სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელამ კონცერტი გამართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელა, რომელსაც მიმდინარე წელს დაარსებიდან 60 წელი უსრულდება, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე კონცერტით წარდგა.
ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებით ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 44 წლის განმავლობაში, საუნივერსიტეტო კაპელას სათავეში უდგას მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელის, ბადრი ლებანიძის თქმით, უნივერსიტეტში მუსიკისა და სიმღერის სიყვარულმა შექმნა მძლავრი ტრადიცია, რომელსაც ვაჟთა სახალხო კაპელა ღირსეულად აგრძელებს.
„60 წლის განმავლობაში მრავალი თაობის სტუდენტი, ხელმძღვანელი და თანამოაზრე ქმნიდა ვაჟთა სახალხო კაპელას, სადაც თავიანთი შემოქმედებითი გზა დაიწყეს ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელმწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა; ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ; ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ; „ცისფერმა ტრიომ“ – დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ; „ტრიო თბილისმა“ (ზაზა მამალაძე, რევაზ გუნიავა, ნუგზარ აფხაიძე); ტრიო “სიმმა“ (ზაზა ვეფხვაძე, რეზო გელაშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი); ანსამბლმა „მგზავრებმა“ (გიგი დედალამაზიშვილი, ლაშა დოხნაძე, დათო გოგელია, ბეჟან ამირანაშვილი, გუგა კუბლაშვილი); ანსამბლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ; „ქართული ხმების“ წევრებმა, ძმებმა ბაკურაძეებმა; ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა; ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ.
საქართველოში ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ, მათ შორის არის: „ერისიონი“, „რუსთავი“, საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები.
ექვსი ათეული წელი იყო სიხარულით სავსე შრომის, ხელოვნების სიყვარულით გაჯერებული კონცერტებისა და კულტურული ხიდების გაბმის პერიოდი, არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ. მუსიკა, სიმღერა, ხალხური ტრადიციები და ერთობა, რასაც ჩვენი კაპელა მთელი 60 წლის განმავლობაში ამკვიდრებდა, ქმნის განათლების ორგანულ ნაწილს, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თითოეულ ახალგაზრდას სთავაზობს. ამაშია ჩვენი განსაკუთრებულობა – სტუდენტებს არა მხოლოდ ინჟინერიას, ტექნოლოგიებსა და მეცნიერებას ვასწავლით, არამედ ვუღვივებთ ხელოვნებისადმი სიყვარულს. ამ გზის გაგრძელება ჩვენთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.
შეუძლებელია ხაზგასმით არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მხარდაჭერის შესახებ. სწორედ, აკადემიკოს დავით გურგენიძის ძალისხმევამ შესძინა ახალი სიცოცხლე კაპელას. დღეს ვაჟთა გუნდს აქვს სარეპეტიციო ფართი, საჭირო ინსტრუმენტები, საკონცერტო ფორმა, რისთვისაც რექტორს მადლობას მოვახსენებთ – მადლობა, რომ ჩვენთან ხართ! მადლობა, რომ აფასებთ ხელოვნებას, კულტურას და ქართულ სიმღერას. და დიდი მადლობა ჩვენს უნივერსიტეტს იმ ნიადაგისთვის, რომელზეც მუსიკა და ტექნიკა თანაბრად ძლიერდება“, – ამბობს ბადრი ლებანიძე.
როგორც სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურის მიმართულების კოორდინატორი თამარ გაგნიძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არსებობის ყველა ეტაპზე სტუდენტურ შემოქმედებას დიდი ყურადღება ეთმობოდა, რაც დღემდე გრძელდება.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ოდითგანვე ცნობილია როგორც არა მხოლოდ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევების მქონე ტექნოლოგიური მექა, არამედ უმდიდრესი კულტურულ-შემოქმედებითი ტრადიციების მქონე უმაღლესი სკოლა. სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოში, და ალბათ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, არცერთ უნივერსიტეტს არ ჰყავს ასეთი ძირძველი შემოქმედებითი ჯგუფები! არცერთ სტუდენტურ თვითშემოქმედებით კოლექტივს არ მოუპოვებია სახელმწიფო სახალხო კოლექტივის წოდება – ჩვენ კი ასეთი ოთხი ჯგუფი გვყავს! ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სხვადასხვა წლებში მოღვაწე პოლიტექნიკური ინსტიტუტის თუ აწ უკვე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორების და ადმინისტრაციის ხელშეწყობა და თანადგომა.
ტრადიციები გრძელდება – უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, ჩვენი რექტორი ყოველხრივ უწყობენ ხელს სტუდენტებს, რათა, საგანმანათლებლო პროცესის პარალელურად, მათ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება შესძლონ. ვაჟთა სახალხო კაპელის კონცერტი სწორედ ამის დადასტურებაა – სცენაზე, ახალგაზრდა თაობასთან ერთად, წინა თაობების მომღერლები იდგნენ და ეს იყო დიდი ბედნიერება. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და რექტორის, ბატონი დავითის ხელშეწყობით, კაპელას და ყველა სხვა შემოქმედებით ჯგუფს, კომფორტული მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა აქვს შექმნილი, რათა ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი უნივერსიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ!“ – აცხადებს თამარ გაგნიძე.
1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა; 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი – საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი – ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იმავე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი – საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022);
ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...