სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წარმომადგენლების: გია პეტრიაშვილის, ქეთევან ჩუბინიძის, ანდრო ჭანიშვილის და ნინო ფონჯავიძის შემადგენლობით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო თხევადკრისტალურ კონფერენციაში – ECLC-2025, მონაწილეობა მიიღო. 

საერთაშორისო თხევადკრისტალური კონფერენცია პრაღაში (ჩეხეთი) გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 200-ზე მეტმა წამყვანმა მეცნიერმა. ECLC-2025 – ზე პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ ქართველი მეცნიერები იყვნენ მიწვეული.

Untitled design (2).png

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა მოხსენებებით:

  • ტემპერატურით გადაწყობადი ქოლესტერულ თხევადკრისტალურ სარკეზე დაფუძნებული ჰიპერსპექტრალური გამოსახულების ხელსაწყო;
  • თხევადკრისტალურ მიკროსფეროებზე დაფუძნებული შიდა და გარე სტიმულაციებზე რეაგირებადი წამლის მიწოდების ჭკვიანი სისტემები;
  • კონუსური ფორმის გამოსხივება საღებარჩამატებული ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენიდან;
  • სპიროპირანით ჩამატებულ თხევადკრისტალურ პოლიმერულ ფირზე დაფუძნებული მრავალჯერადად გამოყენებადი UVA/UVB რადიაციის დოზიმეტრი და ლაზერული გამოსხივება ქოლესტერული თხევადკრისტალური ფენის ფართე უბნიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, გია პეტრიაშვილის თქმით, ქართველი მეცნიერების მიერ წარდგენილმა მოხსენებებმა, კონფერენციის მონაწილეებს შორის, დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გაიმართა დისკუსიები და სამეცნიერო მსჯელობები მოცემული საკითხების ირგვლივ. კონფერენციის მონაწილეთა დიდმა ნაწილმა სურვილი და დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის, Horizon Europe და Nato-ს ფარგლებში. 

„ECLC-2025-ის კონფერენციაში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული და სამეცნიერო გამოცდილება იყო, იმდენად, რამდენადაც თხევადკრისტალური მასალების კვლევის სფეროში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს აერთიანებს. ფაქტი, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ საქართველოდან ვიყავით მიწვეული, და თავად საქართველოდან მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა მივიღეთ მონაწილეობა, მოწმობს ჩვენი ქვეყნისა და კონკრეტულად ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ გაზრდილ ნდობასა და ინტერესს, რაც უდავოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, უშუალოდ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სწორი პოლიტიკის დამსახურებაა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმები არა მხოლოდ ჩვენი კვლევების გაცნობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს, არამედ საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენასაც ემსახურება. კონფერენციაზე წარმოდგენილი შედეგებისადმი გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ მეცნიერებას თანამედროვე სამეცნიერო სივრცეში სიტყვა ეთქმის “, – აცხადებს გია პეტრიაშვილი. 

სტუ-ის სტუდენტებს, რომლებიც “პარაგრაფი თბილისში” სტაჟირებას გაივლიან, ავსტრიის ბიზნეს სექტორის ექსპერტები ტრენინგს ჩაუტარებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებმა, სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“  მენეჯმენტის გუნდის და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმროში გამართულ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღეს.   

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა  და სამომავლო კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობების შეთავაზებას.  ფორუმის ფარგლებში სტუდენტები სასტუმროს ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო სესიებში და გასაუბრებებზე საკუთარი თავის კონკრეტული პოზიციები წარადგინეს. 

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ბორის გითოლენდიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალგაზრდების პროფესიული ზრდას უწყობს ხელს.

