სტუ-ში რეალური სტუდენტური დიზაინ-პროექტების განხილვა გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, საუნივერსიტეტო სტამბის კეთილმოწყობისა და სათანადოდ აღჭურვის მიზნით, ამ დანიშნულებით გამოყოფილი ახალი სივრცის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად სტუდენტების მიერ შემუშავებული ორიგინალური პროექტები განიხილა.
რექტორს საუნივერსიტეტო სტამბის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის 15 პროექტი და მათი შესაბამისი 3-განზომილებიანი ვიზუალიზაციის პირველადი ვერსიების პრეზენტაციები სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის (International Design School of GTU) ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტებმა დეკანის – პროფესორ მალხაზ რაზმაძის ხელმძღვანელობით წარუდგინეს.
პროექტების განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ფიცხელაური, ფაკულტეტის პედაგოგები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
გაცემული ტექნიკური დავალების შესაბამისად, ყოველი ინდივიდუალური პროექტის ავტორს უნდა წარმოედგინა შესაბამისი ნახაზებითა და ესკიზებით შესრულებული საუნივერსიტეტო სტამბის ექსტერიერისა და ინტერიერის კონცეფციები, ფუნქციური ზონირების სპეციფიკა, ზონებში ფუნქციური დატვირთვების შერწყმის ტექნიკური შესაძლებლობები, ავეჯის ჩამონათვალი და დიზაინი, შერჩეული მასალების გონივრულობის დასაბუთება და ყველა კომპონენტის 3-განზომილებიანი ვიზუალიზაცია.
სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტების მიერ კონცეფტუალური გადაწყვეტებით, ინოვაციური მიდგომებითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალ ტექნიკურ დონეზე შემუშავებულმა 3D პროექტებმა რექტორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დიდი ინტერესი გამოიწვია.
აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სტამბისთვის განკუთვნილი ახალი სივრცის კეთილმოწყობა სწორედ სტუდენტების მიერ შემუშავებული ორიგინალური დიზაინის მიხედვით მოხდეს.
რექტორის თქმით, ეს იქნება პირველი სერიოზული განაცხადი, რაც სამომავლოდ საუნივერსიტეტო სივრცეების სტუდენტური პროექტების საფუძველზე მოდერნიზების პრეცედენტს ჩაუყრის საფუძველს. როგორც რექტორმა აღნიშნა, წარმოდგენილი პირველადი პროექტები ხაზგასმით მიუთითებს, თუ რამდენად ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები სწავლობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რამდენად მაღალია მათი პროფესიული მომზადების დონე.
„მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სტამბის ახალი სივრცის კეთილმოწყობა და აღჭურვა სწორედ ჩვენი სტუდენტების მიერ შემუშავებული ორიგინალური დიზაინ-პროექტების საფუძველზე განხორციელდება. ეს გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ერთი კონკრეტული ობიექტის განახლებას – ამით იქმნება პრეცედენტი, რომ სამომავლოდ უნივერსიტეტის სხვა სივრცეების მოდერნიზება და განვითარება სტუდენტური პროექტების მიხედვით მოხდეს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საუნივერსიტეტო სტამბის შენობის ფასადი გამოდის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ არტერიაზე – მერაბ კოსტავას ქუჩაზე და კარგად მოსჩანს გიორგი სააკაძის მოედნიდანაც. ეს სივრცე ყოველდღიურად ათასობით მოქალაქისა და სტუმრის თვალთახედვაშია, რაც მეტად ზრდის პასუხისმგებლობას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, სტამბის ექსტერიერი იყოს უზადოდ შესრულებული, თანამედროვე, ფუნქციური და ესთეტიკურად გამორჩეული, რათა სამომავლოდ ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცეს.
წარმოდგენილმა პროექტებმა ნათლად დაგვანახა, რამდენად მაღალია ჩვენი სტუდენტების პროფესიული მომზადების დონე, რამდენად კრეატიულები, მოტივირებულები და თანამედროვე ხედვის მატარებლები არიან. მინდა მადლობა გადავუხადო დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს შრომისთვის, იდეებისთვის და მაღალ ტექნიკურ დონეზე შესრულებული პროექტებისთვის.
ამასთან ერთად, მოვუწოდებ მათ, ყურადღებით გაითვალისწინონ განხილვის პროცესში სპეციალისტებისა და პედაგოგების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები, რათა კიდევ უფრო დახვეწონ თავიანთი ნამუშევრები და მომდევნო ეტაპისთვის მაქსიმალურად მომზადებული წარსდგნენ. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი მუშაობით მივიღებთ იმ სასურველ შედეგს, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი უნივერსიტეტის მასშტაბს და დიზაინის თანამედროვე სტანდარტებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
საუნივერსიტეტო სტამბის ახალი სივრცის ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის შექმნის მიზნით საუკეთესო სტუდენტური პროექტების გამოსავლენად განხილვა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს საუნივერსიტეტო სტამბის ექსტერიერისა და ინტერიერის პროექტების შემუშავება-წარდგენა სასწავლო აქტივობად ჩაეთვლებათ. 15-ვე სტუდენტი პედაგოგებისგან შესაბამის შეფასებებს მიიღებს.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...
