წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა N3
დღის წესრიგი:
1. ცვლილებები საბჭოს შემადგენლობაში.
მომხსენებელი პროფ. ანზორ შავგულიძე (სტუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე);
2. სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის დამტკიცება.
მომხსენებელი პროფ. ანზორ შავგულიძე (სტუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე);
3. წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის განხილვა.
მომხსენებელი პროფ. ჯემალ ბერიძე (სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე);
4. ინფორმაცია სტუ-ს წესდების შემმუშავებელი კომისიის მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი პროფ. მარინა ქურდაძე (სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წესდების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარე);
5. მიმდინარე საკითხები.
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა ¹3 ჩატარდება
2007 წლის 9 თებერვალს, 11 საათზე
სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 9 თებერვლის სხდომის
ოქმი N3
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომას სიითი შემადგენლობის 74 წევრიდან ესწრებოდა 70. სხდომას უძღვებოდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი პროფ. ეკატერინე თევზაძე.
სხდომამ მოისმინა პროფ. ე. თევზაძის მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგი (იხ. დანართი). საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი დღის წესრიგს. იმის გამო, რომ სამდივნო ჯერ არ არის დამტკიცებული, აირჩიეს სხდომის მდივანი. სხდომის მდივნად საბჭომ ღია კენჭისყრით ერთხმად აირჩია სტუ-ს ასოცირებული პროფესორი გინა გურეშიძე.
სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგის თანახმად სიტყვა გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პროფ. ანზორ შავგულიძეს.
საბჭოს წევრებმა მოისმინეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან შეახსენა საბჭოს წევრებს, რომ საქართველოს კანონის «უმაღლესი განათლების შესახებ» მე-17 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი როინ იმედაძე და ინფორმატიკის ფაკულტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩხაიძე არჩეულ იქნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებად შესაბამის ფაკულტეტებზე, რის გამოც განთავისუფლდნენ საბჭოს წევრობიდან.
პროფ. ანზორ შავგულიძე _ საქართველოს კანონის «უმაღლესი განათლების შესახებ» მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, პროფესორ ნიკოლოზ ჩხაიძის ნაცვლად ინფორმატიკის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში შევიდა პროფესორი ალექსანდრე ბენაშვილი. გარდა ამისა, ირინა ბადაგაძე და გია იოსებაშვილი, საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტიდან, განთავისუფლებულნი იქნენ საბჭოს შემადგენლობიდან, რადგან მათ ადმინისტრაციული თანამდებობები დაიკავეს. გამოცხადდა კონკურსი ამ ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, თუმცა ფაკულტეტს კანდიდატურები არ წამოუყენებია, ამიტომ, საბჭოს შემადგენლობა შემცირდა 2 კაცით. სამშენებლო ფაკულტეტზე კი უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის (პროფ. როინ იმედაძე) შემდეგ ხმების თანაბარი რაოდენობა (7 ხმა) ჰქონდა 3 კანდიდატს. ამის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, თუმცა, პასუხი სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით (თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სამი კანდიდატიდან უფლებამონაცვლე პირის განსაზღვრა) ჯერ არ უცნობებია. ასევე, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტმა ბადრი შუბლაძემ საკუთარი სურვილით დატოვა წარმომადგენლობითი საბჭო, მისი ადგილი კი დაიკავა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დოქტორანტმა ლევან ჯაფარიძემ, რომელიც სიით იყო შემდეგი კანდიდატი. საავიაციო ფაკულტეტი კი გავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობიდან, შესაბამისად წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს ამ ფაკულტეტიდან (სრული პროფესორი გივი ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი ია ხარაზი) შეუწყდათ უფლებამოსილება. საბჭოს შემადგენლობაში დარჩა 74 წევრი.
კითხვას სვამს სტუდენტი ამირან კაცაძე _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შედის თუ არა ადმინისტრაციულ თანმადებობაში?
კითხვას პასუხობს პროფ. ანზორ შავგულიძე _ საქართველოს კანონი «უმაღლესი განათლების შესახებ» მე-40 მუხლის პირველ პუნქტში განმარტავს, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის დეკანი, მათი მოადგილეები. ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალს მიეკუთვნებიან საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმინობისათვის აუცილებელი პირები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კი შეყვანილია საშტატო ნუსხაში, ესეიგი მასში მომუშავე პირები წარმოადგენენ დამხმარე პერსონალს; ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტი კი განმარტავს, რომ წარმომადგენლობით საბჭოში არ შეიძლება არჩეულ იქნენ დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები.
