სტუ-ის ლექტორმა ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა და პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა, თანაავტორებთან ერთად, ნაშრომში — „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“ (Consumers’ Willingness to Pay for Agri-Food Products Delivered with Electric Vehicles in the Short Supply Chains), ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო.
კვლევა მიზნად ისახავს, დაადგინოს ის ფაქტორები, რომლებიც მყიდველთა ქცევაზე ახდენს გავლენას და ამისთვის იყენებს ონლაინგამოკითხვის მეთოდსა და ტობით (Tobit) რეგრესიის მოდელს შედეგების ანალიზისთვის.
კვლევაში გამოვლინდა სამი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს მომხმარებელთა ქცევას:
- მომხმარებელთა დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ;
- ცოდნა და შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პასუხისმგებლობით შესყიდვებში;
- მეგობრებისა და ნათესავების დადებითი ქცევა (სოციალური ნორმები).
როგორც ნინო ადამაშვილი აცხადებს, ნაშრომი სწავლობს მომხმარებლების მზადყოფნას, გადაიხადონ შედარებით მაღალი ფასი მდგრადი განვითარების ნორმების მაქსიმალური დაცვით მიწოდებულ აგროსასურსათო პროდუქტებში.
ნაშრომში, მაგალითისთვის მოყვანილია სიცილიური ფორთოხალი, რომელიც მიეწოდება მოკლე მიწოდების ჯაჭვით ადგილობრივ ბაზრებზე და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულია ელექტრომობილები, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების პროცესში მინიმუმამდეა შემცირებული გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვი.
“ნებისმიერი ჯილდო სასიხარულოა, რადგან ნიშნავს, რომ იმ გარკვეულ კატეგორიაში შენი ნაშრომი საუკეთესო აღმოჩნდა მაგრამ ამ დონის საერთაშორისო ჟურნალისგან ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდოს მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისევე, როგორც ყველა მკვლევარი, მეც ვცდილობ, პირველ ყოვლისა, საზოგადოებას და ჩემს უნივერსიტეტს ვემსახურო.
შევიტანო წვლილი მეცნიერების განვითარებაში, რომელიც ისევ საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო და არ დარჩება მხოლოდ ფურცლებზე ბუნდოვანი თეორიების სახით.
ეს ჯილდო სწორედ ამას ნიშნავს! გამარჯვებული სტატია არის ყველაზე გავლენიანი, ის არის ყველაზე შედეგიანი, ყველაზე გამოსადეგი, ყველაზე საჭირო სტატია ამ წელს გამოქვეყნებულ აკადემიურ ნაშრომებს შორის. რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო სტატიის ერთ-ერთი ავტორი, ანტონინო გალატი, როგორც კვლევაში შეტანილი წვლილისთვის, ისე ჩემი ცოდნისა და უნარების ამ დონემდე განვითარებისთვის, ცხადია, სხვა ბევრ პროფესორ-მასწავლებელსა თუ კოლეგასთან ერთად როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე ფოჯის, ლუქსემბურგის, ტურინის ტექნიკური და სასწავლო უნივერსიტეტებიდან”, – აცხადებს ნინო ადამაშვილი.
სტატიის ავტორების მთავარი რეკომენდაციაა, მხარი დაუჭირონ ფერმერების არჩევანს ელექტრომანქანებში ინვესტირებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებს ამ გარდამავალი პროცესის ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისთვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთან ერთად ნაშრომის – „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“, თანაავტორები არიან: პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო მეცნიერებების დეპარტამენტის სრული პროფესორი ანტონინო გალატი, ასოცირებული პროფესორი ჯუსეპინა მილიორე, სრული პროფესორი ჯორჯო სკიფანი, ნკვლევარი ჯუზეპინა რიცო და ნიქოზიის უნივერსიტეტში არსებული გნოსისის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტში მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლისთვის პროფესორი ალკის თრასოუ.
ინფორმაციისთვის, ნინო ადამაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხური, შემდეგ კი – ფოჯის უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორანტურა.
ამჟამად იგი პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარია იტალიური ნაციონალური პროექტის W.E. B.E.S.T. PRIN-ის ფარგლებში, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია ამავე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი და გამარჯვებული სტატიის ასევე ავტორი პროფესორი ანტონინო გალატი. ნინო ადამაშვილი კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად პალერმოს, ფოჯის, ლუქსემბურგის, ალკალისა და ტურინის უნივერსიტეტებში.
არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტის წევრი, სესიების წამყვანი, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფების ხელმძღვანელი.
მაღალრეიტინგულ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთაგან 13 Scopus-ის სისტემაშია (9 h-ინდექსით).
ნინო ადამაშვილმა 1 ივლისს, პალერმოს უნივერსიტეტთან ახალი კვლევითი კონტრაქტი გააფორმა.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...