სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს
საქართველოში წარმატებული სტუდენტებისთვის მოქმედებს პროგრამა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სემესტრულად გაიცემა და თვეში 150 ლარს შეადგენს. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, სტიპენდიის მიღების კრიტერიუმებს კი თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ.
აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.
სტიპენდიები სტუ-ის ბაკალავრიატის I, II, III და IV კურსის იმ სტუდენტებზე გაიცემა, რომლებსაც სასწავლო წლის სემესტრის სესიების შედეგების მიხედვით აქვთ მაღალი რეიტინგი (რეიტინგის მაქსიმალური ქულის ოდენობა ყოველწლიურად იცვლება). სტიპენდიანტს ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისიები არჩევენ.
სტუ-ში გარდა პროგრამისა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, არსებობს საფაკულტეტო სახელობითი სტიპენდიები. შესაძლებელია სტუდენტმა, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, სახელობითი სტიპენდიაც მიიღოს, თუკი კონკურსის წესის შესაბამისად, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.