კითხვას სვამს პროფ. ნოდარ ქაჯაია _ თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს აუცილებლად უნდა ეკავოს აკადემიური თანამდებობა (გარდა სტუდენტებისა), მაგრამ კანონში აღნიშნულია, რომ საბჭოს წევრი შეიძლება იყოს კურსდამთავრებული და საზოგადოების წარმომადგენელი.
კითხვას პასუხობს პროფ. ანზორ შავგულიძე _ არა, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს აუცილებლად უნდა ეკავოს აკადემიური თანამდებობა.
კითხვა-პასუხის დამთავრების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მიმართა საბჭოს წევრებს:
პროფ. ე. თევზაძე _ კენჭი ვუყაროთ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დოქტორანტის ლევან ჯაფარიძის (სტუდენტთა კვოტიდან) და ალექსანდრე ბენაშვილის (ლექტორთა კვოტიდან) უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
გთხოვთ, ხელის აწევით დაადასტუროთ.
წინააღმდეგი ხომ არავინ არის? _ ასეთები არ არიან.
თავი ხომ არავინ შეიკავა? – ასეთები არ არიან.
გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად, გმადლობთ.
ახალ წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სპიკერმა ეკატერინე თევზაძემ სხდომის წევრებს შეახსენა დღის წესრიგის მეორე საკითხი – სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება, რის შემდეგაც საბჭოს კვლავ პროფ. ანზორ შავგულიძემ მიმართა.
პროფ. ანზორ შავგულიძე _ როგორც მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო სფეროს კურირებს რექტორი, ხოლო სხვა დანარჩენს (ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ, სამეურნეო და სხვა საკითხებს) კი – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი). 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევის პროცესი. ამ თანამდებობის დასაკავებლად სტუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადება შემოიტანა ორმა კანდიდატმა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამეურნეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა და სტუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ზურაბ ვაშაკიძემ. ზურაბ ვაშაკიძის პროგრამა დადებითად შეფასდა, თუმცა ფარული კენჭისყრით ხმათა სრული უმრავლესობით სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი აირჩია.
სტუ-ს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს, წარმოედგინა საკუთარი სამოქმედო პროგრამა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანმადებობაზე არჩევის შემთხვევაში.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ჩემს პირად სამოქმედო გეგმასთან ერთად, მოგახსენებთ იმას, თუ რა გაკეთდა უახლოეს წარსულში, ანუ მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, საფინანსო-ეკონომიკურ და სამეურნეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსად და იმას, თუ რა კეთდება დღეს.
მოგეხსენებათ, სულ ახლახან დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის საწავლო კორპუსებში გათბობის სისტემის დამონტაჟება. VI კორპუსში ეს პროცესი ფინალურ ეტაპზეა. უახლოეს მომავალში კი ანალოგიური სამუშაოები III და IV კორპუსებშიც დაიწყება. სრულად იცვლება კარ-ფანჯრები I, III, IV, VI და VIII კორპუსებში.
მიმდინარეობს ძირითად საშუალებათა ინვენტარიზაცია, კორპუსებს ვანთავისუფლებთ მწყობრიდან გამოსული სისტემებისა და აპარატურისგან. უახლოეს მომავალში დასრულდება იმ ფართების გადმოცემა, რომელიც უზუფრუქტით არ იყო ტექნიკურ უნივერსიტეტისათვის გადმოცემული, ასევე დაგვიბრუნდება შახტა-ლაბორატორია, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია შეთანხმება. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ მოიჯარეებთან, რომელთაც ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იჯარით აქვთ აღებული გარკვეული ფართები და მათი საიჯარო თანხა სავარაუდოდ 5-6-ჯერ გაიზრდება.
მოსალოდნელია სტუდენტთათვის სტიპენდიების ზრდა ორ ეტაპად. შედგენილია ახალი საშტატო განრიგი. მოხდება ხელფასების ზრდა ასევე ორ ეტაპად 20-60 %-ის ფარგლებში.
გაუქმდა დიპლომის გადასახადი, რომელიც ცხრა ლარს შეადგენდა, თანამშრომელთა მოწმობები გაიცემა უფასოდ.
