საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის (ბეჟა) ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, კონფერენცია ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება. მისი თქმით, კონფერენციის თემატიკა ეხმაურება მსოფლიო გლობალურ პრობლემებს, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინურ ხასიათს ატარებს.
„1972 წელს რომის კლუბის გამოკვლევებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გლობალური პრობლემებისაკენ მიაპყრო. კაცობრიობა სახიფათო მდგომარეობაშია და თუ მას გადარჩენის იმედი აქვს, უფრო ფრთხილად და სათუთად უნდა მოეპყროს ბუნებასა და ეკოლოგიას. 1987 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს მოხსენება „ჩვენი საერთო მომავალი“, რომელმაც მდგრადი განვითარების ერთიანი კონცეფცია გამოკვეთა. რომის კლუბის გამოკვლევებმა განვითარება ჰპოვეს გაეროს 1992 წლის დოკუმენტში – „დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის“ (Agenda 21), რომელიც მდგრადი განვითარების საფუძველია და რომელმაც სამყარო მიიყვანა უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო დოკუმენტების მიღებამდე და „მდგრადი განვითარების მიზნები 2030“-მდე. მდგრადი განვითარების პრინციპმა მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება განვითარების, კეთილდღეობის და სხვა საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ. ამ გზაზე გადასვლა შეიძლება შევადაროთ ეპოქალურ ცვლილებებს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამ აქტუალობიდან და ქვეყნის რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფრთებქვეშ, 2022 წელს, შეიქმნა კურორტების განვითარების სააგენტო, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი პარტნიორია და რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაცია და განვითარება. ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევას ეხმაურება დღევანდელი კონფერენციაც. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი კონფერენცია დასაბამს დაუდებს მომავალ პარტნიორობას ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, ისევე, როგორც ქართველი და უცხოელი მკვლევრების ძალების გაერთიანებას სამყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგარადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას და, გარკვეულწილად, კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილი; საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ალექსანდრე დიდებულიძე; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია. ასევე, პორტუგალიის ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული სკოლის დეკანი, პროფესორ მარია ჯოაო კარვალო, უკრაინისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები აქტუალურ გამოწვევებს პასუხობს.
„კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა არაერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა და დარგის წარმატებულმა სპეციალისტმა, რაც მიუთითებს ამ სამეცნიერო ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მიუხედავად, ჩართულნი არიან კონფერენციაში. მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.
2-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ასევე, სტუ-სა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საკონფერენციო მუშაობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს, სამ სექციად გაგრძელდა.
აქვე გაცნობებთ, რომ “მთის საერთაშორისო პარტნიორობამ” (Mountain Partnership), რომელიც FAO-ს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – “ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები” შესახებ:
აღნიშნული პუბლიკაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტსა და ორგანიზაცია “მთის საერთაშორისო პარტნიორობას” შორის თანამშრომლობა დაიწყო.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...