სტუ-ში რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს სახალხო მწერლის, ნოველისტის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
ღონისძიება, რომელსაც უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, სტუდენტები, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პოეტები და მწერლები ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.
როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რევაზ მიშველაძემ, არაერთი გამორჩეული ნოველის ავტორმა და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატმა, თავისი შემოქმედებაში ქართველი ერის სული და ეროვნული ღირსება ასახა.
რექტორის თქმით, რევაზ მიშველაძე დღემდე აგრძელებს ლიტერატურულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოჩენილი მწერლის – ადამიანის, რომლის წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მაგალითია როგორც მისი, ისე ახალი თაობისთვის – რევაზ მიშველაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს აღნიშნავს. ბატონი რევაზის პირადი ცხოვრება სავსეა დიდი ტკივილითა და გმირული თავგანწირვით. ჩვენ ქედს ვიხრით მისი ერთადერთი შვილის, არჩილ მიშველაძის ხსოვნის წინაშე, რომელიც გმირულად დაეცა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. ეს უმძიმესი ტვირთი, ბატონმა რევაზმა ღირსებით ატარა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის სულიერ ძლიერებას და ქვეყნისთვის თავგანწირვას. დღეს, 85 წლის ასაკშიც, ბატონი რევაზი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ამჯერად, მომავალი თაობის აღზრდით. ჩვენთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, უდიდესი პატივია, რომ ის ჩვენი პროფესორია. რევაზ მიშველაძე სტუდენტებს უზიარებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ სულიერ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას.
ძვირფასო ბატონო რევაზ, მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გილოცავთ იუბილეს. მადლობას გიხდით საქმედ ქცეული სიტყვის ძალისა და იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რასაც თქვენ ყოველდღიურად დებთ განათლებისა და ლიტერატურის განვითარებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და მრავალ ბედნიერ წელს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, ხოლო სტუ-ის ქრისტიანული კვლევების ლაბორატორიის წევრმა სტუდენტმა შალვა ხეტიაშვილმა რევაზ მიშველაძისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა.
როგორც შალვა ხეტიაშვილმა აღნიშნა, რევაზ მიშველაძე ახალ თაობებს თავისი სალექციო კურსითა და შემოქმედებით ასწავლის, რომ ცოდნა მხოლოდ ფაქტების თავმოყრა არ არის, არამედ ცნობიერების გაღვიძება, რომ ლიტერატურა არა მხოლოდ ხელოვნებაა, არამედ მოწოდება, პასუხისმგებლობა და გზა ეროვნული თვითმყოფადობისკენ.
„უდიდესი პატივით და სითბოთი სავსე ემოციებით ვდგავარ თქვენ წინაშე დღეს, რათა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით, მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული დღე – თქვენი იუბილე. თქვენი სახელი, ბატონო რევაზ, ოქროს ასოებით არის დაწერილი არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის ისტორიაში, არამედ იმ თაობათა გონებასი, თქვენს შემოქმედებაზე რომ იზრდებოდა და ინსპირაციას იღებდა. თქვენს ტექსტებში ასახულია ერის ტკივილი, სიამაყე, ძლიერება, იმედი, რაც ქართველ ხალხს ყოველთვის თან სდევდა, მაგრამ თქვენი ღვაწლი მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებებით არ შემოიფარგლება. თქვენი ურყევი ერთგულება ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აისახება ჩვენზე, თქვენი შემოქმედება გვახსენებს ფესვებიდან აღმოცენებული ცხოვრების ძალას, იმ ღირსებას, რაც საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ცოდნაა. გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ!“, – აღნიშნა შალვა ხეტიაშვილმა.
ღონისძიების დასასარულს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა იუბილარს ილია ჭავჭავაძის ოქროს მედალი გადასცა.
ცნობისათვის, მწერალ რევაზ მიშველაძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები; არის ღირსების ორდენის, ივანე ჯავახიშვილის მედლის, სტუ-ის ოქროს მედლის კავალერი; მინიჭებული აქვს ქართული კულტურის ამაგდარისა და ქართული პროზის რაინდის წოდებები.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...