ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფაკულტეტის ბიზნესადმინისტრირების, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების, საჯარო მმართველობის და სასტუმროს მომსახურების საბაკალავრო პროგრამების, ასევე, ბიზნესადმინისტრირების, საბანკო პროცესების მართვის, საჯარო მმართველობის და სასტუმრო მომსახურების მართვის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს.

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ მიულოცა.
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ! თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ახალი გზა, ახალი გამოწვევები, წარმატებები მეცნიერებისა თუ კარიერული ზრდის მიმართულებით. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელზედაც იმედებს ვამყარებთ, თქვენ უნდა ააშენოთ ახალი და შეცვალოთ ძველი. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი 300 სტუდენტმა დაასრულეთ. წარმატებულ პროფესიული ცხოვრებას გისურვებთ. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს! გისურვებთ შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ამ დიდ და საინტერესო გზაზე“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი. მან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, ასევე, ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადასცა.
კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ასევე, მიულოცეს დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სულაშვილმა, ტურიზმის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა კოჭლამაზაშვილმა, პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ.

ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 2016 წელს ჩამოყალიბდა და სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ფაკულტეტზე მოქმედებს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის: საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ზურაბ ჩხაიძის სახელს ატარებს. ლაბორატორიაში შექმნილია თანამედროვე საბანკო დაწესებულებების სრული მოდელი და საბანკო ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ სისტემაში სხვადასხვა საბანკო ოპერაციები პრაქტიკულად განახორციელონ.
ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია, რომლის უმთავრესი ამოცანაა მეცნიერულად გაანალიზებული და კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, მომავალი საჯარო მოხელეების სათანადო ცოდნით აღჭურვა.

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს ფაკულტეტის მაგისტრალურ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ბიზნესის ჰუმანიზაციის და სოციალიზაციის თეორიულ-გამოყენებითი პროექტები. ამ თემატიკით მომზადებულია არაერთი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ინსტიტუტი აქტიურად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პროგრამას. დასახული ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს პრობლემით დაინტერესებულ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონკრეტული თემატიკით დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან.
საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, რომლის მიზანია საჯარო მმართველობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და კვლევების განხორციელება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების სირთულეთა დასაძლევად. ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებაზეა ფოკუსირებული: ინოვაციური სახელმწიფო სერვისები, ტექნოლოგიების მართვა და მათი დანერგვის გზები; ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლემენტაცია; საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელები – პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო. ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა კვლევისა და სწავლების პროცესში სპარინგის ახალი მეთოდის გამოცდას. სპარინგის მიზანია: ტექნოლოგიების მოძიებისა და პრობლემის გადაწყვეტისათვის მმართველობითი ხასიათის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ჩვევების გაღრმავება, მოდელების შექმნაში კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლება, ცოდნის ინტეგრირებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მართვის უნარების რეალიზაცია. განხორციელდა სპარინგის მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო დანერგვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების მოძიება, ჩატარდა ტრენინგები სპარინგში მონაწილე პროექტის შექმნის თაობაზე.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას. ის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმაა. ცენტრის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება, სამეწარმეო უნარის დაუფლების გზით თვითრეალიზაციის მოტივაციის ამაღლება, სამეწარმეო საქმიანობის არსის გაცნობიერება და პოპულარიზაცია; ბიზნესკონფერენციების, ბიზნესოლიმპიადების და ბიზნესკონკურსების ორგანიზების გზით, ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...