„ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება”- კონფერენცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება” გაიმართა.
კონფერენციას, რომელსაც ესწრებოდნენ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დანიელი, რუსთველი მიტროპოლიტი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მაღალყოვლადუსამღვდელოესი იოანე, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ანანია, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, კაცობრიობის ისტორიაში რწმენისა და ცოდნის ურთიერთკავშირი ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რჩება სიბრძნისა და განათლების სიმბოლოდ, რომელიც საზოგადოებას არა მხოლოდ სულიერ საკითხებში, არამედ ინტელექტუალური და ზნეობრივი განვითარების გზაზეც მიუძღვება. საქართველოში ეს მისია განსაკუთრებული იყო, რადგან ერის იდენტობა და საგანმანათლებლო ტრადიციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანულ რწმენასთან.
„სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება“, ნათლად უსვამს ხაზს მართლმადიდებელი ეკლესიის უაღრესად მნიშვნელოვან როლს განათლების, პიროვნული განვითარების, ჩვენი ახალგაზრდობის ზნეობრივი თუ სულიერი აღზრდის სფეროებში.
ეკლესიას გადამწყვეტი როლი აქვს თაობების ზნეობრივი ორიენტაციის ფორმირებაში, თანაგრძნობის, სიწრფელისა და პასუხისმგებლობის ფასეულობების დანერგვაში – რაც აუცილებელია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისათვის.
ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, დიდი მნიშვნელობის მქონეა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მჭიდრო და ხანგრძლივი კავშირები, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვცდილობთ შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო გარემო, სადაც რწმენა და მეცნიერება ჰარმონიაშია. მტკიცედ გვჯერა, რომ ტექნიკური ცოდნა, როდესაც მას ეთიკური და სულიერი სიბრძნე ერთვის, იძლევა იმგვარი პიროვნებების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთ სფეროში აღწევენ წარმატებას, არამედ ზნეობრივი სიცხადითა და პასუხისმგებლობით ემსახურებიან საზოგადოებას.
დღევანდელი კონფერენციის თემა განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებთან ერთად ადამიანის ფსიქიკისთვის ახალ გამოწვევებსაც ქმნის. ქრისტიანული ფსიქოლოგია, თავისი ღრმა სულიერი ხედვებით, მნიშვნელოვან პერსპექტივას გვთავაზობს მენტალურ კეთილდღეობაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და პიროვნულ ზრდაზე. ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომლებიც თეოლოგიურ სიბრძნეს თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევებს აკავშირებს, ნიშნავს გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, რომელიც მეცნიერებასა და ზნეობრივ ღირებულებებს თანაბარ პატივს სცემს. მწამს, რომ კონფერენციაზე განსახილველად გამოტანილი თემები გააღრმავებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გააძლიერებს რწმენის როლს ახალგაზრდობის განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
გულითადი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს, მეცნიერებსა და სტუმრებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბნენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – „ქრისტიანული ფსიქოლოგიის ხედვის ძირითადი ასპექტების ჩამოყალიბება”, ორ სექციად წარიმართა. პირველ სექციაში დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მეუფე სტეფანე, მეუფე დანიელი, მეუფე იოანე, მეუფე ანანია. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა გიორგაძე და ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, თეოლოგიის დოქტორი პროფესორი გიორგი ანდრიაძე.
მეორე სექციაში კი განიხილეს მომხსენებლების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ლია მეტრეველის – „წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე – ქრისტიანული ფსიქოლოგიის ძირითადი ასპექტები“, სტუ-ის ასისტენტ-პროფესორის, ირმა ხურცია-ანდრიაძის – „ნებისყოფის ცნება, როგორც დიმიტრი უზნაძის განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის მთავარი ქვაკუთხედი“ და ფსიქოლოგიის განვითარების კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის – „წმ. გრიგოლ პალამას სწავლება, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ქრისტიანული ფსიქოლოგია, დიმიტრი უზნაძის განწყობის ფსიქოლოგია“. კონფერენციის დასასრულს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს ორტომეულის – „ქრისტიანული ფსიქოლოგია“ წარდგენა გაიმართა.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...