გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართეს

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში შეხვედრა გამართეს

21-04-2020
2020 წლის 18 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის აპლიკაციის გამოყენებით, შეხვედრა გამართეს.

ონლაინ შეხვედრას სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანზორ აბშილავა, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი შალვა კელეპტრიშვილი დაესწრნენ.

პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ,  ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხო ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა „გეოლოგიის“ სილაბუსებისა და შესაბამისი ლიტერატურისა და დოკუმენტების მომზადებისა და სრულყოფის საკითხებს.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშლავამ თანამშრომელთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას, ასევე შუალედურ გამოცდებსა და საბაკალავრო და სამაგისტრო ნამუშევრების შესრულებას უკავშირდებოდა.

პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ დოქტორანტის, ე. მაღრაძის წინასწარი დაცვისათვის მზადყოფნის შესახებ ისაუბრა, რომელიც ახლო მომავალში ონლაინფორმატით გაიმართება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მნიშვნელოვან სასწავლო და სამეცნიერო საკითხებთან დაკავშირებული მსგავსი შეხვედრები დეპარტამენტის თანამშრომლებთან კვირაში ერთხელ გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ასეთივე ფორმატით წარიმართება სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის გეოლოგიის დარგობრივი კომისიის სხდომაც.

 

სიახლეებში დაბრუნება