ლანდშაფტურ არქიტექტურაში სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულების სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც სტუდენტური შემოქმედებისა და პროფესიული უნარების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
გამოფენაში, რომლის სასწავლო თემატიკად არჩეულია სტუ-ის პირველი კორპუსის მიმდებარე ღია სარეკრეაციო სივრცე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მეორე კურსის 20-ზე მეტმა ბაკალავრმა მიიღო მონაწილეობა.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ნუგზარ ხვედელიანის თქმით, სტუდენტებისათვის მიცემული დავალება აერთიანებდა საგანმანათლებლო სივრცის ყველა კომპონენტს – მობილობას, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის მოქნილ კომუნიკაციას, სასწავლო, საგამოფენო, სამუშაო, გასართობ, მოსასვენებელ, სავაჭრო ფუნქციებს. გარდა ამისა, გამოფენაზე ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი იყო კეთილმოწყობის სხვადასხვა კონცეფცია ისეთი ტერიტორიებისათვის, როგორიცაა დიღმის ტყე-პარკი, დიღმის ჭალები, თბილისის ზღვის მიმდებარე არეალი, ძველი იპოდრომი და მახათას მთა.
„ლანდშაფტური არქიტექტურა ურბანულ განვითარებაში, განსაკუთრებით კი, ჩვენი ქალაქების პირობებში, სადაც მწვანე სივრცეებისა და ადამიანზე მორგებული გარემოს დეფიციტი აშკარად საგრძნობია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ ძალიან აქტუალურ საზოგადოებრივ გამოწვევებზე რეაგირებასაც ემსახურება. მეორე კურსის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები გვიჩვენებს, რომ მათ უკვე გააჩნიათ სისტემური მიდგომა როგორ უნდა გაერთიანდეს არქიტექტურა, გარემოსდაცვა, სოციალური ფუნქცია და კულტურული კონტექსტი ერთიან დიზაინურ ხედვაში. განსაკუთრებით მიმაჩნია სასწავლო პროცესის დაკავშირება რეალურ ურბანულ სივრცეებთან. ფაკულტეტის მიმდებარე არეალის ხელახალი გააზრება არ ყოფილა მხოლოდ თეორიული დავალება, არამედ ესაა მცდელობა სტუდენტური შემოქმედების ქალაქის განვითარებაში პირდაპირი ჩართვისთვის “, – აცხადებს დეკანი.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ თამარ ჭანტურიას თქმით, სტუდენტებმა მოამზადეს პროექტები, რომლითაც განიხილავენ სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის სივრცის, როგორც საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის, ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთქმედების და დასვენების სივრცედ გარდაქმნის გზებს. პროექტები ითვალისწინებს მულტიფუნქციური ზონების შექმნას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სასწავლო და საგამოფენო გარემოს მოწყობას, არამედ მობილური სამუშაო სადგურების, მწვანე არეალების, სტუდენტური კაფეების, მცირე სავაჭრო ობიექტების და ღია ამფითეატრის ერთიან ეკოსისტემაში ინტეგრაციას.
„გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევდა ციფრულ ფორმატში წარმოდგენილი ლანდშაფტური კეთილმოწყობის კონცეფციები, რომლებიც სხვადასხვა ურბანული თუ ნახევრადველური სივრცეების განვითარებას მოიცავს. მათ შორის გამოირჩევა: დიღმის ტყე-პარკის რეკრეაციული პოტენციალის გამოყენების იდეები, რომლებიც გულისხმობს ეკო-სბილაკების მოწყობას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და საგანმანათლებლო დანიშნულების ეკო-პავილიონების განთავსებას; დიღმის ჭალების ბიოფილური არქიტექტურის კონცეფციები, სადაც სტუდენტებმა შეიმუშავეს წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემები და ფლორა-ფაუნის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა; თბილისის ზღვის მიმდებარე არეალის რეკრეაციულ-კულტურულ ცენტრად გარდაქმნის პროექტები, რომელიც მოიცავს საგამოფენო სივრცეებს, საბავშვო ზონებს, წყლის სპორტის ინფრასტრუქტურას და ლანდშაფტურ ხელოვნებას; ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე განსახილველი იყო ურბანული ტყის კონცეფცია, რომელიც ქალაქში მწვანე “ფილტრის” ფუნქციას შეითავსებს და ასევე მოემსახურება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებასშეუწყობს ხელს; მახათას მთის პროექტები განსაკუთრებულად ხაზს უსვამს ისტორიულ-კულტურულ ღირებულებებთან ჰარმონიულ შერწყმას, მოიაზრებს სანახაობრივი ბილიკების, მედიტაციური სივრცეებისა და გადმოსახედების მოწყობას ისე, რომ ბუნებრივი ლანდშაფტი მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნას. გამოფენამ ცხადჰყო, რომ ლანდშაფტური არქიტექტურა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ესთეტიკური სივრცის შექმნა. ესაა სოციალური, ეკოლოგიური და ფუნქციური საკითხების კომპლექსური გადაჭრა. სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი ხედვები ამ მიმართულებით გვიჩვენებს, რომ ახალ თაობას გააზრებული აქვს თანამედროვე ურბანული განვითარების ტენდენციები და მზად არის წვლილი შეიტანოს ქალაქის მდგრადი მომავლის ფორმირებაში“, – აცხადებს თამარ ჭანტურია.
გამოფენა 11 ივლისამდე გაგრძელდება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...