სტუ-ში აგრარული და სასურსათო მიმართულებებით უნიკალური კვლევები ტარდება

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებულ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ლია ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები რამდენიმე მნიშვნელოვან და უნიკალურ კვლევას ატარებენ.

მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში მიმდინარეობს ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიის მეცნიერული შესწავლა, ასევე სტუდენტები მუშაობენ პროპიონჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე, ასევე, პომიდვრის დაავადების გამომწვევი სოკოების საწინააღმდეგო ბაქტერიებისა და სოკოების გამოყოფაზე და მათი თვისებების შესწავლაზე.

როგორც პროფესორი ლია ამირანაშვილი აცხადებს, ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა საქართველოში პირველად მოხდა. ასევე, პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა დაიწყო მუშაობა პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მისაღებად.

„ტენილი ყველი მეცნიერულად დღემდე შესწავლილი არ იყო. ეს არის ტრადიციული არტიზანული მესხური ყველი, რომლის წარმოება ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თუმცა, ფაქტობრივად, მესხეთის მხოლოდ ორ სოფელში მზადდება. ჩვენ შევისწავლეთ არსებული ლიტერატურა და, შეიძლება ითქვას, რომ მწირი ეთნოგრაფიული მონაცემების გარდა, რაიმე მეცნიერული კვლევა ტენილი ყველის მიკრობიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და სენსორული მახასიათებლების შესწავლის თვალსაზრისით, ვერ მოვიძიეთ. ამდენად, თამამად შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად მოხდა ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა. ტრადიციული მეთოდით, ტენილი ყველი მზადდება ცხიმმოხდილი, არატრადიციული მეთოდით კი ცხიმიანი რძისგან დამზადებული ე.წ. „თავი-ყველისგან“. ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში მომზადებული ყველის დამწიფება ხდება ქოთანში ან შუშის ქილაში.

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ნინო ნადირაშვილმა კვლევის პერიოდში, მოიპოვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია, რომლის ფარგლებში, საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში ორი თვის განმავლობაში სწავლობდა ტენილი ყველის თვისებებს. კვლევა დაიწყო ჩვენთან, თუმცა გრანტის ფარგლებში საფრანგეთში გააგრძელა. საქართველოს ტექნიკურ და ლილის უნივერსიტეტებში ჩატარდა დეგუსტაცია. თითოეული უნივერსიტეტიდან 62-62-მა სტუდენტმა, ფაკულტეტის თანამშრომელმა მეცნიერმა და ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოში დიდი მოწონება დაიმსახურა არატრადიციული მეთოდით, ცხიმიანი რძისგან დამზადებულმა ტენილმა ყველმა, როგორც საგემოვნო თვისებებით, ასევე, სტრუქტურით და ცალკეული კომპონენტებით“ – აცხადებს ლია ამირანაშვილი.

მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოში პირველად, სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ტერეზა პაპიანი მუშაობს პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე.

ლია ამირანაშვილი: „პრობიომჟავური იოგურტის მიღება საქართველოში არ ხდება. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ დოქტორანტი მუშაობს ახალი სასმელის მიღებაზე, რომელიც ჰგავს მაწონს, მაგრამ მასში დამატებით არის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პრობიოტიკული პროპიონმჟავა ბაქტერიები. ეს არის კვლევა, რომლის შედეგებით, კერძო სექტორი თუ დაინტერესდება, შეიძლება, მომხმარებელს ახალი ფერმენტირებული რძის პროდუქტი მიეწოდოს.

ასევე აღსანიშნავია აგრარული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტ თამუნა მოდებაძის კვლევა. ის სწავლობს პომიდვრის დაავადების ბიოკონტროლის გზებს, რისთვისაც მან დაავადებული პომიდვრის მცენარიდან და ნაყოფებიდან გამოყო ფიტოპათოგენური სოკოები და მათი ანტაგონისტი ბაქტერიები და სოკოები და სწავლობას მათ თვისებებს. ყველა კვლევას თავისი დანიშნულება აქვს და ვფიქრობ, ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული შედეგები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში თავის წვლილს შეიტანს“ .

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული მიკრობიოლოგიის ლაბორატორია 2016 წლიდან მოქმედებს, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა, სადაც დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან და მეცნიერულ კვლევებს ატარებენ.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?