გიორგი ნიკოლაძის მედალი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო „გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი“ დაწესებულია 2022 წლიდან.
ჯილდო გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
გიორგი ნიკოლაძე - მათემატიკოსი, გამომგონებელი, მეტალურგი
გიორგი ნიკოლაძე გახლდათ ცნობილი საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ვაჟი. ის იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, უშრეტი ენერგიის ადამიანი – მათემატიკოსი, გამომგონებელი, მეტალურგი, ტერმინოლოგი, მთამსვლელი და ტანმოვარჯიშე.
1927 წელი
1927 წელს მან შექმნა თეორია – ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომში საფუძვლად დაედო მის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა.
პარიზში ცხოვრების პერიოდში გამოიგონა ელექტრონული არითმომეტრი, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა არსებულისაგან.
გიორგი ნიკოლაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს „ანალიზურ გეომეტრიასა“ და „დიფერენციალურ გეომეტრიაში“. მანვე შექმნა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელოები აღნიშულ დარგში.
გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აღნიშნულ ღუმელზე ჩატარებული ცდების შედეგები კი, მოგვიანებით საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.
გიორგი ნიკოლაძე - ტანმოვარჯიშე, მთამსვლელი, ტერმინოლოგი
დიდია გიორგი ნიკოლაძის წვლილი საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეშიც. 1918 წელს ნიკოლაძემ დააარსა საქართველოში პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება – „შევარდენი“. გამოსცა პირველი ქართული ტანვარჯიშის სახელმძღვანელო და მანვე დაამკვიდრა ტერმინი „ტანვარჯიში“.
ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ალპინისტურ ასვლას მყინვარწვერზე (1923) – ამ ექსპედიციამ, რომელშიც მონაწილეობდა 18 ალპინისტი, მათ შორის 5 ქალი, დასაბამი მისცა ქართულ და საბჭოთა ალპინიზმს.
დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება (1924).
მისი ინიციატივით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში.
აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპორტული ტერმინოლოგიის შექმნაში, შეადგინა და გამოსცა „ტანვარჯიშის სახელსახება“. მის მიერ არის გამოგონებული და ქართულ ენაში დამკვიდრებული შემდეგი სიტყვები: წნევა, დენი, ნათურა, ხრახნი, ტანვარჯიში, მთამსვლელობა, მსაჯი, წრე, ძრავა, სინჯარა, ჯვარედინი….