საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რექტორის მიმართვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რექტორის მიმართვა

28-09-2020



ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო,

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებელს, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს გახდა სტუდენტი. დღეს თქვენი ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება - საუნივერსიტეტო ცხოვრებისკენ  პირველი ნაბიჯი გადადგით.

პირველკურსელებო, წინ ბევრი წარმატება გელით ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ - თქვენ ააშენებთ საქართველოს მომავალს, შექმნით ახალ ტექნოლოგიებს, ბევრი თქვენგანი ქართული სამეცნიერო და საინჟინრო სკოლის განვითარებაში ღირებულ წვლილს შეიტანს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 2022 წელს, დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველკურსელთა თაობა კი ჩვენი უნივერსიტეტის 98-ე ნაკადია.

მეამაყება თითოეული ჩვენი სტუდენტი. თქვენში ვხედავ არა მარტო მაღალკვალიფიციურ ინჟინრებს, ტექნოლოგებსა და ჰუმანიტარებს, არამედ  - ღირსეულ, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის გარანტორები.

21-ე საუკუნემ ახალი რეალობა მოიტანა. ეს ეხება, როგორც ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე, იმ პრობლემებს, რის გამოც, დღეს, ჩვენ ონლაინ სივრცეში გვიწევს სასწავლო პროცესის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ეს ვითარება დიდხანს არ გასტანს, ერთმანეთს აუდიტორიებში შევხვდებით და თქვენი ხალისიანი სახეები გააცოცხლებს უნივერსიტეტს.

დღევანდელი დროებითი გარემოებები ვერ შეუშლის ხელს სტუდენტსა და პროფესორს შორის ურთიერთობას - ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ და ამ რთულ ვითარებას ღირსეულად გავუმკლავდებით.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებული წლები თქვენი კარიერული წინსვლის, სამეცნიერო პოტენციალის განვითარების წინაპირობა იქნება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი თითოეული თქვენგანის წარმატების საძირკველი გახდება, მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელჩებად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

 

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი


 

სიახლეებში დაბრუნება