1962 წელს საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი გაიმართა შვიდკაცა ხელბურთში. ჩემპიონობა მოიპოვა თბილისის „ბურევესტნიკმა“, რომელიც უმთავრესად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებით იყო დაკომპლექტებული. ორი წლის შემდეგ ქართველი ხელბურთელები კვლავ ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, სამჯერ საპრიზო ადგილები დაიკავეს. „გეპეელმა“ ალექსანდრე ანპილოგოვმა 1976 წელს ოლიმპიური, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ალექსანდრე ხუციშვილმა 1968 წელს მსოფლიოს უნივერსიადაში გაიმარჯვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენები
დღეს მსოფლიოს სასპორტო რუკაზე საქართველოს ღირსეული ადგილი უჭირავს – სამართლიანად ამაყობს თავისი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებითა თუ პრიზიორებით.
მათ ნუსხაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი იმ ტიტულიანი სპორტსმენების გვარ-სახელებიც, რომლებმაც სწავლა-განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღეს.
რაგბი
სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა ქართული რაგბი. ჩვენებმა რაგბში ევროპის ჩემპიონატის ტიტული თექვსმეტჯერ მოიპოვეს. სპორტის ამ ვაჟკაცურ სახეობას ბალავერი ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ჩაეყარა, კერძოდ, 1959 წლის 15 ოქტომბერს, როცა ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი ქართული სარაგბო კლუბი დააფუძნა.
ხელბურთი
კიდევ ერთი სასახელო ფურცელი ჩაწერეს ეროვნული სპორტის მატიანეში ჩვენმა ხელბურთელმა ვაჟებმა. 2024 წლის იანვარში მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსინჯეს ძალები და ჯგუფში ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს.
ფარიკაობა
გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მოფარიკავეებმა. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ვეტერანმა მოფარიკავეებმა – იური ოსიპოვმა, მორის სახვაძემ, ზურაბ ცქიტიშვილმა, გურამ ჯაიანმა და გივი ცაგარელმა არჩილ გოგელიასთან ერთად 2012 წელს ააშენეს საერთაშორისო სტანდარტების ფარიკაობის დარბაზი , რომელიც შემდეგ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას გადასცეს.
მთამსვლელობა
ქართული მთამსვლელობის საუკუნოვან ისტორიაში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ალპინიზმის, ტურიზმის, სათხილამურო და მეკლდეურობის სპორტის სექცია მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ჩამოყალიბდა, სადაც ქართველ მთამსვლელთა არაერთი თაობა აღიზარდა.
1999-2000
გამორჩეულთა შორის არიან ბენო ქაშაკაშვილი და ბიძინა გუჯაბიძე. 1999 წლის 12 მაისს ისინი 2 ქართველ მთამსვლელთან (ა. გიგანი, ლ. სარქისოვი) ერთად მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალ ჯომოლუნგმაზე (8848 მ) ავიდნენ. 2000 წელს მათ გ. ოთარაშვილთან ერთად სიმაღლით მსოფლიოს მეოთხე მწვერვალი ლჰოცზე დაიპყრეს.
ოლიმპიური ჩემპიონები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლიანად ამაყობს თავისი აღზრდილი ოლიმპიური ჩემპიონებით.
კახი კახიაშვილი
ძალოსნობაში 1992, 1996, 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი; მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი; მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და დსთ-ის ჩემპიონი; საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი; სპორტის დამსახურებული ოსტატი; ამჟამად საქართველოს ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტი.
