რაც სტუ-ში ჩატარდა მიღება პროფესიულ სწავლებაზე, მათ გაუჩნდათ დამატებითი დატვირთვა. ამდენად, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ამ პერსონალს მივცეთ განსხვავება, და არა ოქტომბრის თვის ხელფასი. ამ თანხამ ჯამში შეადგინა 28 600 ლარი. მეორე საკითხი ეხება
სტუ-ს აკადემიური პერსონალის ახალ სახელფასო განაკვეთს. კერძოდ, ხელფასი 2008 წლის პირველი მარტიდან გაიზრდება და იქნება: სრულ პროფესორს _ 800 ლარი, ასოცირებულ პროფესორს _ 600 ლარი, ასისტენტ პროფესორს _ 450 ლარი, მატება ჯამში შეადგენს 700 500 ლარს. პარლამენტი განიხილავს 29 კანონში შემავალ ცვლილებებს და შესაძლებელია 25%-იანი დაბეგვრა შემცირდეს 15%-მდე. შემდეგ კვირაში იქნება მე-2 მოსმენა და შეიძლება ეს პუნქტი შევიდეს ძალაში, თუმცა როდიდან არ ვიცით. თვით უმრავლესობაშიც არ არის ამ საკითხზე ერთიანობა. როდესაც ეს პუნქტი შევა ძალაში ხელფასები კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება საიდან ხდება სახელფასო ფონდის ზრდა? სახელფასო ფონდის განსაზღვრისას ჩადებული იქნა რეზერვი, გარდა ამისა გვაქვს პოტენციური რეზერვიც. ჩვენ ჩასატარებელი გვაქვს 2 დიდი ტენდერი, საიდანაც ველოდებით დიდ ნაშთს.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ გაიზარდოს სახელფასო ფონდი და არ ჩავწეროთ რის ხარჯზე.
სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა ორი საკითხი _ საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ საკითხებს და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1
1. სტუ-ს აკადემიური პერსონალისათვის ხელფასების მომატება განხორციელდეს მიმდინარე წლის პირველი მარტიდან.
2. დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი საკითხი აკადემიური პერსონალისათვის ხელფასების მომატების შესახებ ¹1 დანართის მიხედვით. შესაბამისად გაიზარდოს შრომის ანაზღაურების ხარჯები 700 500 ლარით და შეტანილ იქნეს სათანადო ცვლილება 2008 წლის ბიუჯეტში.
3. სტუ-ს სრული პროფესორის შრომის თვიური ანაზღაურება განისაზღვროს 800 ლარით, ასოცირებული პროფესორის _ 600 ლარით, ასისტენტ პროფესორი _ 450 ლარით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N2
დამტკიცდეს სტუ-ს აკადემიური პერსონალის ¹101, 112, 123 და ა.შ. დეპარტამენტების აკადემიური თანამდებობებისათვის 2007-2008 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შრომითი ანაზღაურების გაცემის საკითხი, და მიეცეთ მათ ეს თანხა არა ოქტომბრის თვის ხელფასის სახით არამედ განსხვავების სახით, რომელიც ჯამში შეადგენს 28 600 ლარს.
პროფ. აგული სოხაძე _ (რეპლიკა) ხალხი მტკივნეულად განიცდის სხვების ხელფასების მომატებას. დეპარტამენტის ლაბორანტებს აქვთ უამრავი საქმე, რის გამოც მათ უნდა დაემატოთ ხელფასი.
პროფ. დემურ დანელია _ (რეპლიკა) მიმართულების ხელმძღვანელები აკეთებენ სხვაზე მეტ საქმეს, რის გამოც უნდა დაემატოთ ხელფასი თუნდაც 5 ლარის ოდენობით.
