ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხმა სტუდენტმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდია მოიპოვა. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ოთხივე სტიპენდიატს საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.
მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ბაკალავრიატის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტსაც აქვს.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ ბექაიამ და ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ მიიღეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მშენებლობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გეგა ჯერენაშვილი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მარი მირიანაშვილი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – მეცხოველეობის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიგა გიგილაშვილი და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან – მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი მარიამ ბაქრაძე.

საქართველოში აკრედიტებული ექვსი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, შერჩეულ 21 სტიპენდიატ სტუდენტს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმის სივრცეში შეხვდნენ, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს, ასევე, სტიპენდიატობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.
სტიპენდიატებთან ერთად, შეხვედრას ფონდის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ნაცვლიშვილი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი თამარ ქობლიანიძე.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიატმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. „გულწრფელი მადლობა ფონდს – ჩვენი შრომისა და წარმატების დაფასებისთვის. ჩვენთვის სტიპენდიის მოპოვება არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ დიდი მოტივაციაც მეტი მიღწევებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც გვთავაზობს მყარ საგანმანათლებლო საფუძველს და უწყვეტ მხარდაჭერას”.
სტუ-ის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა და სტიპენდიატებს წარმატებები უსურვა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიური წარმატების ხელშეწყობას და სტუდენტების წახალისებას, რათა მათ მაქსიმალურად წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები. მადლობას ვუხდით თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს ამ მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. სასიხარულოა, რომ ფონდი მუდმივად აფართოებს სასტიპენდიო პროგრამას. მიმდინარე სემესტრიდან სტიპენდიატების რიგები ჩვენი უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტითაც შეივსო. ეს არა მხოლოდ ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერაა, არამედ სერიოზული სტიმულიც სწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის. ფონდის სასტიპენდიო პროგრამა ნათლად მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის თანამშრომლობა იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც პატივს სცემენ და ღრმად აცნობიერებენ ქვეყნის აღმავლობაში განათლებისა და მეცნიერების განსაკუთრებულ როლს. განათლებაში ინვესტირება ნიშნავს არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობის პიროვნული განვითარების მხარდაჭერას, არამედ მათგან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და მკვლევრების ჩამოყალიბებას, რომლებიც, უდავოდ, დადებით გავლენას მოახდენენ თავიანთ სფეროებზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტიპენდიატებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. სასიხარულოა, რომ მათი შრომა, მიზანდასახულობა და მონდომება ფასდება. ისინი სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიდანაც დაფინანსდებიან და მეტი მონდომებით გააგრძელებენ შემეცნებისა და ახლის ძიების პროცესს. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით საგანმანათლებლო ფონდს პარტნიორობისთვის. ვიმედოვნებთ, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ცოდნის მაძიებელთა მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
ცნობისათვის, დაარსებიდან დღემდე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 145 სტიპენდიატი და 27 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 25 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...