ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში ევროკავშირის პროგრამის – „ERASMUS+” – ფარგლებში, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე და ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე ევროპის კოორდინატორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად, სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების მიმართულებით საკვანძო საკითხები განიხილეს.
„ERASMUS+“-ის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან პროფესორები: ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან (პორტუგალია) პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, პროექტის კოორდინატორი მარია კრისტინა პალმა, კარლოს რიბეირუ და ჟორჟე ტავარესი, ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (პოლონეთი) ანა ვიტეკ კროვიაკი, გაზის უნივერსიტეტიდან (თურქეთი) საფეთ აიასუნი და მუსლუმ ჩენგიზ ტაპლამაჩიოღლუ.
შეხვედრას სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გახსნა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს მიესალმა სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე. მან პორტუგალიის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და წარმომადგენლებს პორტუგალიის ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
ზურაბ გუდავაძემ ევროპელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბოლო წლების სამეცნიერო-აკადემიური მიღწევების, საერთაშორისო კვლევითი პროექტებისა და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში მიმდინარე გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის გაფართოება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს ტექნიკურ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესების შემდგომ განვითარებას.
ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტთან, ვროცლავის ტექნოლოგიურ და თურქეთის გაზის უნივერსიტეტებთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. თამარ ლომინაძის თქმით, „ERASMUS+“-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია დაგეგმილი, 12 ივნისიდან იტალიის პალერმოს უნივერსიტეტის პროფესორები – სიმონა სანსერი, სიმონა პალმერი და კოსტანცა კონტიც შეუერთდებიან.
„მინდა ჩვენს კოლეგებს ევროპის უნივერსიტეტებიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადავცე და მისი სახელით, წარმატებები ვუსურვო. მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფება ბეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარია ფატიმა კარვალიო, რომელიც აღიარებული მეცნიერია. ამ უნივერსიტეტთან, ძირითადად, აგრარული და ბიზნესის მიმართულებებით ვთანამშრომლობთ. ვროცლავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩვენი აქტიური პარტნიორია, ძირითადად საინჟინრო მიმართულებით. თურქეთის გაზის უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს – თურქი კოლეგები აქტიურად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ატარებენ ლექციებს, ესწრებიან ჩვენ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულებს. აღსანიშნავია, რომ კვირის ბოლოს პალერმოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც შემოგვიერთდებიან. პალერმოს უნივერსიტეტთან უკვე სამი წელია, ხორციელდება ერთობლივი პროექტი 60 მონაწილის ჩართულობით. სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტში „ERASMUS+“-ის ფარგლებში ჩატარდება, მნიშვნელოვანია აკადემიური და სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავების, ასევე, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებისთვის. სწორედ ჩვენს კოლეგებთან ერთად, გამოცდილების გაზიარებით, დისკუსიებითა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებით, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი პარტნიორობა, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას გააძლიერებს. ეს კი ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრებისთვის“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო და კვლევითი კოლაბორაციის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიურ და სამეცნიერო პერსონალთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის, ასევე, პრეზენტაციის სახით, მათ თავიანთ უნივერსიტეტებს წარუდგენენ, გარდა ამისა, გაეცნობიან სტუ-ის სასწავლო-კვლევით ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიულ ბაზებს და მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებს.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...