სპიკერი _ განვიხილოთ დღის წესრიგის შემდეგი საკითხი, კერძოდ ინფორმაცია სტუ-ს მიერ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე 2007 წელს შემოსული თანხებისა და 2007 წელს სტუ-სთვის უზუფრუქტით გადმოცემულ ქონებაზე გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებებიდან შემოსული თანხების მონაცემების თაობაზე.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ 2007 წელს სტუ-სთვის უზუფრუქტით გადმოცემული ქონება იყო 12 ობიექტი და 7 სარეკლამო შიტი. ისინი კვარტალში ერთხელ იხდიან თანხას. 12 ობიექტიდან დღეს-დღეობით შემოდის 119 812 დოლარი. გადაფასებული ობიექტებიდან 2007 წლის მარტ-აპრილში მოვახერხეთ 34 366 დოლარის ნაცვლად აგვეღო 126 100 დოლარი, რამდენად შემოვა ეს თანხა ჩვენ ჯერ არ ვიცით, ისინი ვალდებულნი არიან მარტიდან შემოიტანონ თანხა. ერთ-ერთი ობიექტის პატრონმა შემოიტანა განაცხადი , რომ ვერ იხდის და ტოვებს ფართს. იგივე შეიძლება სხვებმაც გააკეთონ. ასე რომ რამდენად შემოვა 126 100 დოლარი არ ვიცით.
რაც შეეხება III-IV კორპუსის I სართულისა და I კორპუსის წინა ფასადის რესტორან "ორიენტის" იჯარას, ესენი გადააფასა ქალაქმა და ჩვენ ამის გადაფასება აღარ შეგვიძლია. ეს კი 97 500 დოლარს შეადგენს წელიწადში.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ მე როგორც ვიცი, ნორმატივები დადგენილია მიწის იჯარასთან დაკავშირებით. საბაზრო ფასები რატომ არ არის გათვალისწინებული ჩვენს გაიჯარებულ ფართებთან მიმართებაში?
_ მოგეხსენებათ ბევრი ლაპარაკია იჯარებთან დაკავშირებით, ამდენად გთავაზობთ, შეიქმნას იჯარების საკითხის ერთობლივი კომისია სტუდენტების მონაწილეობით. საჭიროა შეხვედრა მოიჯარეებთან, უნდა ავუხსნათ როგორია ჩვენი მიდგომა.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მინდა დავაფიქსირო, რომ რაც იქნა გაცემული იჯარით, ყველა ობიექტის ფასი შეთანხმებული იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. მათ ეს ფასი კიდევ უფრო გაგვიზარდეს, ხოლო რიგ შემთხვევებში დაგვეთანხმნენ იმ ფასზე რაც ჩვენ გვქონდა. ისე რომ 2007 წელს გაცემული იჯარები საკმაოდ დიდია. რაც შეეხება ქალაქს, მათ შეუძლიათ მოგვწერონ უარი ჩვენს მიმართვაზე. ჩვენ კი გვბლოკავს კანონი, რომ ერთხელ გადაფასებული, მეორედ აღარ გადაფასდეს.
პროფ. ივანე შავთვალიშვილი _ შეიძლება ეს ობიექტები დავკარგოთ. ჩვენ დავამტკიცეთ გასაიჯარებელი ობიექტები, მაგრამ ისინი დღემდე არ არის გაიჯარებული. რაშია საქმე?
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ყველა ის ობიექტი, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მხოლოდ რამდენიმე მათგანზე არის მსურველი. რამოდენიმე ტენდერი ჩვენ ჩაგვეშალა.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ იჯარებთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას კომისია. სტუდენტებმა მოგვცენ თავიანთი წარმომადგენლების სია.
კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სპიკერმა კენჭისყრაზე დააყენა საკითხი. კენჭისყრის შედეგები: თანახმა _ 70, წინააღმდეგი _ 1, თავი არავის შეუკავებია.
