სტუ HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მოცულობით ქვეყნის ყველაზე წარმატებულ ინსტიტუციად აღიარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროკომისიის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამა HORIZON EUROPE-ის მონაწილე ორგანიზაციებს შორის, საქართველოს ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციად აღიარეს.
ევროკომისიის Dashboard-ზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან HORIZON EUROPE-ში წარდგენილი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად მიღებული საგრანტო დაფინანსების ოდენობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უპირობოდ ლიდერობს.
ევროკომისიის Dashboard-ის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალპროფილური სამეცნიერო-კვლევითი აქტივობებით, განსაკუთრებით საინჟინრო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსება უნივერსიტეტს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, განახორციელოს საერთაშორისო კვლევითი პროექტები, განავითაროს კვლევითი ინფრასტრუქტურა და გააძლიეროს თანამშრომლობა წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებთან და მსხვილ კვლევით ცენტრებთან.
დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უახლოეს წარსულში, პროგრამა HORIZON EUROPE-ის ფარგლებში სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად კიდევ ორი ახალი საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ევროკომისიის ანალიტიკაში მოგვიანებით აისახება.
„დიდი პატივია, რომ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამის – HORIZON EUROPE-ის ფარგლებში მოპოვებული საგრანტო დაფინანსების მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციად დასახელდა. ეს აღიარება ასახავს არა მხოლოდ ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს, მეცნიერებისადმი ერთგულებას, არამედ იმ სტრატეგიულ ხედვას, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს – ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია და იყოს სრულფასოვანი მონაწილე ევროპის კვლევებისა და ინოვაციების ეკოსისტემისა.
HORIZON EUROPE-ში მონაწილეობა მოითხოვს არა მხოლოდ სამეცნიერო გონს, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ეფექტიანი კონკურენციისა და ნაყოფიერი თანამშრომლობის უნარებს. ის ფაქტი, რომ ევროკომისიის Dashboard-ის მიხედვით, კვლევითი პროექტების განსახორციელებლად ჩვენმა უნივერსიტეტმა მოიპოვა ყველაზე მაღალი საგრანტო დაფინანსება საქართველოდან, ცხადყოფს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორი მიმართულებით ვაგრძელებთ პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გაცილებით ფართო მასშტაბით ჩავერთოთ ფუნდამენტურ და მულტიდისციპლინურ კვლევებში – ინჟინერიის, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით – იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი სამეცნიერო გამოცდილება და პოტენციალი აქვს.
საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ორმა სამეცნიერო პროექტმა HORIZON EUROPE-ის საგრანტო დაფინანსება მოიპოვა, რაც ასევე აუცილებლად აისახება ევროკომისიის ანალიტიკურ პლატფორმაზე.
ყველა მსგავსი წარმატება ამდიდრებს ჩვენი უნივერსიტეტის კვლევით პორტფოლიოს და აღრმავებს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის პროცესს, მოაქვს ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის. ეს გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ პარტნიორული ურთიერთობები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კვლევით ცენტრებთან, მათთან კოლაბორაციით განვახორციელოთ ინოვაციური ამოცანები, მეტად ჩავერთოთ გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში, მონაწილეობა მივიღოთ მეცნიერების წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევების დაძლევაში, და რაც მთავარია, მეტად განვავითაროთ საუნივერსიტეტო სამეცნიერო ინფრასტრუქტურა იმ მიზნით, რომ ქვეყანას მეტი ახალგაზრდა მკვლევარი და კვალიფიციური სპეციალისტი შევმატოთ.
საერთაშორისო სივრცეში სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პირადად – მინისტრ ალექსანდრე წულაძეს. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა იმ მეცნიერ-მკვლევარს, პროექტის მენეჯერსა და ადმინისტრაციულ თანამშრომელს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის და ლომის წილი შეაქვს საქართველოს მდგრად განვითარებაში“, – აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, HORIZON EUROPE ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამაა, რომლის მიზანი სამეცნიერო კვლევის ინტეგრაცია, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიური პროგრესის გაძლიერებაა ევროპასა და მის პარტნიორ ქვეყნებში.
პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა ასოცირებული ქვეყნის სტატუსით 2021 წლიდან სრულფასოვნად ხორციელდება, რაც ქართველ მეცნიერებსა და საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანაბარ პირობებში პოზიციონირების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...