მევენახეობა-ენოლოგიის მაგისტრებს სტუ-ის და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის მენეჯერმა პატრის ლალემანმა სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ერთდოულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები გადასცეს.
სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხუთმა კურსდამთავრებულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან ერთად, ევროპის ხუთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის – მონპელიე სუპაგრო (საფრანგეთი), უდინეს (იტალია), გეიზენჰაიმის (გერმანია), მადრიდის პოლიტექნიკური (ესპანეთი), ტურინის (იტალია) უნივერსიტეტების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვეს.
ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომების გადაცემის ცერემონიას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ასევე, ევროკავშირის სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის მონაწილე ინსტიტუციების მეცნიერ-მკვლევრები მონპელიედან, ბორდოდან და დიჟონიდან – პროფესორები: ჟან-ლიუკ ლეგრასი, შარლ რომიე, პარტის ტისი, ანეს დესტრაკი, დომინიკ ტისი, ოლივიე ზეკრი, ან-ლიზ გუმონი, ფარიდა ბოგადია, ან მოკერი, რობერტო ბაჩილიერი და ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

რექტორმა დავით გურგენიძემ და Vinifera EuroMaster-ის მენეჯერმა პატრის ლალემანმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამიგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს: ირინა ქუთათელს, ნუგზარ მამალაძეს, ნიკოლოზ კირვალიძეს, ანდრია ადეიშვილს და ლაშა ხაზარაძეს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ქართულ-ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ის ფარგლებში, ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა რიგით მესამე გამოშვებამ მოიპოვა.
როგორც რექტორმა აღნიშნა, Vinifera EuroMaster-ი ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო პროგრამაა მსოფლიოში. მას წარმართავს კონსორციუმი, რომლის წევრი, საფრანგეთის აგრო მონპელიეს ინსტიტუტთან და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი. დავით გურგენიძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროგრამის განხორციელებაში დახმარებას უწევს ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ზრუნავს შერჩეული სტუდენტების სწავლების დაფინანსებაზე ევროპულ უნივერსიტეტებში.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ევროკავშირის საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა Vinifera EuroMaster-ს შორის, ასევე, ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმთან კოლაბორაცია ყოველწლიურად ფართოვდება. საგულისხმოა, რომ ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტთან, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.
სასიხარულოა, რომ ჩვენი მევენახეობა-ენოლოგიის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულთა მესამე გამოშვებამ – უმაღლესი აკადემიური მიღწევებით შერჩეულმა ხუთმა მაგისტრმა, ნიჭიერმა, მოტივირებულმა და ერუდირებულმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს ერთდროულად ორი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის ხუთი უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და შესაბამისად, მათ გადაეცათ ორი – ქართული და ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები. ეს მნიშვნელოვანი წარმატება არ იყო იოლად მოსაპოვებელი, ეს სტუდენტებისა და მათი პედაგოგების დიდი შრომის შედეგია.
მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ ალექსანდრე წულაძეს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტს, ევროკავშირის პროგრამა Vinifera EuroMaster-ს და ევროპული უნივერსიტეტების კონსორციუმს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და მაღალი რანგის ახალგაზრდა სპეციალისტების ერთობლივად მომზადება. ვულოცავ ჩვენს მაგისტრებს ამ დიდ წარმატებას! გვჯერა, ისინი სწავლას დოქტორანტურაშიც გააგრძელებენ, შეძენილ ცოდნას და პროფესიონალიზმს კი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისკენ მიმართავენ“, – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.
ევროკავშირის ინგლისურენოვანი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში -Vinifera EuroMaster – ჩართული ინსტიტუციების მეცნიერ-მკვლევრები, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში, რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ, ასევე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სალექციო კურსებს წაიკითხავენ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...