სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – „ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე და მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი ბიოტექნოლოგიების კვირეულის ფარგლებში, სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრში იმყოფებოდნენ.
ბიოტექნოლოგიების კვირეული, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, 14-18 წლის მოზარდებისთვის ტარდება, რაც გულისხმობს ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, მათთვის ინოვაციური აზროვნების და სტარტაპის შენების ძირითადი უნარების განვითარებას, აგროტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიების სწავლების მნიშვნელობის გაზრდასა და საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორთა აქტიურად ჩართვას.
სტუ-ის ბიოტექნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ტექნოლოგიურ კვირეულებში მონაწილეობენ ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აგრარული მიმართულებებით.
პროექტის ფარგლებში 50 მონაწილე ინტენსიურად გადის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ბიოტექნოლოგიებისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით. პარალელურად, მონაწილეები ესწრებიან „მენტორინგ სესიებს“, რა დროსაც საკუთარი იდეებისა და პროდუქტების დახვეწაზე მუშაობენ, დასკვნით ეტაპზე კი საკუთარ იდეებს წარადგენენ.
ეკოლოგიის დოქტორ, პროფესორ მაია კუხალეიშვილის თქმით, ბიოტექნოლოგიის ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დანიშნულებაა მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევა, ასევე აღნიშნული ტექნოლოგიების მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

კერძოდ, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება-გავრცელება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია, კულტივირება და მდგრადი გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მიკრობული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა და ხეხილოვანი კულტურების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება-დანერგვა.
„ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა, კვლევებით შესაძლებელი გახდეს სუფთა პროდუქტის მიღება. კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებია. მათი მიწოდება შესაძლებელია ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების განვითარებას საქართველოში. ფიტოგენეტიკური რესურსის – სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებავი, სანელებელი, შხამიანი – და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება გლობალური კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით ძალზე აქტუალურია. შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამავე დროს მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია მცირემიწიანი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მქონე საქართველოსთვის. კურკოვანი ხილის და ყურძნის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია საშუალებას მისცემს ფერმერებს, აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეინახონ მაქსიმალური დროით, მინიმალური დანაკარგებით და მოახდინონ მათი რეალიზაცია ზამთრის პერიოდში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზეც. ამ მისიის შესრულება მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ: კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა-განახლება (კოლექცია); კარტოფილის ტუბერიზაცია in vitro პირობებში და მიკროტუბერების გატანა ღია გრუნტში ელიტური თესლის მიღების მიზნით და კაკლის in vitro მცენარეების მიღება; ნიადაგის და ბოსტნეული კულტურების ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის და ფუნგიციდის მოქმედების შედარებითი შესწავლა მცენარისა და ნიადაგისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად; სამკურნალო, არომატულ, თაფლოვან, საღებავ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება; მდგრადი გამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში; კურკოვანი, კენკროვანი ხილის, სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება და ბიოქიმიური კვლევა. ახალგაზრდებს სწორედ ამ მიმართულებებზე ვესაუბრეთ და ლაბორატორიები დავათვალიერებინეთ ”, – განაცხადა მაია კუხალეიშვილმა.
როგორც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ზურაბ გუდავაძე აცხადებს, ტექნოლოგიების სწრაფად განვითარება ყოველდღიურად ცვლის ცხოვრებას, ამ ფონზე კი ინოვაციებისა და მეცნიერების პროცესში ახალგაზრდების ჩართვა მნიშვნელოვანია.
„ბიოტექნოლოგიების კვირეულის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, რადგან ეს ახალგაზრდებს უქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური ხედვა და სტარტაპის შექმნის ძირითადი უნარები. პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ვართ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი ქვეყანაში. უნივერსიტეტის გამოცდილება, პროფესიული რესურსი და ინფრასტრუქტურა აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას, ახლოს გაეცნონ ბიოტექნოლოგიის, აგროტექნოლოგიისა და ინოვაციების სამყაროს, რაც საბოლოოდ განამტკიცებს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემას და ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი აღჭურვილია რეგიონში უნიკალური ლაბორატორიებით. აქ წარმოებული კვლევები კი მნიშვნელოვანი და აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. საგულისხმოა, რომ ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია ჩვენი მომავლის ყველაზე ძლიერი საყრდენია და სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები იმდენად დაინტერესდნენ ცენტრში მიმდინარე კვლევებით, რომ მასში ჩართვის სურვილი გამოთქვეს“, – განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...