საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სააღდგომოდ საქველმოქმედო ღონისძიებები დაიწყო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლიანა თარგამაძემ, სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლაში (უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონი) საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ დღესასწაულზე ატარებს საქველმოქმედო აქციებს და რეგულარულად ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე – მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე.
„გვიახლოვდება სინათლის, იმედისა და განახლების დღესასწაული – ბრწყინვალე აღდგომა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, დაიწყო საქველმოქმედო აქციათა ციკლი. პირველი ღონისძიება უსინათლოთა და მცირე მხედველთა სკოლა-პანსიონში გავმართეთ, სადაც სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადავეცით. ქველმოქმედება მხოლოდ მატერიალური დახმარება არ არის. უპირველეს ყოვლისა, ეს სულიერი კავშირისა და ერთობის გამოხატულება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი დიდი დღესასწაულის დროს, როგორიცაა აღდგომა, რომელიც მორწმუნეებისთვის სინათლის ბნელზე გამარჯვების სიმბოლოა. ჩვენ მხრივ, ვცდილობთ სინათლე სხვის ცხოვრებაშიც შევიტანოთ – გავუზიაროთ სიკეთე და სითბო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. დღეს მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეხარებინა უსინათლო ბავშვები, რომლებიც გვაგრძნობინებენ, თუ რაოდენ დიდი ძალა აქვს სულიერებას და რაოდენ მშვენიერია მათი გულებით დანახული სამყარო“, – განაცხადა ლიანა თარგამაძემ.
სტუ-ის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2025 წელს საქველმოქმედო აქციათა ციკლი საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წინასაახალწლო და საშობაო ღონისძიებებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის ხანდაზმულთა სახლის – „შენი თბილი კერა”, თბილისის პანსიონატ „იმედის“ და გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სახლის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს, ასევე, წეროვანში, სოციალურად დაუცველ ცეზარ და ავთანდილ ჟამურელების მრავალშვილიან ოჯახებს სხვადასხვა სახის პროდუქტი, პირველადი დახმარებისა და პირადი ჰიგიენის ნივთები გადაეცათ. ღონისძიებათა ციკლი სააღდგომოდ განახლდა და თვის ბოლომდე გასტანს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხოლოდ აკადემიური ხარისხით, მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებებით არ იზომება. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და გვეამაყება, რომ წლების განმავლობაში ვზრუნავთ სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებზე. ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ისინი იგრძნობენ მხარდაჭერას, სითბოსა და მათ მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ეს არის გზავნილი, რომ თითოეული ბენეფიციარი იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერასა და სიყვარულს, რომ ისინი მარტონი არ არიან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი დღის ორგანიზებაში – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანს, ფაკულტეტის მენეჯერს, რატი გურგენიძეს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მოხალისეებს და თითოეულ ადამიანს, ვინც უშურველი შემოწირულობით, შრომითა და სიყვარულით ამ საქმეს გვერდში დაუდგა. ეს სიკეთეა აღდგომის ჭეშმარიტი არსის გამოხატულებაა“, – განაცხადა ნაზი კუციავამ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...