ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსები მსოფლიოს უდიდეს LBNF/DUNE -ექსპერიმენტში ჩაერთნენ

ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსები მსოფლიოს უდიდეს LBNF/DUNE -ექსპერიმენტში ჩაერთნენ

17-06-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფი, პირველი საქართველოდან, ამერიკელი კოლეგების მიწვევით, ოფიციალურად გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი LBNF/DUNE ექსპერიმენტის წევრი. ექსპერიმენტი, რომელიც ნეიტრინოს ფიზიკის შესწავლას ეძღვნება, აშშ-ში, ჩიკაგოს მიმდებარედ, უდიდეს ბირთვულ კვლევების ცენტრ Fermilab-ში რეალიზდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ამერიკული მხარის მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის Fermilab-ის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინულ ექსპერიმენტში (LBNF/DUNE) ჩართვა მათი მაღალი კვალიფიკაციისა და იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო წარმატებების გათვალისწინებით მოხდა, რაც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და ექსპერიმენტებში კოლაბორაციას უკავშირდება.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აღნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსების მონაწილეობა გლობალურ პროექტში - LBNF/DUNE-ექსპერიმენტში მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოსთვის. ეს ქართველ მეცნიერთა კიდევ ერთი დიდი წარმატებაა და ამასთან ერთად, ძლიერი მოტივაციაა ახალგაზრდა, ნიჭიერი მკვლევრებისთვის. ამით არის განპირობებული,  რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ტექნიკური უნივერსიტეტის LBNF/DUNE-ს კოლაბორაციაში ოფიციალურად გააწევრიანების პროცესში.

„LBNF/DUNE-ექსპერიმენტში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უდავოდ მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია ჩვენთვის. ექსპერიმენტი თავისი მასშტაბით, ტექნოლოგიებითა და მოსალოდნელი შედეგებით უპრეცედენტო და მსოფლიო ლიდერია ნეიტრინოს ოსცილაციის მიმართულებით. გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოში და კერძოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ექსპერიმენტის ხელმძღვანელები (spokespersons) - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი სტეფან სოლდნერ-რემბოლდი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ედვარდ ბლაჩერი და კოლაბორაციის საბჭოს თავჯდომარე, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ჯონ უილსონი. სამუშაო ფორმატში მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული და დაგეგმილი. Fermilab-ის ინტერესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ კი მისმა დირექტორმა, პროფესორმა ნაიჯელ ლოკიერმა გაახმოვანა და სურვილი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში Fermilab-სა და სტუ-ის შორის ხელშეკრულება მომზადდეს. ამჟამად ხელშეკრულების საკითხები თანხმდება“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ არსენ ხვედელიძის ინფორმაციით, Fermilab-ისა და LBNF/DUNE-კოლაბორაციის დაინტერესება ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფით დიდწილად განაპირობა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობამ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ისეთ უდიდეს სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK).

„ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტმა, თავისი სამეცნიერო საქმიანობის მოცულობის, ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მხრივ, უკვე მოიპოვა საერთაშორისო ხილვადობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ის კონკურენტუნარიანია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განვითარებაში. ჩვენი მეცნიერები წარმატებით გამოდიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებზე, თემატურ სამუშაო შეხვედრებზე, ვართ უმაღლესი რეიტინგის საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული 900-მდე სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორები. რაც მთავარია, ჩვენი ინსტიტუტი მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო კოლაბორაციების წევრია. ჩვენი ფიზიკოსები მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტებში, როგორიცაა CERN-ის, CMS-ექსპერიმენტი LHC-კოლაიდერზე. იქმნება ახალი ტექნიკა - უნივერსალური დეტექტორი (HGCAL), რომლის მსგავსი მსოფლიოში არასოდეს შექმნილა. ჩვენს მეცნიერებს HGCAL-ის შექმნაში სერიოზული წვლილი შეაქვთ. ასევე უმნიშვნელოვანესია იაპონური KEK-ისა და J-PARC-ის COMET-ექსპერიმენტი. ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები წარმატებით ასრულებენ ამ გლობალურ ექსპერიმენტებში დასახულ ამოცანებს, ამას CMS და COMET ექსპერიმენტების ხელმძღვანელების შეფასება მოწმობს“, - აღნიშნავს არსენ ხვედელიძე.

სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე მსოფლიოს უდიდეს LBNF/DUNE ნეიტრინულ ექსპერიმენტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, აშშ-ის  ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების უდიდეს ცენტრ Fermilab-ში, ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და მის მიერ მოზიდული სოლიდური ინვესტიციების დახმარებით, მიმდინარეობს მზადება ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინული ექსპერიმენტის (Deep Undergraund Neutrino Experiment) განსახორციელებლად, რომელიც თავისი მასშტაბითა და სამეცნიერო თვალსაზრისით, მსოფლიოს უდიდესი საერთაშორისო ექსპერიმენტია.

„LBNF/DUNE-ექსპერიმენტი 2 ნაწილისაგან შედგება. ეს არის უახლოესი - ND (Near Detector) და შორი - FD (Far Detector) დეტექტორების სისტემები. Fermilab-ის მაღალი ინტენსივობის ამაჩქარებლის მეშვეობით იქმნება მეგავატის სიმძლავრის ნეიტრინოების ნაკადი. დაახლოებით 400 მეტრში, ნაკადიდან ND-სისტემის მიერ ხდება ნეიტრინოების სხვადასხვა ტიპების დეტექტირება, შემდეგ კი 1300 კმ-ში, სამხრეთ დაკოტაში FD-სისტემა ახდენს ოსცილაციის შედეგად მიღებული ნეიტრინოების დეტექტირებას. LBNF/DUNE-ექსპერიმენტმა უნდა უპასუხოს ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვას, მათ შორის ერთ-ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას სამყაროს შესაცნობად - რატომ არის ჩვენს სამყაროში ასიმეტრია მატერია-ანტიმატერიას შორის? დიდი აფეთქებისას მატერია-ანტიმატერია თანაბრად შეიქმნა, ახლა კი მატერია დომინირებს. ნეიტრინო-ანტინეიტრინოს ოსცილაციის შესწავლა მოგვცემს დიდ პერსპექტივას ამ ასიმეტრიის კვლევაში. ამასთან, ექსპერიმენტი დაიმზერს არა მხოლოდ ნეიტრინოების, არამედ ანტინეიტრინოების ოსცილაციასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს ზვიად წამალაიძე.

LBNF/DUNE-კოლაბორაციაში, ამჟამად, 35 ქვეყანა, 195 უნივერსიტეტი, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, და დაახლოებით 1800 მეცნიერი ერთიანდება.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი 2014 წელს დაარსდა. ინსტიტუტის კვლევის საგანი ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაა. გარდა ამისა, ის მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თეორიული, ექსპერიმენტული, გამოყენებითი და საინჟინრო ფიზიკა, ასევე, კომპიუტერული მეცნიერებები.


 

სიახლეებში დაბრუნება