ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტმა გლოგალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტმა გლოგალურ ფორუმში მონაწილეობა მიიღო

11-06-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტმა ჩინეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის (CASS) მიერ ორგანიზებულ გლობალურ ონლაინ ფორუმში - „საერთაშორისო თანამშრომლობა COVID-19-ის წინააღმდეგ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“  მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, გლობალური ფორუმის მუშაობაში ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯემალ ფუტკარაძე იყო ჩართული. საქართველოს მხრიდან ფორუმში ასევე მონაწილეობდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, საპატიო სტუმრის სტატუსით კი - საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი ლიდერები, მათ შორის: იაპონიის, ავსტრალიის, ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრები; ხორვატიის, ყირგიზეთის, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტები, გაეროს ექსგენერალური მდივანი პან გი მუნი და სხვა ოფიციალური პირები.

აღნიშნული გლობალური ღონისძიების მიზანი მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით საერთაშორსო თანამშრომლობის გაძლიერება, თანამედროვე გამოწვევების ანალიზი და პოსტპანდემიის პერიოდში მსოფლიოს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად შესაბამისი პოლიტიკისა და ღონიძიებების მიმოხილვა. ფორუმმა COVID პანდემიის  წინააღმდეგ ბრძოლისათვის გლობალური თანამშრომლობისა და საერთო მომავლის გლობალური საზოგადოების შექმნის მიზნით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართვა გაუგზავნა.  

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი პანელურ დისკუსიებს დაეთმო. აღნიშნულ ფორმატში გაკეთებული მოხსენებით მან ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშრებული გამოწვევები განიხილა. 

„COVID-19-მა დაგვანახა საზოგადოებაში არსებული სუსტი წერტილები, რომლის აღმოსაფხვრელად მსოფლიო თანამეგობრობამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა შექმნას ჯანმრთელობისა და მსოფლიო ეკონომიკის დაცვის ისეთი მექანიზმი, რომელიც გაუძლებს დროსა და სივრცეს, ამასთან, ნათელ მომავალს შეუქმნის მსოფლიოს ყვეალ ქვეყანას. ახალი სამთავრობო რეგულაციები ეკონომიკის სტაბილიზაციის გარანტი უნდა გახდეს. ამ პროცესში კი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდაა აუცილებელი“, - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ თავის გამოსვლაში.

ფორუმში მონაწილე სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჯემალ ფუტკარაძემ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ლი იანთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან - არჩილ კალანდიასთან აქტიური კომუნიკაცია წარმოებს იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოსა და ჩინეთს შორის მეცნიერებისა და კვლევის მიმართულების მნიშვნელოვან ცენტრად იქცეს.

 

სიახლეებში დაბრუნება