დაწყებულია მოლაპარაკება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბიბლიოთეკასთან, უახლოეს მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკადემიას შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც აკადემიის ბიბლიოთეკის ფონდი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.
I კორპუსში მდებარე მუზეუმი გადმოგვეცემა სარგებლობის უფლებით და იქ გაკეთდება უახლესი სტანდარტების კომპიუტერული ცენტრი. ასეთივე ცენტრი გაკეთდება VI კორპუსშიც. მწვავედ დაისვა სტუ-ს პოლიკლინიკის საკითხი, ის გადავა X კორპუსში, რამდენიმე დღის წინ პირადად მოვინახულე ეს ტერიტორია და გარწმუნებთ, რომ მისი ამ ადგილას განთავსება ბევრად უკეთესს გახდის მის ფუნქციონირებას, ვიდრე ეს დღემდე იყო.
ფასიან სექტორზე მყოფი სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან უნივერსიტეტის გარეთ, ბანკში. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ბანკთან, საბოლოოდ ხელშეკრულებას მასთან გავაფორმებთ, ვინც ყველაზე საუკეთესო პირობებს შემოგვთავაზებს. ისინი ასევე გვპირდებიან სტუდენტების დასაქმებას, მათ წაყვანას სტაჟიორებად და თანამშრომლებად.
უნდა მოხდეს IX კორპუსის სრული რეაბილიტაცია, ეს პროცესი გაზაფხულის ბოლოს დაიწყება. აქ განთავსდება უახლესი მოთხოვნების შესაბამისი ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და მუზეუმი.
პროფ. ქეთევან ქოქრაშვილს, სამოქმედო პროგრამის წარმოდგენის შემდეგ, კითხვებით მიმართეს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა:
კითხვას სვამს პროფ. ზურაბ გედენიძე _ იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში I კორპუსში გათბობის სისტემის დამონტაჟება?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მიმდინარე წელს I სასწავლო კორპუსში გათბობის სისტემის დამონტაჟება არ იგეგმება. ამ კორპუსის გათბობა ძალიან დიდ პრობლემებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული. წლევანდელი ბიუჯეტით კი ამ თანხების მობილიზება ვერ მოხერხდება.
კითხვას სვამს პროფ. დავით ჯაფარიძე _ მიმდინარეობს თუ არა VI სასწავლო კორპუსში გათბობის სისტემის დამონტაჟების მონიტორინგი და რა ძირითადი ფონდები მოქმედებს დღესდღეობით?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ ფირმას, რომელიც აწარმოებს გათბობის სისტემის დამონტაჟებას, არჩევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რადგან ეს სამუშაოები სწორედ სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება. ჩვენ გამოვყოფთ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ სამუშაოების მიმდინარეობას. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ანუ ჩვენ ხელთ არსებულ ფონდებს, მოგახსენებთ, რომ ჩვენ აღარ ვფლობთ V კორპუსს და ჩვენზე მომაგრებული რამდენიმე შენობის ნაწილს. უზუფრუქტით გადმოგვეცა X კორპუსის I სართული და I კორპუსში მდებარე რესტორან «ორიენტის» ტერიტორია. კ. გამსახურდიას გამზირზე მდებარე საერთო საცხოვრებელი ჩვენი აღარ არის. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ კონკურსი კვების პროდუქტების ფართების იჯარით გაცემის მიზნით ამავე დანიშნულების ობიექტების გახსნისათვის.
კითხვას სვამს პროფ. აგული სოხაძე _ დავიბრუნებთ თუ არა I კორპუსის საცურაო აუზს?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ I კორპუსის საცურაო აუზი არ არის ჩვენზე მომაგრებული.
კითხვას სვამს პროფ. ჯუმბერ იოსებიძე _ იყიდება თუ არა ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი და რა მდგომარეობაა დეკანატებში საშტატო ერთეულებთან დაკავშირებით?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის გაყიდვასთან დაკავშირებით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, დეკანატებში აუცილებლად იქნება შემდეგი საშტატო ერთეულები: დეკანებისა და მათი მოადგილეების, მდივნების, ბიბლიოთეკარებისა და არქივარიუსების.
კითხვას სვამს პროფ. სერგო დადუნაშვილი _ თუ არის დაგეგმილი ლაბორატორიების ტექნიკური გადაიარაღება?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ დიახ, ეს პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება.
