პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს
პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერსა და საპატიო თავმჯდომარეს,
ბატონ ბიძინა ივანიშვილს
ბატონო ბიძინა!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პატივისცემით ეკიდება უმაღლესი განათლების სისტემაში რეფორმების განხორციელების აუცილებლობას და მიესალმება იმ პრინციპებს, რომლებიც დეკლარირებულია „უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული კონცეფციით“. მაგრამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანება არ გამომდინარეობს აღნიშნული კონცეფციის არსიდან, მიზნებიდან და ლოგიკიდან, შესაბამისად, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც რეფორმითაა განსაზღვრული.
დღემდე აკადემიური საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ფორმულირებები, რომელთა მიხედვითაც დაგეგმილი გაერთიანება — რაც არსობრივად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ინსტიტუციური სტატუსის გაუქმებას ნიშნავს — წარმოდგენილია როგორც უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება. აღნიშნული განცხადებები, დეტალური შინაარსობრივი, სტრუქტურული და სამეცნიერო ანალიზის გარეშე, არ იძლევა საფუძველს კონსტრუქციული და პროფესიული დისკუსიის გასაშლელად.
სამწუხაროდ, დღემდე აკადემიურ საზოგადოებას არ გასცნობია რეფორმის კონცეპტუალური დოკუმენტები, მისი განხორციელების მოდელი, ვადები, ფინანსური უზრუნველყოფის გარანტიები (მექანიზმები) სამეცნიერო კომპონენტი ან რეფორმის შემმუშავებელთა პროფესიული შემადგენლობა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება დაკომპლექტებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში აღიარებული მეცნიერებითა და მკვლევრებით, თუმცა მათ არ ჰქონიათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნული რეფორმის განხილვასა და ფორმირებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვერ განიხილება როგორც რომელიმე სხვა ინსტიტუციის სტრუქტურული დანაყოფი ან „სკოლა“. ჩვენი თითოეული საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი წარმოადგენს დამოუკიდებელ სამეცნიერო-აკადემიურ სკოლას, რომელმაც ჩამოაყალიბა და განავითარა საინჟინრო აზროვნება და პრაქტიკა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო, არის და, რწმენა გვაქვს, იქნება დაფუძნებული ქართველი ინჟინრების ცოდნასა პროფესიულ პასუხისმგებლობაზე. ეს არ არის მხოლოდ ემოციური სიტყვები, ეს არის ტრადიცია, წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის განვითარების საფუძველი.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე იგი უნივერსალურ სასწავლო-კვლევით დაწესებულებად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული სექტორების განვითარებაში. ასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ტაძარია საქართველოში. დიდი ილია თავის დროზე ამბობდა – „თუ ქვეყანას 12 განათლებული ინჟინერი ეყოლება, ის უფრო სწრაფად და მყარად განვითარდება, ვიდრე მხოლოდ სიტყვით მოაზროვნე ადამიანებით”. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არათუ 12, მისი არსებობის 104 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, რომელმაც შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ავტორიტეტითა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით გვიშუამდგომლოთ რეფორმის შემმუშავებელ კომისიასთან, რათა მიმდინარე ეტაპზე აკადემიურ საზოგადოებას მიეწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შინაარსის, მიზნების, განხორციელების მექანიზმებისა და ვადების შესახებ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ღია, გამჭვირვალე და პროფესიულ დიალოგზე დაფუძნებული პროცესი უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ განვითარებასა და ეროვნული ინტერესების დაცვას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების მოთხოვნაა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების საკითხის საპარლამენტო მოსმენამდე, პარლამენტის განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მოხდეს საჯარო განხილვა ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან. ან, მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლების დასწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საპარლამენტო განხილვაზე.
პატივისცემით,
თქვენი მხარდამჭერები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისაკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება
მსგავსი
დავით მაკასარაშვილის ხსოვნას
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის - დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების...
სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის...
სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების...
„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი - „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო...
„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის...
სტუ სტარის დამატებითი კასთინგი
მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები...