სტუ-ში ცნობილი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, ცნობილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საყოველთაოდ აღიარებულ ქიმიკოსს 90 წელი შეუსრულდებოდა. ის, 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრას უძღვებოდა.
პროფესორ გოგი ჭირაქაძის ხსოვნის საღამო, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, ასევე, მეცნიერის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები და აღზრდილები ესწრებოდნენ, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. პროფესორმა ლიანა თარგამაძემ ცნობილი მეცნიერის კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

„მართლაც რომ შეუფასებელია გასული საუკუნის ამ გამორჩეული მეცნიერის, პედაგოგის და მრავალმხრივი ინტერესების მქონე დიდებული პიროვნების ღვაწლი უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე. პროფესორმა გოგი ჭირაქაძემ ერთ-ერთი რთული სამეცნიერო მიმართულება აირჩია – შეისწავლიდა გოგირდორგანული ნაერთების რადიაციულ და ფოტო გარდაქმნას. მან პირველმა შეისწავლა რადიოლიზის პროდუქტების მოკლესიცოცხლისუნარიანი ნაწილაკები და მათი წარმოქმნის კინეტიკა, გამოიკვლია მიღებული ნივთიერებების ბუნება და თვისებები, კვლევების საფუძველზე კი დაადგინა თხევადფაზიანი რადიოლიზისას მაიონიზირებელი გამოსხივებისაგან ქიმიური დაცვის მექანიზმი და შეიმუშავა ალიფატური და ციკლური დისულფიდებისა და სულფიდების, ალკანსულფომჟავების, თიოციანმჟავას სინთეზის პრეპარატიული მეთოდები, რომლებიც მაღალი გამოსავლიანობითა და სისუფთავით ხასიათდებიან.
ბატონი გოგის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურებაა ნიჭიერი ახალგაზრდა თაობების ორგანული ქიმიით დაინტერესება და მათი მოზიდვა უნივერსიტეტში, ორგანული ქიმიის კათედრაზე. სწორედ ახალგაზრდებთან ერთად დაიწყო მან სამეცნიერო კვლევების ახალი სერია ელემენტორგანული ნაერთებისა და აზოსაღებრების სფეროში. მისი ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ნაჯერი ჰეტეროციკლური ფრაგმენტების შემცველი ნაერთების სინთეზი, წარმატებით განხორციელდა ჯერ სილიციუმორგანული ნაერთების, ხოლო შემდეგ მათ ბაზაზე ახალი სილიციუმშემცველი აზოსაღებრების სინთეზი. აღსანიშნავია, რომ სილიციუმის ატომის შეყვანამ აზოსაღებრების მოლეკულაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უკანასკნელთა მედეგობა სინათლისა და სველი დამუშავების მიმართ.
მოგვიანებით, გოგი ჭირაქაძე დაინტერესდა ორგანული სინთეზის კიდევ ერთი, ახალი დარგით – ფაზათაშორისი კატალიზით და მისი ხელმძღვანელობით აზოსაღებრების სინთეზის სრულიად ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა. გარდა ამისა, მისი კვლევები ეხებოდა სპეციალური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრების სინთეზსა და მათი ქიმიური, ფიზიკური და ოპტიკური თვისებების შესწავლას. სწორედ ამ კვლევების ბაზაზე შემდგომში შესაძლებელი გახდა პოლიქრომოფორული საღებრების მიღება.
ფასდაუდებელია გოგი ჭირაქაძის, როგორც შესანიშნავი პედაგოგის ღვაწლი – მან მკვლევართა და პედაგოგთა არაერთი თაობა აღზარდა. მისი მოწაფეები, მეგობრები, კოლეგები დღესაც აღფრთოვანებით იხსენებენ, თუ როგორი ენთუზიაზმით ეწეოდა დიდი მეცნიერი მოზარდი თაობის აღზრდას, მოსწავლეთა და სტუდენტებს შორის ქიმიის პოპულარიზაციას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი მუდამ დიდი სიყვარულით გაიხსენებს სახელოვან მეცნიერს და პედაგოგს, პროფესორ გოგი ჭირაქაძეს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ემსახურებოდა მეცნიერებას, უყვარდა თავისი საქმე, კათედრა, კოლეგები, სტუდენტები. მუდამ გვემახსოვრება ადამიანი – კაცთმოყვარე, უაღრესად დახვეწილი, ფართო ერუდიციითა და გარემომცველი სამყაროს აღქმის უბადლო უნარით, ადამიანი, რომელიც რუტინულ ურთიერთობებს ზეიმად აქცევდა“, – აღნიშნა ლიანა თარგამაძემ.

საღამოს უძღვებოდნენ ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები: ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი გიორგი კოტორაშვილი და ბაკალავრი ილონა შეყილაძე.
საღამოზე პროფესორ გოგი ჭირაქაძის სამეცნიერო დამსახურების შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსებმა: გიორგი კვესიტაძემ, რამაზ გახოკიძემ, რამაზ ქაცარავამ, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა დავით გვენცაძემ, ფაკულტეტის პროფესორმა ნაზი კუციავამ, ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მაია ცინცაძემ, მეცნიერის მეგობრებმა და კოლეგებმა – პროფესორებმა: შუქრი ჯაფარიძემ, ვანო ჭიაურელმა, რაფიელ აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ- თანამშრომელმა გულიკო ნატროშვილმა.
გოგი ჭირაქაძის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ მოგონებებით წარსდგნენ პედაგოგიკის დოქტორი ირინა გოგონაია, პროფესორები: ზურაბ გელიაშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი.
როგორც აღინიშნა, ცნობილი ქიმიკოსი, მეცნიერებასთან ერთად, უზომოდ იყო გატაცებული ხელოვნებით – მუსიკით, თეატრითა და მხატვრობით. ხსოვნის საღამოზე გაჟღერდა გოგი ჭირაქაძის ხმის უნიკალური საარქივო აუდიო ჩანაწერი.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...