კითხვას სვამს პროფ. ივანე შავთვალიშვილი _ მოგეხსენებათ, აუდიტორიებში ძალზე მოუგვარებელია დაფების საკითხი, აპირებთ თუ არა ამ პრობლემის აღმოფხვრას?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ 2006/2007 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე ეს პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა მოქმედ აუდიტორიაში.
კითხვას სვამს პროფ. იგორ კვესელავა _ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ თუ არა ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვა სასწავლებლების არსებობა? მხედველობაში მაქვს VI სასწავლო კორპუსში მდებარე კავკასიის უნივერსიტეტი. იქნებ ის მაინც მოხერხდეს, რომ ამ სასწავლებლებში მოხდეს ჩვენი პროფესორების დასაქმება.
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ პირადად მე არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორიზე არსებობდეს ისეთი დაწესებულება, რომელიც იმავე მიზანს ემსახურება, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი, ამასთან, ის თანხა, რაც დაწესებულია VI კორპუსში ამ ფართის იჯარით აღებისათვის, საკმაო შემოსავალს ჰმატებს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს. რაც შეეხება მასში ჩვენი პროფესორების დასაქმებას, კავკასიის უნივერსიტეტი კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ყველასგან დამოუკიდებლად და ავტონომიურად წყვეტს პროფესორ-მასწავლებელთა მიღების საკითხს.
კითხვას სვამს პროფ. ლადო ხოჭოლავა _ რა ხდება აკრედიტაციასთან დაკავშირებით? რა ბედი ელით იმ პროფესორ-მასწავლებლებს, ვინც I კურსის სტუდენტებს უკითხავენ ლექციებს, იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება სტუდენტტების მიღება ჩვენს უნივერსიტეტს 2007/2008 სასწავლო წელს?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ მუშაობას ასრულებს სპეციალური კომისია, რომელიც სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ მცირე ხანში აღუდგება აკრედიტაცია. იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთაც დატვირთვა არ ექნებათ უნივერსიტეტში, ჩვენ, რასაკვირველია, თანხას ვერ გადავუხდით, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, დავასაქმოთ ისინი სხვა კუთხით ჩვენივე უნივერსიტეტში, თუნდაც პროფესიული გადამზადების ცენტრში, რომელიც სულ მალე შეიქმნება ტექნიკურ უნივერსიტეტში.
კითხვას სვამს პროფ. ბადურ ჭუნაშვილი _ ლაბორანტები თუ არიან გათვალისწინებულნი ახალ საშტატო განრიგში?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ დიახ, ახალ საშტატო ნუსხაში ლაბორანტთა საშტატო ერთეულები გათვალისწინებულია.
კითხვას სვამს სტუდენტი ბორის გითოლენდია _ ეკლესიის მშენებლობის საკითხი თუ დადგება?
კითხვას პასუხობს პროფ. ქეთევან ქოქრაშვილი _ შევეცდებით, ამ საკითხზეც დავიწყოთ მუშაობა.
კითხვა-პასუხის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილს საკუთარი სამოქმედო გეგმის წარმოდგენისათვის და თხოვნით მიმართა საბჭოს წევრებს, დაეტოვებინათ დარბაზი, რათა ჩატარებულიყო ფარული კენჭისყრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასარჩევად.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა კი ადგილი დაიკავეს პრეზიდიუმში, რის შემდეგაც საბჭოს თითოეული წევრი სიითი რიგითობის მიხედვით შევიდა დარბაზში და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, საარჩევნო ბიულეტენის შევსებითა და მისი დახურულ საარჩევნო ყუთში მოთავსების გზით.
მას შემდეგ, რაც სხდომის ყველა წევრმა გამოხატა თავისი არჩევანი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროფესორ ანზორ შავგულიძის თავმჯდომარეობით დაიწყო შედეგების შეჯამება. ხმების დათვლის შემდეგ გაფორმდა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
საბჭოს წევრებმა დაიკავეს კუთვნილი ადგილი სხდომათა დარბაზში. სპიკერმა ეკატერინე თევზაძემ თხოვნით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს პროფესორ ანზორ შავგულიძეს, საბჭოს წევრებისათვის გაეცნო ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.
პროფ. ანზორ შავგულიძე _ წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 9 თებერვლის ¹3 სხდომას მისი სიითი შემადგენლობის 74 წევრიდან ესწრებოდა 70. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასცა 70 ბიულეტენი. არჩევნების შედეგები ასეთია: მომხრე – 55, წინააღმდეგი _ 12, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.