სხდომაზე დასახელდა კომისიის წევრები, რომელთა კანდიდატურებსაც ეყარა კენჭი ერთხმად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N3
იჯარებთან დაკავშირებით შეიქმნას ქირავნობის ხელშეკრულებებიდან შემოსული თანხების მონაცემების შემსწავლელი დროებითი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. პროფ. ვახტანგ დათაშვილი; 2. პროფ. ჯემალ ბერიძე; 3. პროფ. გენადი იაშვილი; 4. პროფ. აკაკი გიგინეიშვილი. 5. პროფ. იგორ კვესელავა. 6. პროფ. ვანო შავთვალიშვილი. 7. (სტუდენტი) ნიკოლოზ გაგნიძე.
სპიკერი, პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავიდეთ დღის წესრიგის შემდეგ საკითხზე: ინფორმაცია 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიზნობრივი პროგრამების შესახებ. მომხსენებელი პროფ. ქეთევან Qქოქრაშვილი.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ინფორმაციას 2008 წლის მიზნობრივ პროგრამებზე ყველა დეკანი აწერს ხელს. ჩატარდა მონიტორინგი. ცალკეული ფაკულტეტებისთვის გასაკეთებელია სახურავები, ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები _ 257 620 ლარის. თუ გავშლით ფაკულტეტების მიხედვით: სამშენებლო ფაკულტეტი _ 13 011 ლარი; არქიტექტურის ფაკულტეტი _ 19 096 ლარი; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი _ 42 260 ლარი; ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი _ 84 794 ლარი; ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი _ 31 740 ლარი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი _ 21 102 ლარი; ინფორმატიკის ფაკულტეტი _ 98 825 ლარი; სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი _ 24 303 ლარი. სულ 644 463 ლარი. ნაწილი ადმინისტრაციული კორპუსის ტუალეტებისთვის, რომელიც ნაწილობრივ გაკეთებული იყო 2002 წელს და მიმდინარე წელს მეორე ნაწილიც გაკეთდება.
რაც შეეხება პროგრამას, რომელიც უკავშირდება ტელეფონებს, მე განვაცხადე კომისიის სხდომაზე და გუშინ კიდევ მივიღე ახალი ინფორმაცია დავალიანების შესახებ, რომელმაც მოიმატა 2000 ლარით. ჩვენ მზად ვართ ძველი ვალი დავფაროთ და შემდეგ განვსაზღვროთ ვის რა ლიმიტი ექნება. ბენზინები კი საკმაოდ გაიზარდა. ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი და გაიმარჯვა “ვისოლმა”. ისინი ელოდებიან ფასების მატებას და უახლოეს მომავალში ჩვენ მათთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას.
სპიკერი, პროფ. ეკატერინე თევზაძე _ ჩვენი ლიმიტი ტელეფონზე სხვანაირად უნდა განისაზღვროს ვიდრე ჩვეულებრივი განყოფილებების ტელეფონებზე. 30 ლარი ჩვენ არ გვეყოფა, რადგან ჩვენ ვუკავშირდებით წარმომადგენლობითი საბჭოს 71 წევრს, როგორც საბჭოს სხდომებისთვის, ასევე უმეტესწილად კომისიის სხდომებისთვის. ეს ხდება ხანდახან 3-4-ჯერ თვეში. მიგვაჩნია რომ, ჩვენი 8-იანი არ უნდა იყოს შეზღუდული, რადგან სპიკერატი განსხვავდება თავისი მუშაობის რეჟიმით ჩვეულებრივი განყოფილებებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს გარემოება.
პროფ. ჯემალ ბერიძე _ ფაკულტეტების ქალაქის ტელეფონების სააბონენტოს მაინც თუ გადაიხდის ინსტიტუტი?
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ჩვენ გადავიხდით მხოლოდ იმ ტელეფონებს, რომლებსაც წარმოგვიდგენენ დეკანები. რაც შეეხება ძველ ვალებს სტუ ამასაც გადაიხდის. ბიუჯეტში სულ გათვალისწინებული იყო 48 000 ლარი, ვალებში უკვე მიდის 10 000 ლარი.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ უნდა იყოს პროგრამა გაწერილი ლიმიტებით, რომ ვიცოდეთ ვის რამდენი ლიმიტი გვაქვს.
