სტუ-ის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა პრემია და ყოველთვიური სტიპენდია გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის უმაღლესი რეიტინგის მქონე სამი სტუდენტი, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა ყოველთვიური სტიპენდიით დააჯილდოვა, ამასთან ერთად, წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდებით სტუ-ში ჩარიცხული უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი, ამჟამად აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი ბაკალავრი ფონდის პრემიის მფლობელი გახდა.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიატები გახდნენ გასული სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: გეგა ჯერენაშვილი – სამშენებლო ფაკულტეტიდან, უჩა მჭედლიშვილი – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და შოთა იველაშვილი – აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ფონდის პრემია კი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2024/2025 სასწავლო წელს უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტს, ნატალი კუპრეიშვილს გადაეცა, რომელიც არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტია.

სტიპენდიატ და პრემიის მფლობელ სტუდენტებს ჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელმა გოგა ჩანადირმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე გადასცეს, რომელსაც სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების სტუდენტები, დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტების ხელმძღვანელის განცხადებით, სტუ-ის სამივე სტიპენდიატი საგანმანათლებლო ფონდისგან, შემოდგომის სემესტრში, ყოველთვიურად, 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს, ხოლო პრემიის მფლობელ სტუდენტს ფონდი ერთჯერად ჯილდოს – 1500 ლარს გადასცემს.
უმაღლესი რეიტინგის მქონე სტუდენტებს მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა სტუ-ის ვიცე-რექტორმა.
თამარ წერეთლის განცხადებით, საგანმანათლებლო ფონდიდან სტიპენდიისა და პრემიის მიღება მოტივაციას უზრდის არა მხოლოდ ჯილდოს მფლობელ ახალგაზრდებს, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის.
სტიპენდიების მოპოვება ძლიერი სტიმულის მიმცემია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისთვისაც. სასიხარულოა, რომ სტუდენტების შრომა ამდენად ფასდება და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ, სახელმწიფოს გარდა, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდიც გადასცემს ყოველთვიურ სტიპენდიას.
სწავლის წახალისება და მოპოვებული ჯილდოები მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სწავლაზე ორიენტირებული ყველა ახალგაზრდისთვის. სწორედ მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია.
ღრმად ვართ დარწმუნებული, მათ მიმბაძველებიც გამოუჩნდებიან. ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს! ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მსგავსი წარმატება უტყუარი წინაპირობაა იმისა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, როგორც მაღალპროფესიონალებმა, ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში და უნივერისიტეტში შეძენილი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ“, – აღნიშნა თამარ წერეთელმა.
როგორც ფონდის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ბაკალავრმა უჩა მჭედლიშვილმა დაჯილდოების ღონისძიებაზე აღნიშნა, სასიხარულოა, როცა სტუდენტის შრომა ფასდება და მას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის კერძო საგანმანათლებლო ფონდი სტიპენდიას უნიშნავს.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა არა მხოლოდ მოპოვებული სტიპენდიით, არამედ უნივერსიტეტში სწავლის, ახლის შემეცნების პროცესითაც შეძლოს სიამოვნების მიღება და ამასთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს ცოდნის მაძიებლად.
ჯილდოების გადაცემის შემდეგ, გოგა ჩანადირი სტუდენტებს საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის მიზნებისა და მნიშვნელობის, ასევე, მიმდინარე სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...