სტუ-ში ამერიკელმა მეცნიერებმა საჯარო ლექცია-სემინარი გამართეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ამერიკელმა მეცნიერებმა გამართეს საჯარო ლექცია-სემინარი თემაზე — „კარიერული შესაძლებლობების კვლევა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე: წარმატებული კარიერა ინჟინერიაში” (Exploring AI-Powered Careers: Preparing for Success in the field of Engineering).
საჯარო ლექციას, რომელიც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის (იმს) ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტისა და სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, უძღვებოდნენ მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან: მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის — კემბრიჯის მობილური ტელემატიკის (Cambridge Mobile Telematics) ინჟინერი, დოქტორი ჩი ჯოზეფ კიაო (Dr. Chi Joseph Qiao), ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ვენგონგ უილიამ ჯინი (Wengong William Jin) და უენტვორთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი ჯილ ანეტ მაკო (Jill Annette Macko).
ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარში, რომელსაც ინტერაქციულ ფორმატში მოდერაციას უწევდა პროფესორი ჯილ ანეტ მაკო, ჩართულნი იყვნენ სტუ-ის საინჟინრო მიმართულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი აშშ-ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT), ბოსტონის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების და ბოსტონის კოლეჯის მაგისტრანტები და დოქტორანტები.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სტუ-ის ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე, იმს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი თალიკო ჟვანია, საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და თავისუფალი მსმენელები.
ლექცია-სემინარზე პროფესორებმა ვენგონგ უილიამ ჯინმა და ჯილ ანეტ მაკომ, ასევე, დოქტორმა ჩი იოსეფ კიაომ მიმოიხილეს ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობები და მისი ზეგავლენა ინჟინერიის დარგებსა და მიმართულებებზე; პრაქტიკულ ქეისებზე დაყრდნობით, ისაუბრეს ინჟინერიის განვითარებასა და მომავალ პერსპექტივებზე, ასევე, სტუდენტებს გააცნეს წარმატებული კარიერული წინსვლის შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. გარდა ამისა, აღნიშნულ ჭრილში, მენტორებმა ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან იმსჯელეს სწრაფად ცვლადი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პირობებში პროფესიული კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნავენ, ამერიკელ მეცნიერთა საჯარო ლექცია-სემინარი მრავალმხრივ საინტერესო და აქტუალურია ნებისმიერი ქვეყნის იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალ პროფესიად ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებებს მოიაზრებენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, ხელოვნური ინტელექტი, თავისი უსასრულო შესაძლებლობებით, მძლავრად იჭრება საინჟინრო დარგებში და მნიშვნელოვნად განაპირობებს მათ შემდგომ განვითარებას. მათი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკისა და უახლესი სამეცნიერო მიდგომების შესახებ საჯარო ლექცია-სემინარზე წარმოდგენილი მასალა, მომავალ ინჟინრებს ხელოვნური ინტელექტისა და საინჟინრო დარგების ურთიერთ-ადაპტაციის პროცესის გააზრებაში კარგ მეგზურობას გაუწევს.
საჯარო ლექცია-სემინარის დასრულების შემდეგ აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტები სტუ-ის რექტორის მოადგილეს მეცნიერების დარგში, პროფესორ თამარ ლომინაძესა და საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორს, პროფესორ ირინე გოცირიძეს შეხვდნენ. სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა კი ამერიკელ თანატოლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტებზე მოქმედი სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები გააცნეს, მათ შორის: იმს ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების უნიკალური ლაბორატორიული კომპლექსი და საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო ინჟინერიის, ჰიდროინჟინერიისა და მექანიკის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, ენერგეტიკის ფაკულტეტის უახლესი ლაბორატორიული ბაზა და სხვ. აშშ-ის უნივერსიტეტების სტუდენტებმა ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის რარიტეტული გამოცემებიც დაათვალიერეს.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...