არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მიზანია სამეცნიერო კვლევების გაღრმავება და ხარისხის ამაღლება; ინსტიტუტში ახალგაზრდების მოზიდვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა; კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება და დანერგვა სხვადასხვა დარგებში. ამჟამად ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობს ტრადიციული სამი ძირითადი მიმართულებით: მართვის თეორია, მართვის სისტემები და მოწყობილობები, მათ შორის მართვის პროცესები ენერგეტიკულ სისტემებში, და ინფორმატიკა.
დღეისათვის ინსტიტუტში ხორციელდება „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამით (პროგრამული კოდი 32 05 04)“ გათვალისწინებული 2024-2026 წლების სამეცნიერო კვლევების პროგრამა: „რთული სისტემების იდენტიფიკაციის, ოპტიმიზაციის, მოდელირების, კონსტრუირებისა და მართვის აქტუალური პრობლემების კვლევა“, რომელიც მოიცავს 5 პროექტს: მართვის რთული უწყვეტი სისტემების იდენტიფიკაცია, ოპტიმიზაციის უწყვეტი და დისკრეტული ალგორითმების შემუშავება და ანალიზი პრაქტიკაში გამოყენებისათვის; დისტანციურად მართვადი ტექნიკური სისტემების კვლევა და დამუშავება; ავტომატური მთარგმნელის კომპილაციის სისტემის შემუშავება მცირე რესურსის მქონე ენებისთვის; ხელოვნური ინტელექტის მეთოდების გამოყენება სამკურნალო პრეპარატების ეფექტურობის დასადგენად; ელექტროენერგეტიკისა და ენერგოდანადგარების ზოგიერთი აქტუალური პრობლემის გამოკვლევა.