Untitled design (1).png

„დღევანდელი ინჟინერიული განათლება ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ აუდიტორიული გამოცდილებით. თანამედროვე შრომითი ბაზარი ეძებს სპეციალისტებს, რომლებიც არამხოლოდ ფლობენ პროფილურ კომპეტენციებს, არამედ იცნობენ ინდუსტრიის დინამიკას, საჭიროებებს და იციან, როგორ გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკაში. სწორედ ასეთ ფორუმებში  მონაწილეობა აძლევს სტუდენტებს საშუალებას, შეამოწმონ საკუთარი პროფესიული მზაობა, გაეცნონ სექტორულ მოთხოვნებს და მიიღონ გადაწყვეტილება. ფაკულტეტისთვის ეს არის უკუკავშირის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს სასწავლო პროგრამა ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და შრომითი ბაზრის სწრაფ ცვლილებებზე“, – აცდახებს დეკანი.

სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ მენეჯმენტის ორგანიზებით, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის იმ სტუდენტებსთვის, ვინც „პარაგრაფი თბილისში“ გაივლიან სტაჟირებას, ავსტრიის ბიზნეს სექტორის წამყვანი ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგს. 

„სტუდენტებისთვის ტრენინგი, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების კომპანიების ექსპერტების ჩართულობით, როგორიცაა ავსტრია, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს როგორც პროფესიული, ისე ინტელექტუალური ზრდის თვალსაზრისით. ამ ფორმატის თანამშრომლობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, რეალურ სამუშაო გარემოში შეისწავლონ ინჟინერული პრაქტიკის ევროპული სტანდარტები, ინტეგრირდნენ მრავალპროფილურ გუნდებში. გარდა ამისა, მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს იმ ტიპის ინჟინრის ფორმირებას, რომელიც არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზეც კონკურენტუნარიანია.

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ღირსების ორდენის კავალერის, საბერძნეთის არქეოლოგიური საზოგადოებისა და საბერძნეთის მწერალთა კავშირი საპატიო წევრის, საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენის კავალერის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებსა და მის აღზრდილებს.

„მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პიროვნების გარდაცვალება ტოვებს იმ სიცარიელეს, რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია. აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის გარდაცვალებით ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დააკლდა მკვლევარი, რომელმაც კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულებებს ახალი, მეთოდოლოგიურად გამართული კვლევითი პერსპექტივა მისცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი იმ სამეცნიერო სივრცის ფორმირებაში, სადაც ჰუმანიტარული განათლება და  მეცნიერება ისტორიის, ენის და ეროვნული იდენტობის  გააზრების საფუძვლია. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევართა სახელით ვუსამძიმრებ რისმაგ გორდეზიანის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს, აღზრდილებს, მეგობრებსა და მთელ ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას. 

რისმაგ გორდეზიანის მოღვაწეობა სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების საგანძურში “, – აღნიშნულია რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმარში.

ცნობისათვის:

  • რისმაგ გორდეზიანმა 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი;
  • 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი;
  • 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი;
  • 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რისმაგ გორდეზიანი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორია. 

სატელევიზიო პროექტი სტუდენტებისთვის – წარმოაჩინე სტუ-ის სტუდენტური პოტენციალი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ვიწვევთ მონაწილეობისთვის ახალ ინტელექტუალურ სატელევიზიო პროექტში, რომელიც მოიცავს ცოდნას, გუნდურ თანამშრომლობას და ლოგიკაზე დაფუძნებულ შეჯიბრს.

ეს არ არის მხოლოდ თამაში — ეს არის შანსი წარმოაჩინო შენი ცოდნა, სწრაფი აზროვნება და კომუნიკაციის უნარი ფართო აუდიტორიის წინაშე.

თუ ხარ: ცნობისმოყვარე, მოტივირებული, კომუნიკაბელური, მზად ხარ გამოცადო საკუთარი თავი და წარმოაჩინო სტუ-ს სტუდენტური პოტენციალი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

შემოუერთდი ინტელექტუალურ თამაშს — განვითარდი, გაერთე და დაწერე გამარჯვების ისტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით!

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.