პროფ. იგორ კვესელავა _ (რეპლიკა) უკვე მერამდენედ მე-6 კორპუსიდან მოიპარეს კომპიუტერი. პოლიცია იმ ჭკუაზეა, რომ ქურდი აღებს და მერე კეტავს კარებებს. დაცვა ამბობს შაბათ-კვირას მოიპარესო. დაცვა დავაყენოთ ან ბიზნეს სკოლამ გადაიხადოს 500 დოლარი.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ გადასაწყვეტია სასწავლო ლიტერატურის შესყიდვის პრობლემა. საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც გამოყოფილია სასწავლო ლიტერატურის შესყიდვაზე უნდა გაიწეროს პროგრამულად. ფაკულტეტების დეკანების მონაწილეობით უნდა შედგეს წიგნების შესყიდვის პროგრამა და ამის შესაბამისად უნდა გამხორციელდეს ეს შესყიდვა. მე პირადად მივესალმები იმ ფაქტს, რომ სტუდენტური სპორტული და კულტურული პროგრამების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია
140 000 ლარი, შესაძლებლობა რომ ყოფილიყო ამ მიმართულებით მეტიც უნდა გამოყოფილიყო, მაგრამ ამ სახსრების ხარჯვა უნდა განხორციელდეს წინასწარ მთელ წელიწადზე გაწერილი მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად. თითოეულ ღონისძიებაზე უნდა შედგეს ხარჯთაღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მოხდეს დაფინანსების გამოყოფა. თუ ეს ასე არ გაკეთდება საგადასახადო ორგანოების მიერ ინსტიტუტის ადმინისტრაციას შეექმნება სერიოზული პრობლემები.
გამომცემლობასთან დაკავშირებით კი მიმაჩნია, რომ, გამომცემელი სტამბა კი არ უნდა დავაფინანსოთ, არამედ წიგნების გამოცემა. რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, აქაც საჭიროა პროგრამული მიდგომა.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ რაც შეეხება საბიბლიოთეკო საბჭოს, მე თანამეინახე ვარ. სტამბა აკეთებს სტუ-ს წიგნებს. სტუ წიგნებს აღარ აფინანსებს, რადგან ისინი ავტორების მიერ იყიდება. ისინი უნდა დაიბეჭდოს ავტორის ან სპონსორის ხარჯზე. "თიბისი ბანკი" თანახმაა გადაიხადოს ფული, თუ ჩათვლის რომ წიგნი აუცილებელია სტუდენტებისთვის.
რაც შეეხება სპორტულ ღონისძიებებს არის პროგრამები, რაც უნდა იყოს წარმოდგენილი. მაგალითად: სტუდენტური თვითმართველობა გეგმავდა სემინარს ბაკურიანში, მაგრამ ვერ შედგა ზვავის გამო. მონიტორინგს ვერ განვახორციელებთ, რადგან ხან ზვავია, ხან წვიმა და კონცერტი ჩაიშალა. ანგარიშები უნდა წარმოადგინონ. ისინი გასწორდება ბუღალტრულად.
პროფ. მარინა ქურდაძე _ კარგი იქნება თუ ყოვეკვარტლურად ადმინისტრაციის ხელმძღვანელისაგან მივიღებთ ანგარიშს.
სპიკერი, პროფ. ეკატერინე თევზაძე _ შემდეგ სხდომაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი იქნება 2007 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. ეს, რა თქმა უნდა ქ-ნ ქეთევან ქოქრაშვილთანაა შეთანხმებული.
