სტუ-ში ახალი წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევრებმა, სტუდენტებსა და აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს ცნობილი ამერიკელი მკვლევრების – პაულ და ჰარვი დეიტელების წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ (Python for Computer Science and Data Science) ქართული თარგმანი წარუდგინეს.
900-გვერდიანი სამეცნიერო გამოცემის ქართულ ენაზე თარგმნის პროექტზე, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგრანტო პროექტის – „ამერიკელი ავტორების წიგნების თარგმნის პროგრამის“ ფარგლებში მომზადდა, მუშაობდა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა და მკვლევართა ჯგუფი: დეკანის მოადგილე ლილი პეტრიაშვილი – პროექტის ხელმძღვანელი, დეკანის მოადგილე ნონა ოთხოზორია, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ჩხაიძე და მოწვეული პედაგოგი ნათია ქუხილავა. წიგნის ქართულ ენაზე თარგმანი ეკუთვნის ნანა ქუჩულორიას, რედაქტორი კი ნელი ქაფიანიძეა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი წიგნის – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტების მენეჯერი ანა ხარიბეგაშვილი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) პრეზიდენტი კახა ნადირაძე, საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ „ამერიკელი ავტორების წიგნების თარგმნის პროგრამის“ ფარგლებში მოპოვებული შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოში ამერიკის საელჩოსა და პროგრამის მესვეურებს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის კი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და კანცლერს, პროფესორ კარლო კოპალიანს.
თამარ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ძალისხმევასა და უდიდეს შრომაზე, რაც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ სტუდენტებისა თუ დაპროგრამების შესწავლით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის საერთაშორისო სივრცეში მოწინავე, ამავდროულად, ძალიან ღირებული ახალი სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიეცა უნიკალური შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე შესთავაზოს სტუდენტებსა და დაპროგრამების შესწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს მნიშვნელოვანი სპეცლიტერატურა, რომელიც ცნობილი ამერიკელი მეცნიერების, პაულ და ჰარვი დეიტელების ავტორობით არის შექმნილი.
Python-ი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული ენაა, რომლის პოპულარობის ინდექსი PYPL-ის მიხედვით ყველაზე მაღალია. წიგნში თავმოყრილია Python-ის შესწავლის უნიკალური მიდგომები, ყველაზე აქტუალური თემები და აპლიკაციები, ასობით მაგალითი, სავარჯიშო და პროექტი (EEP), რომელთა შესწავლა სტუდენტებს აძლევს საინტერესო, სახალისო, მაგრამ, ამავე დროს, რთულ წიაღსვლებს Python-ით დაპროგრამებაში, კომპიუტერულ და მონაცემთა პრაქტიკულ მეცნიერებებში.
რაც მთავარია, ამ წიგნის მოდულური არქიტექტურა, რეალური სამყაროს მონაცემთა ეს ნაკრები და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში წვდომა ჩვენს ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ გაიღრმაონ ცოდნა დაპროგრამების მიმართულებით, არამედ იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც არსებითი გავლენა აქვს ჩვენს ყოფითობაზე, ბიზნესსა და ინდუსტრიაზე“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, წიგნი კომპლექსურია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა დიდი ზომის მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.
მისი თქმით, ახალი გამოცემა სტუდენტებს გააცნობს მონაცემთა მეცნიერებაში ყველაზე ცნობილ და ხშირად გამოყენებად ბიბლიოთეკებს, კომპიუტერული მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მთავარ იდეებს, მონაცემთა იერარქიას, დაპროგრამების ენების სხვადასხვა ტიპებს, ამასთანავე, შეუქმნის შესაძლებლობას, Python-ით დაპროგრამების თეორიულ ცოდნასთან ერთად, შეიძინონ პროგრამული ინსტრუქციების წერის პრაქტიკული გამოცდილება და შეძლონ თვითშემოწმება.
ქართულ ენაზე გამოცემული წიგნით – „Python კომპიუტერული მეცნიერებისა და მონაცემთა მეცნიერებისთვის“ – განსაკუთრებული დაინტერესება ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა გამოხატეს.
როგორც ახალგაზრდებმა აღნიშნეს, დაპროგრამების შესასწავლად Python-ი, JavaScript-თან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენაა ინდუსტრიაში, რომელზეც მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. მათი თქმით, სტარტაპების უმეტესობა Python-ზე დაფუძნებულ backend ფრეიმვორქს იყენებს, როგორიცაა Django და Flask-ი.
ახალ გამოცემას მაღალი შეფასება მისცეს და ზოგადად, უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის საჭიროებაზე ისაუბრეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და დარგის მკვლევრებმა.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...