საერთაშორისო კონფერენცია – Smart Economic Planning and Industrial Policy 2025

14-15 ოქტომბერს, ოსტიმის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ნევადის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ანკარაში საერთაშორისო კონფერენცია – Smart Economic Planning and Industrial Policy (SEPIP 2025), გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ ფორმატით.

SEPIP 2025-ის მიზანია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მკვლევრების, პრაქტიკოსების, მარეგულირებლებისა და პოლიტიკის შემქმნელების შეკრება, რათა ერთმანეთს გაუზიარონ აკადემიური კვლევების შედეგები, შეხედულებები და პრაქტიკული გამოცდილება.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია:

  • ინდუსტრიული პოლიტიკა
  • სავაჭრო ომები
  • ეკონომიკური განვითარება ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე.

რეგისრაციისა და სხვა დამატებითი დეტალების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოს „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორების – შპს „გრინნნეტი“, საერთაშორისო ორგანიზაცია „ცისცოს ქსეული აკადემია“ – ჩართულობით, საქართველოს პროფესიული კოლეჯების მოსწავლეებს შორის IT მხარდამჭერის სპეციალობაში გამართული სტუდენტური ოლიმპიადის დახურვის და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. 

სტუდენტური ოლიმპიადა, რომლის მიზანია პროფესიული განათლების სფეროში ჩართულ ახალგაზრდებში IT მხარდაჭერის სპეციალობის პოპულარიზაცია, მათთვის პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა და სფეროში ინტერესის გაზრდა, წელს მესამედ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 21 პროფესიული სასწავლებლის, მათ შორის: 14 სახელმწიფო, 3 ა(ა)პი კოლეჯის, 2 კერძო სასწავლებლის და 2 საჯარო სკოლის (ზუგდიდის და ლაგოდეხის), 160-ზე მეტმა სტუდენტმა და მოსწავლემ. 

Untitled design (8).png

სტუ-ის პროფესორის ზაზა ცირამუას თქმით, სტუდენტური ოლიმპიადის პირველი ტური, ონლაინ რეჟიმში, პროექტში ჩართულ კოლეჯებში ერთდროულად ჩატარდა. თითოეული კოლეჯიდან საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდა, რომლებმაც ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღეეს. ფინალური ტური, ცოცხალ ფარმატში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც 23-მა ფინალისტმა მიიღო მონაწილეობა. 

„ IT მხარდაჭერის სპეციალობის პოპულარიზაცია აუცილებელია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ახალგაზრდების უნარების სინქრონიზაციისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ოლიმპიადები კი, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პროფესიული განათლების ხარისხის ასამაღლებლად, ისე ახალგაზრდების მოტივაციის გასაზრდელად. მონაწილეები რეალურ სამუშაო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ ამოცანებს ასრულებენ, რაც მათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები და მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთიან პროფესიულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას. მადლობა თითოეულ მონაწილეს, კოლეჯების წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ზაზა ცირამუამ. 

ფინალურ ტურში 4 საუკეთესო სტუდენტი გამოვლინდა. ადგილები ასე გადანაწილდა:

  • I ადგილი – მამუკა ლაგვილავა, სსიპ კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“– 99 ქულა;
  • II ადგილი – ნიკა ბურდული, სსიპ “კასპის კოლეჯი” – 98 ქულა;
  • III ადგილი – ნიკოლოზ ეჯიბია, სსიპ კოლეჯი „მერმისი” – 95 ქულა;
  • III ადგილი – ნოდარი ქებურია, სსიპ – კოლეჯი ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, 95 ქულა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მკვლევრის, საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსის, ღირსების ორდენის კავალერის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, გარდაცვლილის კოლეგებს, მეგობრებსა და აღზრდილებს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ინჟინერისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ნუგზარ უფლისაშვილის გარდაცვალების გამო. ნუგზარ უფლისაშვილის მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობა, ენერგეტიკის სფეროში შეტანილი გამორჩეული წვლილი და პედაგოგიური საქმიანობა შეუფასებელი საგანძურია ჩვენი ქვეყნის აკადემიური და სამეცნიერო ისტორიისთვის. მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები და ინოვაციური მიდგომები დღემდე აქტუალურია. განსაკუთრებული აღსანიშნავია ნუგზარ უფლისაშვილის ღვაწლი მომავალი თაობების აღზრდისა და პროფესიული გაძლიერების საქმეში. მას გამორჩეული პედაგოგიური მიდგომა და უნარი გააჩნდა, ახალგაზრდებში განევითარებინა არა მხოლოდ სპეციალური ცოდნა, არამედ პროფესიული ეთიკა და საქმისადმი ერთგულება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვუსამძიმრებთ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებსა და აღზრდილებს“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