რომან რურუა
ქართველი მოჭიდავე (ბერძნულ-რომაული სტილი), მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ტოკიოს 1964 წლის თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ხალხთა სამი სპარტაკიადის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი (1984-1985) და სსრ კავშირის ნაკრების მწვრთნელი (1984-1987), სპორტის დამსახურებული ოსტატი; 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ალექსანდრე ანპილოგოვი
ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1970-1985), გერმანიის „ლანდსჰუტში“ (1987-1992), სსრკ ნაკრებში (1975-1987), არის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1976) და ვერცხლის პრიზიორი (1980), მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიო თასის ორგზის და სსრკ თასის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ზურაბ საკანდელიძე
კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ და სსრ კავშირის ნაკრებში (1965-1973); ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული (1972) და ბრინჯაოს პრიზიორი (1968), მსოფლიოს ჩემპიონი და მესამეადგილოსანი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მესამე პრიზიორი (1967 წელს ჰელსინკიში ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს), სსრ კავშირის თასის მფლობელი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967), სპორტის დამსახურებული ოსტატი; საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1979-1983).
მიხეილ ქორქია
კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის „დინამოსა“ (1965-1979) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-1977). ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972) და მესამე პრიზიორი (1976), ევროპის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელთა გუნდის პრეზიდენტი.
სერგეი კოვალენკო
კალათბურთელი (215 სმ), თამაშობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდ „ბურევესტნიკში“ (1965–1969). აქედან მიიწვიეს სსრკ ნაკრებში და 1968 წელს მეხიკოში ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 1972 წელს, უკვე კიევის „სტროიტელის“ (1969-1975) გუნდის წევრი, მიუნხენში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
მსოფლიოს ჩემპიონები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი მსოფლიო ჩემპიონები ჰყავს.
როსტომ აბაშიძე
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს და საბჭოთა კავშირის სამ-სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული თამაშების გამარჯვებული, ივან პოდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედალოსანი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. 2015 წლის 20 თებერვალს ფალავანთა კლუბის წინ როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ზარბეგ ბერიაშვილი
თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სპორტის ამ სახეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეზიარა, სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის, ასევე, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი; ევროპის ოთხგზის, სსრ კავშირის ექვსგზის და საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი, იაპონიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული.
იური ოსიპოვი
რაპირით მოფარიკავე, სსრ კავშირის ნაკრების წევრი (1955-1964), პირველი „გეპეელი“, რომელმაც 1956 წლის მელბურნის ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა (გუნდური V ადგილი); მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი, მსოფლიოს და სსრკ სტუდენტური თამაშების გუნდური ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი; საკავშირო თასის მფლობელი; საქართველოს ათგზის ჩემპიონი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.
ლუკა მაისურაძე
თავისუფალი სტილით მოჭიდავე. სპორტის ამ სახეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეზიარა, სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის, ასევე, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი; ევროპის ოთხგზის, სსრ კავშირის ექვსგზის და საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი, იაპონიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებული.
მსოფლიოს პრიზიორები და ევროპის ჩემპიონები
გურამ მინაშვილი
კალათბურთელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (1960), საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე და მესამე პრიზიორი; იტალიაში მაირანოს სახელობის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის გამგე.
ანზორ ლეჟავა
კალათბურთელი, თამაშობდა თბილისის „ნაუკაში“, „ბურევესტნიკსა“ (1954-1958) და „დინამოში“ (1959-1972), საქართველოს და სსრ კავშირის ნაკრებებში.
ომარ ეგაძე
თავისუფალი სტილის მოჭიდავე, სპორტის დამსახურებული ოსტატი, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი, სსრ კავშირის ხალხთა მე-3 და მე-4 სპარტაკიადების გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი.
ნოდარ მოდებაძე
თავისუფალი სტილის მოჭიდავე, მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი.
ავთანდილ მაისურაძე
თავისუფალი სტილის მოჭიდავე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში, სსრკ ხალხთა მე-8 სპარტაკიადის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი.
გიორგი მაკასარაშვილი
თავისუფალი სტილის მოჭიდავე, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი.
მორის სახვაძე
მოფარიკავე, ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი, მეორე პრიზიორი პირად და გუნდურ პირველობებში, ასევე, ორგზის მესამე პრიზიორი გუნდურ ჩემპიონატებში. საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.