გადავიდეთ დღის წესრიგის მე-6 საკითხზე: სტუ-ს "გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში", შექმნილი საბიუჯეტო დაფინანსებით მომუშავე "გეოეკოლოგიური მონიტორინგის" განყოფილების დამტკიცება (მომხსენებელი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფ. ნოდარ ფოფორაძე);
პროფ. ნოდარ ფოფორაძე _ გასული წლის დეკემბერში (07.12.07. ¹1249) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად მოხდა მ. ჩხეიძის სახელობის სტანდარტიზაციისა და მეტეოროლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტის ლიკვიდაცია (ოქმი ¹3, 28.12.07), ლიკვიდაციამდე ინსტიტუტს ჩამოერთვა სასწავლო ფუნქცია და დარჩა მცირერიცხოვანი ჯგუფი გეოეკოლოგიური სამუშაოების შესასრულებლად, რადგანაც იმ პერიოდში განხორციელდა საქსტანდარტის რეორგანიზაცია, ეს უკანასკნელი გაიყო ორ უწყებად: 1. "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი", რომლის ფუნქციებია ტესტირების და ლაბორატორიების აკრედიტაცია, 2. "სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტის და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო", რომლის ფუნქციებია - გამზომი საშუალებების დამიწება, სტანდარტების დამტკიცება და კვალიფიკაციის ამაღლება. სწორედ კვალიფიკაციის ამაღლების ფუნქცია ჩამოერთვა ყოფილ სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტს. ინსტიტუტში დარჩენილია სამი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობდნენ საბიუჯეტო-სამეცნიერო თემაზე "მდინარეების და ჩამდინარე წყლების ეკოლოგიური მდგომარეობა ტოქსიკური მეტალებისა და სხვადასხვა ნივთიერებების თვალსაზრისით", ისინი საბიუჯეტო დაფინანსებით გადმოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამეცნიერო თემატიკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე არსებულ "გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში" შეიქმნას საბიუჯეტო დაფინანსებით გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილება, რაც აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა და რაზეც მის ოქმშია მითითებული.
ასეთი სამეცნიერო ჯგუფების ინტეგრაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხელს შეუწყობს ბაზური დაფინანსებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ დაამტკიცოთ სტუ-ში გადმოსული თანამშრომლები შემდეგ თანამდებობებზე შესაბამისი სახელფასო განაკვეთებით:
· აბზიანიძე დიმიტრი ვასილის ძე _ განყოფილების გამგე მთელ განაკვეთზე _ 510 ლარი თვეში;
· დვალი მურადი სეითის ძე _ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი მთელ განაკვეთზე _ 460 ლარი თვეში;
· მესხიშვილი თამარი ნოდარის ასული _ მეცნიერ მუშაკი მთელ განაკვეთზე _ 400 ლარი თვეში.
სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გთხოვთ ხელის აწევით დაგვიდასტუროთ გსურთ თუ არა, რომ სტუ-ში შეიქმნას "გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილება" და დავამტკიცოთ ამ თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთები.
საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ საკითხს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N4
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამტკიცდა სტუ-ს "გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკურ ცენტრში", საბიუჯეტო დაფინანსებით მომუშავე "გეოეკოლოგიური მონიტორინგის" განყოფილების შექმნა და სამი თანამშრომლის სახელფასო განაკვეთების დამტკიცება წარმოდგენილი სახით:
· აბზიანიძე დიმიტრი ვასილის ძე _ განყოფილების გამგე მთელ განაკვეთზე _ 510 ლარი თვეში;
· დვალი მურადი სეითის ძე _ უფროსი მეცნიერ თანამშრომელი მთელ განაკვეთზე _ 460 ლარი თვეში;
· მესხიშვილი თამარი ნოდარის ასული _ მეცნიერ მუშაკი მთელ განაკვეთზე _ 400 ლარი თვეში.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ (რეპლიკა) ბიზნეს სკოლასთან დაკავშირებით დავაყენოთ საკითხი. რამდენ ხანში დაფარავს ვალს? თანხა შეადგენს 300 000 ლარს. დავსვათ საკითხი _ გადაიხდის თუ არა აღნიშნულ თანხას სამი თვის ვადაში?
