სტუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს სამხრეთ კორეის წამყვან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისცტემების, სატრანპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ენერგეტიკის ფაკულტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს სამხრეთ კორეის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ.
აღნიშნული შეთავაზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის უნივერსიტეტის (Korea University) დელეგაცია – მაგისტრატურის კომისიის დირექტორის ჯე ჰვი კიმის, მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის მენეჯერის, იუნ ბინ იანგის და ამავე უნივერსიტეტის მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევრის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის, ლევან რატიანის შემადგენლობით ეწვია.

სტუ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბორის გითოლენდია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
აღინიშნა, რომ კორეის უნივერსიტეტი, რომელიც რეიტინგის მიხედვით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, დაინტერესებულია მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად მოიზიდოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, რომლებიც განათლებას ეუფლებიან ინფორმატიკის, საინჟინრო და ნახევარგამტარების ფიზიკის, ხელოვნური ინტელექტის (AI), ენერგეტიკისა და მექანიკის ინჟინერიის განხრით.
როგორც კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კომისიის დირექტორმა ჯე ჰვი კიმმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიჭიერი და მოტივირებული ბაკალავრები, რომლებიც დაინტერესდებიან კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებით და, შესაბამისად, დააკმაყოფილებენ კორეულ უნივერსიტეტში მიღების მოთხოვნებს, უზრუნველყოფილი იქნებიან მაღალი სტიპენდიით, საცხოვრებელი კამპუსით, მაღალი სტანდარტების კვლევითი ინფრასტრუქტურით, ასევე, სწავლის პარალელურად, აქტიურად ჩაერთვებიან უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე უმსხვილესი კორეული კორპორაციის “SK ჯგუფის” ინოვაციების განვითარებისა და დანერგვის პროექტებში, რაც კორპორაციის მხრიდან, დამატებით, ანაზღაურებადი იქნება.
ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ კორეულ მხარეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორია, სასწავლო-კვლევითი მიმართულებები და სამეცნიერო მიღწევები გააცნო. ვიცე-რექტორმა უნივერსიტეტის მხრიდან იმ ძალისხმევასა და შესაძლებლობებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც სპეციალისტთა და მკვლევართა ახალგაზრდა, იმედისმომცემი თაობის ფორმირებისკენ არის მიმართული.

„სამხრეთ კორეა, განვითარების ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ აზიის ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო მსოფლიო ბაზარზე, მეცნიერებადტევადი ეკონომიკის მიმართულებით, ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშეა. ჩვენთვის მრავალმხრივ საგულისხმოა სწავლა-სწავლების პროცესში, ინდუსტრიებთან კოლაბორაციით, სამეცნიერო კვლევების წარმართვისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის იმ წარმატებული მოდელის გაზიარება, რომელიც კორეის უნივერსიტეტშია აპრობირებული და რაშიც აქტიურად ერთვებიან მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებ მოცემულობას.
თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული საინჟინრო-ტექნოლოგიური, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებების უმაღლესი სკოლა, სადაც საგანმანათლებლო და კვლევების პროცესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური წრეები წარმატებით თანამშრომლობენ უმსხვილეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან: შვეიცარიაში – CERN-თან, იაპონიაში – KEK-სა და J-Parc-თან, ამერიკის შეერთებულ შტატებში – FERMILAB-თან; მჭიდრო კონტაქტები გვაქვს უილიხის ცენტრთან, ამერიკის, ევროპისა და აზიის ცნობილ და წამყვან უნივერსიტეტთან. მოხარული ვართ, რომ სამხრეთ კორეის მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი დაინტერესებულია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს გაუხსნას შესაძლებლობა, სწავლა და კვლევები მაგისტრატურის საფეხურზე კორეაში გააგრძელონ. ვიმედოვნებთ, ჩვენი ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები ისარგებლებენ ამ შესანიშნავი, ორმხრივ სასარგებლო შეთავაზებით” – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
შეხვედრაზე კორეის უნივერსიტეტის მაგისტრატურის SK გლობალური სტიპენდიის პროგრამის მენეჯერმა იუნ ბინ იანგმა კორეული უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ლევან რატიანი, რომელიც ამჟამად კორეის უნივერსიტეტის მაგისტრანტი და მრავალელემენტიანი ნანონაწილაკების ტექტონიკის ცენტრის მკვლევარია, სტუ-ის წარმომადგენლებს კორეის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტების ყოფა-ცხოვრების, სასწავლო-კვლევით პროცესებში მათი ჩართულობისა და განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობებზე ესაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, კორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების სტუდენტებთან გაფართოებულ შეხვედრას ჩაატარებენ.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...