ცნობისთვის: ნუგზარ უფლისაშვილი მუშაობდა ხრამის ჰესების კასკადზე მორიგე ინჟინრად, ელექტრო ლაბორატორიის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრად; 1974-1978წწ.

იყო “საქმთავარენერგოს” ცენტრალური სადისპეტჩერ სამსახურის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი; 1978-1980წწ. – მშენებარე ენგურჰესის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1983წწ. – მუშაობდა სახელმწიფო ინსპექციაში; 1983-1985წწ. იყო შაორი-ტყიბულის ჰესების კასკადის დირექტორი; 1987 წელს – “საქმთავარენერგოს” მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი; 1988 წლიდან – ხრამჰესის კასკადის დირექტორი; 2000 წელს – “AES-ხრამის” გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2004-2007წწ.

იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტრო ენერგეტიკის დეპარტამენტში; 2007-2014წწ. მუშაობდა კომპანიაში “აუდიტ-შემეცნება”, ექსპერტად; 2014 წლიდან კი “საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციაში”. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, ენერგეტიკის, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის პრობლემებზე.

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები 2026-2027 აკადემიური წლისთვის

სამეცნიერო და გაცვლითი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, შვეიცარიის მთავრობა ყოველწლიურად აცხადებს სტიპენდიების კონკურსს 180-ზე მეტ ქვეყანაში.
 
2026-2027 აკადემიური წლისთვის სტიპენდიები განკუთვნილია სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და კვლევითი მიმართულებებისთვის. 

დაინტერესებულ პირებმა უნდა მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisi@eda.admin.ch.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 ნოემბერი, 15:00 საათი.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პოლიტიკის კვლევების ეროვნული სამაგისტრო ინსტიტუტის (GRIPS) სასტიპენდიო პროგრამები

პოლიტიკის კვლევების ეროვნული სამაგისტრო ინსტიტუტი (GRIPS, იაპონია)აცხადებს საერთაშორისო სტიპენდიებს სამაგისტრო სწავლების შემდეგი მიმართულებებით:

  • ეკონომიკა
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საოპერაციო კვლევები
  • განვითარების პოლიტიკა

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რეგისტრაციის ვადები და განაცხადის წარდგენის წესი განსხვავდება პროგრამების მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა დეტალები უნდა დააზუსტონ უშუალოდ ინსტიტუტთან ან ზემოთ მითითებულ ვებგვერდზე. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვლადიმერ (ზაურ) ფადიურაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ვლადიმერ (ზაურ) ფადიურაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. 

ბატონმა ვლადიმერმა ცხოვრება და საქმიანობა მიუძღვნა მეცნიერების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდას. მისი სამეცნიერო ნაშრომები, გამოგონებები და ინოვაციური იდეები წარმატებით დაინერგა პრაქტიკაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში. 

ვლადიმერ (ზაურ) ფადიურაშვილი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება უანგარო მენტორად, რომელიც მაგალითს აძლევდა სტუდენტებსა და ახალგაზრდა ინჟინრებს, პროფესიონალად და მაღალი ადამიანური ღირსებების მეცნიერად. 

ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ნათელში იყოს. 

ვლადიმერ ფადიურაშვილი იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და სსგ „ანალიზხელსაწყოს“ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი.

Support

Why are you writing to us?