გადაწყვეტილება მიღებულია. ქალბატონი ქეთევან ქოქრაშვილი არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამადებობაზე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პროფესორ ანზორ შავგულიძის მიერ საბჭოს წევრებისათვის არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაცნობის შემდეგ, სპიკერმა ეკატერინე თევზაძემ გამოაცხადა დღის წესრიგის მესამე საკითხი (სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის განხილვა).
პროფ. ეკატერინე თევზაძე _ დღეს სხდომის დაწყებამდე სტუ-ს სტუდენტტურმა თვითმმართველობამ წარმოადგინა წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც საჭიროებს განხილვას და შეჯერებას ჩვენ მიერ მომზადებულ რეგლამენტის პროექტთან, რის შემდეგაც უნდა მოხდეს მისი განხილვა, ამიტომ დღის წესრიგის მესამე საკითხი გადავიტანოთ შემდეგი სხდომისთვის.
სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტის შემმუშავებელი კომიისის თავმჯდომარემ პროფესორმა ჯემალ ბერიძემ თხოვნით მიმართა საბჭოს წევრებს, რეგლამენტთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წერილობითი ფორმით მიწოდებასთან დაკავშირებით.
პროფ. ეკატერინე თევზაძე _ გადავდივართ დღის წესრიგის მე-4 საკითხზე (ინფორმაცია სტუ-ს წესდების შემმუშავებელი კომისიის მუშაობის შესახებ). ვთხოვ, სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს წესდების შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარეს, პროფესორ მარინა ქურდაძეს მოგვაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული კომისიის მუშაობის შესახებ.
პროფ. მარინე ქურდაძე _ წესდების შემმუშავებელი კომისია იკრიბება ყოველდღიურად, განსაზღვრული გვაქვს სამუშაო საკითხები. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კავშირის წარმომადგენლებთან.
მიმდინარე საკითხად სხდომის თავმჯდომარემ დაასახელა სტუ-ს პროფკავშირის თავმჯდომარის პროფ. ივანე თვალავაძისა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის პროფ. ნუგზარ წერეთლის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბ-ნ ნოდარ გრიგალაშვილთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკრედიტაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, სხდომის წევრების ამ საკითხში უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, მან სიტყვა გადასცა სტუ-ს პროფკავშირის თავმჯდომარეს პროფ. ივანე თვალავაძეს.
პროფ. ივანე თვალავაძე _ მოგეხსენებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 230-მა პროფესორ-მასწავლებლმა უახლოეს წარსულში შეიმუშავა წერილობითი მიმართვა საქართველოს პარლამენტის ბიუროსადმი, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტისათვის აკრედიტაციის შეჩერებას ეხებოდა. პარლამენტის ბიურომ აღნიშნული საკითხი განსახილველად გადასცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნოდარ გრიგალაშვილს. მე და ბატონ ნუგზარ წერეთელს გვქონდა შეხვედრა კომიტეტის წევრებთან და თვით ბატონ ნოდარ გრიგალაშვილთანაც, ისინი დაგვპირდნენ დახმარებას. სულ ახლახან გავაგზავნეთ იგივე სახის წერილობითი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიბარეს ბატონონი ნუგზარ წერეთელი. ამ შეხვედრის შემდეგ (მომდევნო დღეს) ნოდარ გრიგალაშვილმა გააკეთა ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ აკრედიტაციის ვერ გავლის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის მისაღებად განაცხადის ხელმეორედ წარდგენის ერთწლიანი ვადა შესაძლოა გაუქმდეს და აკრედიტაციაშეჩერებულ უნივერსიტეტს, მასში არსებული იმ პრობლემების აღმოფხვრის შემდეგ, რამაც განაპირობა მისთვის აკრედიტაციის შეჩერება, ნებისმიერ დროს თავისუფლად შეეძლოს განაცხადის შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტეტისათვის აკრედიტაციის აღდგენის თხოვნით. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ ყოველივე ეს დადებითად აისახება ტექნიკურ უნივერსიტეტზე და აკრედიტაციას მალევე დავიბრუნებთ.
სტუ-ს პროფკავშირის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, პროფ. ეკატერინე თევზაძემ საბჭოს წევრებს აუწყა, რომ ამოიწურა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი, მადლობა გადაუხადა მათ მობრძანებისთვის და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი,
პროფესორი /ეკატერინე თევზაძე/
სხდომის მდივანი,
ასოცირებული პროფესორი /გინა გურეშიძე/
09.02.2007.
|