საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

26-10-2020



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, კონკურსის ფინალში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალში გასული პროექტები  საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორების - დავით სონღულაშვილისა და თემურ ფიფიას უშუალო ხელმძღვანელობით შექმნეს.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის მეორე ეტაპი, საერთო ჯამში, 11 პროექტმა გადალახა. აქედან საინჟინრო მიმართულებით გასული 9 პროექტიდან, 8 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი.

 

კონკურსის ფინალში საგზურის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობა - კონკურსის მეორე ეტაპზე 40 ან მეტი ქულის მიღება - დააკმაყოფილა  სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებულმა შემდეგმა პროექტებმა: „ქსოვილის მოდიფიცირება კარბინის ნანონაწილაკების შემცველი ელექტროგამტარი კომპაუნდით ვირუსპროტექტორული თვისების მისაღებად“ - 48 ქულა; „რიგის კონტროლის სისტემა“ – 45 ქულა; „პერსპექტიული კომპოზიციური მასალები პირბადეების ანტივირუსული ეფექტურობის გასაზრდელად“ – 42 ქულა; „თვითნაკეტი პორტატული სპექტოგრაფი ფიტოსფეროს ოპერატიული მონიტორინგისათვის“ – 41 ქულა; „დისტანციური დიაგნოსტიკა“ – 40 ქულა; „წყალბადის ავტომატიზირებული გენერატორი პერსპექტიული სათბობური ელემენტისათვის“ – 40 ქულა; „მარკო/ Marco“ – 40 ქულა; „მწვანე საჯაროობა“ – 40 ქულა.

 

მეორე ეტაპზე წარდგენილი პროექტები საკონკურსო კომისიამ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა, როგორიცაა: საკვლევი პრობლემატიკის აქტუალობა, დიზაინი და მეთოდოლოგია, შესრულების ხარისხი, კრეატიულობა, საპრეზენტაციო უნარები.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლეონარდო და ვინჩის“ მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია 2020 წლის  ნოემბერში, საკონკურსო გამოფენაზე გამოავლენს.

 

სიახლეებში დაბრუნება