სტუ-ში ფორუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) თანაორგანიზებით, სიმპოზიუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ გაიხსნა.
სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, კონფლიქტური რეგიონებიდან — უკრაინის ლვოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგეი ბერეჟკო, ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გარინი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეუჟენიუ ვიზირი, გაეროს უნივერსიტეტის შედარებითი რეგიონული ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის (UNU-CRIS) წარმომადგენელი ერიკ პიაჟე, ასევე, ქართული სამეცნიერო დიასპორის, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სიმპოზიუმი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, სამეცნიერო დიპლომატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მეცნიერთა, მძლავრ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევართა ფუნდამენტურ კონცეფციებსა და ერთობლივ კვლევებს ემყარება, მძლავრი ბერკეტია მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს მნიშვნელოვან სიმპოზიუმს – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან. მივესალმებით განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს, თეიმურაზ დოჭვირს, AUF-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფროსს, მუჰამედ კეტატას, ფორუმის მონაწილე ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს – ყველას, ვინც თავისი დაუღალავი ინტელექტუალური შრომით, მეცნიერებისა და განათლების ინტერნაციონალიზაციით, სამეცნიერო კოლაბორაციებით აძლიერებს სამეცნიერო დიპლომატიას.
სამეცნიერო ურთიერთობები და ქვეყნებს შორის კვლევითი კოლაბორაციები მძლავრად ავითარებს სამეცნიერო დიპლომატიას, რაშიც, დაგვეთანხმებით, დიდია უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მის მკვლევართა წვლილი. საქართველოს მთავრობის – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პირადად, მინისტრ გიორგი ამილახვრის უდიდესი მხარდაჭერით, საერთაშორისო კოლაბორაციებში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი მეცნიერები, ქართული სამეცნიერო ცენტრები. ეს კი განაპირობებს ქართული სამეცნიერო-აკადემიური სფეროს საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას, ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოება-გაღრმავებას, ფუნდამენტურ კონცეფციებში, ერთობლივ საერთაშორისო კვლევებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებში ჩართულობას, ხელს უწყობს მეცნიერთა ახალგაზრდა თაობების აღზრდას და გლობალური გამოწვევების ერთობლივად დაძლევისკენ სწრაფვას. სწორედ ყველა ეს პროცესი აყალიბებს სამეცნიერო დიპლომატიას და მსოფლიო მასშტაბით, მძლავრ ბერკეტებს უქმნის მას მშვიდობისა და განვითარებისთვის.
„მეცნიერების გასარწმუნოება და სარწმუნოების გამეცნიერება“- წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდი ილიას ეს სიტყვები არის მისი უმთავრესი ანდერძი და გზავნილი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე დანარჩენი კაცობრიობისთვისაც. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ სიტყვების ჭეშმარიტი არსია სამეცნიერო დიპლომატიის საფუძველთა საფუძველი.
მინდა ჩვენმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანა და ჩვენს მომავალსა და ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში მოვიაზრებთ. ჩვენი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე მრავალი ქარტეხილი გამოიარა, 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უდიდეს წარმატებებს აღწევს – ერთ-ერთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. საქართველო მრავალი პარამეტრით, განსაკუთრებით დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარების მხრივ, წარმატებული და ძლიერი სახელმწიფოა არა მხოლოდ რეგიონში, შესაძლებელია ითქვას, მსოფლიოშიც. ამ პროცესებში დიდია უნივერსიტეტების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. საუნივერსიტეტო დიპლომატია კი, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერ-მკვლევრები და სტუდენტთა მრავალათასიანი არმია ერთობლივად ვქმნით, საერთაშორისო სამეცნიერო დიპლომატიის განუყოფელი ნაწილია.
სიმპოზიუმის თემა და მომხსენებელთა გამოსვლები სრულად ეხმიანება დღევანდელობას, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მსოფლიოში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმის დროულად გამართვისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მონაწილეებს, მეცნიერებს, რომლებიც მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის იღვწიან“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში.
ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) სამხრეთ კავკასიის რეგიონის უფროსი მუჰამედ კეტატა.
როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, სიმპოზიუმის მიზანია, გააერთიანოს მეცნიერება, დიპლომატია, პოლიტიკა და აკადემიური სფეროები და ხელი შეუწყოს სამეცნიერო დიპლომატიის ერთიანი ქსელის შექმნას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მათი განცხადებით, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა გააძლიერებს სამეცნიერო დიპლომატიის როლს და გავლენას იქონიებს დიპლომატიაზე, პოლიტიკის შემუშავებასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სიმპოზიუმი – „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ორ სესიად მიმდინარეობს: მეცნიერება დიპლომატიისთვის; დიპლომატია მეცნიერებისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...