სტუ-ის რექტორი ქართულ სახელმწიფოს და სამეცნიერო საზოგადოებას პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს
„კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო 1999 წლიდან, უკვე 26 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 1999 წლის 23 ივლისის უდიდესი საინჟინრო და სამეცნიერო მიღწევა – ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაშვება – წარსული წარმატება არ არის, ეს საყრდენი წერტილია მომავალი საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ სახელმწიფოს, სამეცნიერო საზოგადოებას, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოსს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილსა და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს ულოცავს და ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
როგორც დავით გურგენიძის მიმართვაშია აღნიშნული, 26 წლის წინ, ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – გასაშლელი რეფლექტორის გაშვებით, ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.
„1999 წლის 23 ივლისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქვეყნის სამეცნიერო განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს კოსმოსში, დამოუკიდებელ ორბიტაზე, გავიდა ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი ქართული კოსმოსური საინჟინრო ნაგებობა – დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით.
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლებლობა აქვთ, სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაატარონ, შესაბამისი ცოდნა კი მომავალ თაობებს გადასცენ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. მიღწევამ აჩვენა, რომ ჩვენ ქვეყანაში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას.
გასაშლელი რეფლექტორის წარმატებული ექსპლუატაცია ადასტურებს, რომ საქართველოში შესაძლებელია ისეთი საინჟინრო ამოცანების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია თანამედროვე კოსმოსურ ტექნოლოგიებთან. ის ფაქტი, რომ მსგავსად რთული ტექნოლოგიური ობიექტი შეიქმნა და დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს დამოუკიდებელ ორბიტაზე, მიუთითებს ქართველ მეცნიერთა და ინჟინერთა მაღალ პროფესიონალიზმზე, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შერწყმის უნარზე.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მისიაა ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნა და იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო პროექტების განხორციელებას. 1999 წლისა და შემდგომი მიღწევები ამის თვალსაჩინო დადასტურებაა, რაც საფუძველს ქმნის მომავალი კვლევითი და ტექნოლოგიური ინიციატივებისათვის.
გილოცავთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეს!”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის მიმართვაში.
ცნობისთვის, 26 წლის წინათ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის – „რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ქმედითი მხარდაჭერით, წარმატებით აგრძელებს კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას.
ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC-თან პარტნიორობის ფარგლებში, მიმდინარეობს თეორიული და ექსპერიმენტული კვლევები კოსმოსური რეფლექტორების და სხვა კოსმოსური ობიექტების პროექტირება-შექმნის მიმართულებით. ამ სამუშაოებისთვის სასტენდო კომპლექსი უზრუნველყოფილია საუნივერსიტეტო სივრცეში, სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრ „ანალიზხელსაწყოში“. სხვადასხვა დროს შესრულდა სამეცნიერო-საინჟინრო სამუშაოები, მათ შორის, გერმანულ კომპანია Daimler Benz Aerospace-თან და იტალიურ Alenia Aerospacio-თან პარტნიორობით, ასევე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით, შესრულდა ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთები გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორის სხვადასხვა ვარიანტის შესაქმნელად.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...