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ხვალვე შევხვდები ბატონ შენგელიას და მის მოადგილეს და მოვახსენებ, რომ გადაწყვიტონ გადახდის პრობლემა.
სპიკერი _ გადავიდეთ მიმდინარე საკითხებზე:
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მინდა ინფორმაციის სახით მოგახსენოთ და თუ თქვენ ჩათვლით, რომ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება, გადავწყვიტოთ.
სტუ იყო პარტნიორი ერთ-ერთ მედიასთან, კერძოდ რადიო FM 103,9 რომელიც განთავსებული იყო VIII კორპუსის ფარგლებში. ჩვენი შენატანი იყო 5%, რომელიც წარმოადგენდა 150 ლარს. რადგან ჩვენი წილი ძალიან მცირეა, ვფიქრობ ჩვენთვის გამოსვლა იქნება უპრიანი და თუ თქვენი თანხმობაც იქნება, გამოვიტანოთ ჩვენი წილი.
პროფ. ვახტანგ დათაშვილი _ იქნეს დავრჩეთ და გამოვიყენოთ ჩვენი რეკლამისათვის.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ცხადია ჩვენთვის ყველანაირი სიხშირე და მედია საჭიროა, თუმცაღა იქ დარჩენის შემთხვევაში თანხა იქნება გადასახდელი.
პროფ. ჯემალ ბერიძე _ მათ ანტენა უნდა მოხსნან თუ დარჩება?
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ისინი ამაში ფულს იხდიან. ჩვენ კი ამ პუნქტისთვის ბიუჯეტში არანაირი შენატანი არ გვაქვს გათვალისწინებული.
პროფ. დავით ჯაფარიძე _ ვთხოვოთ კავშირგაბმულობის სპეციალისტებს გააკეთონ დასკვნა, რამდენად მიზანშეწონილია მათთან ურთიერთობა.
პროფ. გენადი იაშვილი _ ეს სიხშირე მისცეს არა ვინმეს, არამედ სტუ-ს. ბატონი ჯემალი მაგის სპეციალისტია და ვთხოვოთ დასკვნა.
სპიკერი, პროფ. ეკატერინე თევზაძე _ შემდეგი სხდომისთვის ბატონო ჯემალ მოამზადეთ დასკვნა. ვფიქრობ საკითხი უნდა იქნეს შესწავლილი და შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. არის წინადადება შეიქმნას ამ საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია.
სხდომის სპიკერმა წარმოდგენილ საკითხს უყარა კენჭი. მომხრე 66, წინააღმდეგი- 5, თავი არავის შეუკავებია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს
2008 წლის 22 თებერვლის სხდომის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N5
დაევალოს ახლადშექმნილ კომისიას შეისწავლოს საკითხი და წარმოუდგინოს დასკვნა წარმომადგენლობით საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად მის უახლოეს სხდომაზე
სხდომაზე დასახელდა კომისიის წევრების გვარები და შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. პროფ. ჯემალ ბერიძე - თავმჯდომარე; 2. პროფ. გენადი იაშვილი; 3. პროფ. მარინა ქურდაძე; 4. პროფ. ვანო ჭიაურელი; 5. პროფ. ვანო შავთვალიშვილი; 6. პროფ. ჯანო ხუნწარია 7. სტუდენტი - თეიმურაზ დუნდუა; 8. სტუდენტი - თენგო ჯანგულაშვილი; 9. სტუდენტი - ნიკოლოზ გაგნიძე.
სპიკერმა, პროფ. ეკატერინე თევზაძემ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს აუწყა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა, საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა სხდომაში მონაწილეობისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
წარმომადგენლობითი საბჭოს
სპიკერი, პროფესორი /ეკატერინე თევზაძე/
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი /გინა გურეშიძე/
|