საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭა
img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის – „ინფორმაციული საზოგადოება“ – დაარსებიდან 20 წლისთავი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები, იუნესკოს სათავო ოფისის UNESCO-ს კათედრების კოორდინატორი ინგა ნიჩანიანი (ონლაინ ჩართვით პარიზიდან), აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ოჯახი, მეგობრები, მოსწავლეები, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სტუდენტები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა მიწვეული სტუმრები.
იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის საიუბილეო ღონისძიება სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორი შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა, ისაუბრა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იმ უდიდესი დამსახურების შესახებ, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე, როგორც გამორჩეულ მეცნიერს, ნოვატორსა და ყოფილ რექტორს, ასევე, ყურადღება გაამახვილა მის იმ ღვაწლზეც, რომელიც საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის გაზრდას უკავშირდება.
ღონისძიებაზე დავით გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრისთვის მისი დამაარსებლის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელის მინიჭების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე აკადემიურ საბჭოს ინიციატივით რექტორმა მიმართა.
„11 იანვარი არა მხოლოდ იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის დაარსების თარიღია, არამედ მისი დამაარსებლის, ჩვენი უნივერსიტეტის ღირსეული კურსდამთავრებულის, 1988-1994 წლებში საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველი არჩეული რექტორის, ცნობილი მეცნიერის, დიდი ნოვატორის, გამორჩეული საზოგადო მოღვაწისა და დიდებული პიროვნების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის დაბადების დღეც არის. მას 83 წელი შეუსრულდებოდა. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი მშობლიური ალმა-მატერისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სახელიც, რომელსაც დღეს ჩვენი უნივერსიტეტი ატარებს, სწორედ გოჩა ჩოგოვაძეს უკავშირდება. 1971 წელს მისი თაოსნობით უნივერსიტეტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა. კათედრასა და მასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას ბატონი გოჩა ხელმძღვანელობდა. რექტორობამდე კი, 1981-1986 წლებში, მუშაობდა პარიზში, ხელმძღვანელობდა იუნესკოს განათლების სექტორის – „ინფორმატიკა განათლებაში“ – ინფორმატიკის განყოფილებას; წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში – მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იუნესკოში, ასევე, იუნესკოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მისი ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, ხელმძღვანელობდა იუნესკოს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის მისიას. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე მუდმივად ზრუნავდა საერთაშორისო სივრცეში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, მისი მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის. ბატონი გოჩა ჩოგოვაძის უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველო ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, რომელიც ინფორმატიკისა და ეკონომიკის მიმართულებით ახალგაზრდებს ამზადებს. გამორჩეულია აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობა – 20 მონოგრაფია, 6 გამოგონება, 100-ზე მეტი ნაშრომი და კვლევა. ის იყო ევროპის (ზალცბურგი) მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ნამდვილი წევრი, საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების გაერთიანების (UATI) პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საინჟინრო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო საბჭოს (ICET) მმართველობის წევრი, საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, ჩეხეთის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და მრავალი სხვა. აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საფრანგეთის „აკადემიური პალმის კომანდორის“ ორდენით, გიორგი ნიკოლაძის მედლით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უდიდესი ღვაწლისა და დამსახურებისთვის, როგორც მშობლიური უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრას, რომელიც აკადემიკოსმა გოჩა ჩოგოვაძემ 20 წლის წინ დააარსა, დღეიდან მისი სახელი მიენიჭება“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, დავით გურგენიძემ.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ღვაწლის, სტუ-ის იუნესკოს კათედრის საქმიანობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, იუნესკოს სათავო ოფისის UNESCO-ს კათედრების კოორდინატორმა, ინგა ნიჩანიანმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანმა, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.
აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ცხოვრებიდან ეპიზოდები გაიხსენეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, დიპლომატმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნათელა ლაღიძემ, საქართველოს ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა და სტუ-ის ყოფილმა პრორექტორმა, მერაბ ადეიშვილმა, პროფესორებმა ალეკო ცინცაძემ და ვაჟა ოთარაშვილმა, ცნობილმა პოეტმა ლია სტურუამ, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მეგობრებმა, კოლეგებმა და მოსწავლეებმა.
აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მეუღლემ, მანანა ჯიბლაძემ, ოჯახის სახელით, მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიურ საბჭოსა და ღონისძიების მონაწილეებს, იუნესკოს საუნივერსიტეტო კათედრას კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.
ღონისძიების დასასრულს, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელი მიენიჭება.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...