სტუ-სთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის – ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს (პორტუგალია, Polytechnic Institute of Beja) შორის თანამშრომლობა, კვლევითი შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ახალ, უფრო პროდუქტიულ ეტაპზე გადავიდა, რომელიც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მათ საშუალება ეძლევათ, კვლევები ჩაატარონ ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რაც სამეცნიერო განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, – ამის შესახებ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჩხარტიშვილი აცხადებს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გაცვლით პროგრამებით არაერთმა სტუდენტმა და მეცნიერ-მკვლევარმა ისარგებლა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელებას გულისხმობს, ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტის, მარია დი ფატიმა კარვალიოს განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორობა არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

მისი თქმით, სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობა, სხვა აგარარულ მიმართულებებთან ერთად, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრიორიტეტული სფეროებია: „თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სასურსათო ტექნოლოგია და მევენახეობა-მეღვინეობის დარგები წარმოადგენს, რომლებსაც ორივე უმაღლესი სკოლა განიხილავს როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს. იგეგმება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ლაბორატორიული პრაქტიკები, საველე ექსპედიციები, რაც ორივე მხარის პროფესიულ განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს მარია დი ფატიმა კარვალიო.
სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლის მარიკა ზვიადაძის განცხადებით, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა წარმოადგენს სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური სინერგიის გაღრმავებას.
„ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან პარტნიორობა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას და ქმნის მდგრად პლატფორმას ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ასეთი სახის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ცოდნის გლობალიზაცია და მრავალდისციპლინური მიდგომები განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორები ხარისხიანი განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესში“, – აცხადებს მარიკა ზვიადაძე.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მევენახეობისა და მეღვინეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ნინო ჩხარტიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ბეჟას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ეფექტურად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, რაც აისახება როგორც წარმატებულ გაცვლით პროგრამებში, ისე მევენახეობა-მეღვინეობისა და სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილ კვლევით პროექტებში.
ნინო ჩხარტიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ.
„ჯიღაურას ბაზაზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გენეტიკური რესურსების გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ქართული ვაზის ჯიშებით საცდელი ვენახის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ვაზის პოპულარიზაციასა და გენეტიკური რესურსების საერთაშორისო დონეზე გავრცელებას. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ განსაკუთრებით ფასეულია მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულება, სადაც ორი ქვეყნის უნიკალური ტრადიციები და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა არსებითად გააძლიერებს ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პროცესს. ამ მიზნით, არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრატეგიულ სამეცნიერო პარტნიორთან – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეებმა უკვე წარმატებით განახორციელეს სწავლისა და პროფესიული განვითარების არაერთი ეტაპი. კერძოდ, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოვიდა 6 აკადემიური, 4 ადმინისტრაციული თანამშრომელი და 4 სტუდენტი, ხოლო საქართველოდან პორტუგალიაში, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიზნით, იმყოფებოდა 11 აკადემიური თანამშრომელი და 14 სტუდენტი. მიმდინარე პარტნიორობა ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინოვაციური ინიციატივებისათვის, რომელშიც აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები და აკადემიური პერსონალი“, – აცხადებს ნინო ჩხარტიშვილი.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...