ჯანო ბაგრატიონი
ხელბურთელი, თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“. სსრ კავშირის ჩემპიონი; საქართველოს და საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდის კათედრის გამგე, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ქვეყნის მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი – სპორტისა და ახალგაზრდობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და საპატიო პრეზიდენტი,
მანუჩარ მაჩაიძე
ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი, სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი, სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ვერცხლის მედალოსანი, ორჯერ საკავშირო თასის მფლობელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი; თამაშობდა თბილისის „დინამოში“ (1966-1980), იყო მისი კაპიტანი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1974-1979). საქართველოს მეთხე მოწვევის პარლამენტის წევრი.
გურამ გოგოლაური
ძიუდოისტი, მიუნხენის ოლიმპიადის მონაწილე (V ადგილი), ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურში, ორგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, სოციალისტური ქვეყნების ორგზის ჩემპიონი, სსრ კავშირის ვიცე ჩემპიონი, საკავშირო თასის მფლობელი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული, სპორტის დამსახურებული ოსტატი.
ბუხუტი გურგენიძე
მოჭადრაკე, პირველი ქართველი დიდოსტატი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში სტუდენტთა მსოფლიოს გუნდური პირველობების ოთხგზის მონაწილე და ორგზის ჩემპიონი.
შოთა იამანიძე
ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, თბილისის „დინამოს“ (1961-1967 წლებში მისი კაპიტანი) და საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების წევრი; საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი.
მიხეილ კეკელიძე
კალათბურთელი. თამაშობდა „დინამოში“, იყო სსრ კავშირის ჩემპიონი და საკავშირო თასის სამგზის მფლობელი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდისა და სპორტის კათედრის ხელმძღვანელი.
გიორგი ნარიმანიძე
ხელბურთელი, 1970 წლიდან თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“; სსრ კავშირის 1975 წლის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი, საკავშირო ჩემპიონატების სამგზის მესამეადგილოსანი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.
ვალერიან (სულიკო) როგავა
ხუთჭიდელი, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
მიხეილ ცხვედაძე
ქართული კალათბურთის პიონერი, საკავშირო კატეგორიის მსაჯი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზაღზრდის კათედრის გამგე.
ამბერკი ტაბიძე
ხელბურთელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრ კავშირის თასის მფლობელი, საკავშირო ჩემპიონატების სამგზის მესამე პრიზიორი, სსრ კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადის ბრინჯაოს მედალოსანი.
ზურაბ სოტკილავა
ფეხბურთელი და მსოფლიოში ცნობილი მომღერალი. სოხუმის „დინამოს“ და თბილისის „დინამოს“ წევრი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. ზაქარია ფალიშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი.
ლევ ძეკონსკი
კალათბურთელი, სსრ კავშირის ორ-ორგზის ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრ კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი.
ციცინო კახაბრიშვილი
მოჭადრაკე, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, სასპორტო საზოგადოება „დინამოს“ ცენტრალური საბჭოს ჩემპიონი გოგონებში, სტუდენტებისა და ახალგაზრდების საკავშირო პირველობების პრიზიორი.
ალექსანდრე ხუციშვილი
ხელბურთელი, სპორტის ოსტატი, საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში სტუდენტთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, სამგზის მეორე და მესამე პრიზიორი.
ვალერი ლომაძე
კალათბურთელი, თბილისის „ბურევესტნიკისა“ (1958-1961) და „დინამოს“ (1962-1967) წევრი; სსრკ ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი, 9 ქვეყნის დინამოელთა საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული.
ჩემპიონები და პრიზიორები
ილია სულამანიძე
პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ძიუდოისტი, მსოფლიოს ჩემპიონატების მესამეადგილოსანი და ევროპის ვიცე ჩემპიონი, 23-წლამდელებში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი, ზაგრების გრან პრის ვერცლის მედალოსანი.
შალვა სულამანიძე
ძიუდოისტი, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ზვიად ლომსაძე
მკლავჭიდელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორი.