საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა – ფაკულტეტის ჩართულობა პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პროცედურებში მობილობამდე, მობილობის პერიოდში და მობილობის შემდეგ


2011-2012 წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო გაცვლითი პროექტების განხორციელებაში, რაც მიზნად ისახავს სტუ-ს ცნობადობის გაზრდას, ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობას, საერთაშორისო კავშირების დამყარებას, სწავლა-სწავლებასა და კვლევებში ინოვაციური მეთოდოლოგიებისა და გზამკვლევების შემუშავებასა და დანერგვას, ინოვაციური პედაგოგიკის განვითარებას, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას,  ხელს უწყობს და უზრუნველყოფს რა ინსტიტუციისა და ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი აქტივობებისა და შედეგების მიღწევას.

აღნიშნული პროცესის სათანადოდ წარმართვისათვის მეტად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ფაკულტეტების აქტიური ჩართულობა და ხელშეწყობა. ამასთან დაკავშირებით თავის გამოცდილებას გვიზიარებს სტუ-ს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლალი ხუნწარია:

„ფაკულტეტის ადმინისტრაციის როლი საერთაშორისო პროგრამებში სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობის და ხელშეწყობის  კუთხით მუდმივად აქტიური და მზარდია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება საერთაშორისო მობილობის ვადების შესახებ, ხოლო  დაინტერესებული სტუდენტებისთვის ფაკულტეტის ადმინისტრაციის  მხარდაჭერა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადების და მობილობის დასრულების შემდგომ უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებული შეფასებების აღიარების კუთხით.

სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის პროცესი 3 ძირითად ეტაპად იყოფა: მობილობის განხორციელებამდე (Before the mobility), მობილობის მიმდინარე (During the mobility) და მობილობის დასრულების შემდგომი (After the mobility) პერიოდი. ამ 3 ეტაპის სწორად დაგეგმვა და განხორციელება, სტუდენტის მოტივირებულ ჩართულობასთან ერთად, ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშემწყობ აქტივობებს მოიცავს:

1) სტუდენტისთვის აქტიური სტატუსის შესახებ ცნობის, სასწავლო ბარათის და რეკომენდაციის  მომზადება (ქართულ/ინგლისურ ენებზე);

2) ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ  კონკურსში მონაწილე სტუდენტთან ერთად  გაცვლით სემესტრში მიმღები უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამის  საგნების ნუსხის განხილვა;

3) როგორც მიმღები, ასევე გამშვები ფაკულტეტების შესაბამისი პროგრამების, სილაბუსების  შედარების საფუძველზე (პროცესში რეკომენდირებულია ჩართული იყოს სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი), ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხრიდან მზადდება სასწავლო ხელშეკრულება (Learning Agreement Before the Mobility), რომლის მიხედვითაც სტუდენტს ეძლევა კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა;

4) კონკურსში წარმატების შემთხვევაში, სტუდენტი მიემგზავრება ევროპის უნივერსიტეტში გაცვლით სემესტრში სასწავლებლად. მობილობის პერიოდში სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, მას შესაძლოა დაჭირდეს სასწავლო ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაზეც უკავშირდება სტუს-ში მშობლიურ ფაკულტეტს. სტუდენტი აგზავნის მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან სასწავლო კურსების შემოთავაზებულ ნუსხას. სტუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაცია განმეორებით განიხილავს აღნიშნულ  საკითხს, ამზადებს  ახალ სასწავლო ხელშეკრულებას (Learning agreement During the Mobility) და უგზავნის სტუდენტს ან მიმღებ უნივერსიტეტს/ფაკულტეტს ელ. ფოსტით;

5) მშობლიურ უნივერსიტეტში სტუდენტის დაბრუნების შემდეგ ფაკულტეტი ვალდებულია ჩაიბაროს მის მიერ მობილობის პერიოდში შესწავლილი საგნების და შეფასებების ოფიციალური ნუსხა, დამოწმებული ევროპის უნივერსიტეტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით;

6) საბოლოო ეტაპზე ფააკულტეტის ადმინისტრაცია ანხორციელებს მობილობის დასრულების შემდგომ პროცესს (After the mobility), რომელიც ითვალისწინებს მობილობის შედარების დოკუმენტის მომზადებას, საერთაშორისო მობილობის პერიოდში სტუდენტის მიერ შესწავლილი საგნების და შესაბამისი შეფასებების აღიარებას (სტუდენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით) და გადატანას მის სასწავლო ბარათზე სტუ-ს ელექტრონული სერვისების სისტემაში http://www.vici.gtu.ge/ “.

აღსანიშნავია, რომ პროფ. ლალი ხუნწარია, როგორც ადმინისტრაციული თანამშრომელი, საერთაშორისო მობილობის პროექტების ფარგლებში, თავად იმყოფებოდა 2015 წელს იტალიაში, ტრენტოს უნივერსიტეტში 1 თვით, Erasmus Mundus პროგრამით, ხოლო 2018 წელს Erasmus+ მობილობის პროექტის ფარგლებში – შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში (თურქეთი), სადაც მან მოხსენება გააკეთა სტუ-ს ინტერნაციონალიზაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე და მიღწეულ შედეგებზე.

პროფესორი ლალი ხუნწარია მრავალი წელია, ფაკულტეტზე კოორდინირებს სტუდენტთა ცნობადობის ამაღლებას და  ჩართულობის პროცესს საერთაშორისო გაცვლით პროგრამების მიმართულებით, ეხმარება მათ ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის პერიოდში სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვასა და შედეგების აღიარების დოკუმენტების მოწესრიგებაში და, ამგვარად, მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტს უნივერსიტეტში მობილობის პროექტების  სათანადოდ განხორციელებაში.


Related

მოგვწერეთ