საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება

09-07-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტები კამპანია - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულთა შორის არიან.

სტუდენტური კონკურსების ფარგლებში შეირჩნენ და დაჯილდოვდნენ სამი საუკეთესო ესსესა და ორი საუკეთესო კვლევითი პროექტის ავტორები. გარდა ამისა, ათი საუკეთესო ესსე გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე www.aa.ge, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მართავს.

გამარჯვებულთა შორის არიან სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის დოქტორანტები: ზვიად მიხანაშვილი (ესსე - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებით“, ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი ბაღათურია),   და ქეთევან კანდელაკი (ესსე - „ჩემი თბილისის Smart მომავალი”, ხელმძღვანელი - პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი).

გარდა ამისა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტმა თამარ ქურსუამ (ესსე - „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით“, ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი ბაღათურია) მონაწილის სერტიფიკატი მიიღო.

ცნობისთვის: 2020 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წელი შესრულდა. ამ განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტისა (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, კამპანიის დახურვის ცერემონიალი გამართეს, რომლის ფარგლებშიც სტუდენდტებსა და მოსწავლეებს შორს ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში, თამარ მეფის დარბაზში ჩატარდა.

სტუდენტებს სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ვინსენტ რეიმ და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა თომას შრაპელმა. ციფრული საინფორმაციო კამპანია „ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ და მის ფარგლებში ესეებისა და კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით 2020 წლის მაისში დაიწყო.

კონკურსების მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი საქართველოს ევროპული ინტეგრაციითა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიღწევებითა და გამოწვევებით დაინტერესება იყო. აპლიკანტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ონლაინ ლექციებით ცოდნა გაეღრმავებინათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, კარგი მმართველობა, განათლება და მობილობა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და კლიმატი, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სტრატეგიული კომუნიკაცია.

კონკურსზე ასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო კამპანიას სოციალურ ქსელში ორი ათასზე მეტი მომხმარებელი შეუერთდა.


 

სიახლეებში დაბრუნება