დავით მაკასარაშვილის ხსოვნას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს ადმინისტრაციის გამორჩეული თანამშრომლის – დავით მაკასარაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.  

„71 წლის ასაკში დაგვტოვა ჩვენმა გამორჩეულად საყვარელმა კოლეგამ – თანამშრომელმა დავით მაკასარაშვილმა. მან პირველად 1971 წელს შემოაბიჯა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში როგორც სტუდენტმა, წარჩინებით დაამთავრა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი და მას შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, ღირსეულად ემსახურებოდა საუნივერსიტეტო საქმეს მშობლიურ ფაკულტეტზე თუ  სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტში – ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მისი პროფესიული თვისებები და ადამიანური ურთიერთობები ყოველთვის იმსახურებდა თითოეული ჩვენგანის უდიდეს პატივისცემასა და სიყვარულს. 

გულისხმიერებით, კეთილგანწყობით, კაცთმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით დათო მაკასარაშვილს თავისი წვლილი შეჰქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში. მისი ხსოვნა მუდამ დარჩება უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.

სამძიმარს ვუცხადებთ დათო მაკასარაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში. 

სტუ-ის სტუდენტები სტაჟირებას აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აზერბაიჯანის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია  SOCAR-თან აფილირებულ SOCAR Midstream Gas Operations-ის (SMGO) ბაქოს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მათგან კომპანიის საქმიანობის, სტრატეგიის, სამომავლო გეგმების, ასევე, სტაჟირების პროგრამების გავლისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია გაიზიარეს.

SOCAR Midstream Gas Operations-ი მზადყოფნას გამოთქვამს მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პირველ ეტაპზე უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტების ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ასევე ახაგალზრდა მკვლევრები კომპანიის სათავო ოფისსა და საქართველოს წარმომადგენლობაში დასაქმების პერსპექტივით დააინტერესოს. 

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებთან 2-დღიან შეხვედრაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულებების – ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, სამშენებლო, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტების ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, მათ შორის ეთნიკური აზერბაიჯანელი სტუდენტები, ასევე, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე და შესაბამისი ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები.

სტუდენტებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ი წარუდგინა სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბატონმა ზაზა ბუაჩიძემ.

1.png

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს თანამშრომლობას კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-თან, რაც ჩვენს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს, უშუალოდ ჩართონ  რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მართვის პროცესებში. საქართველოს მთავრობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეს ახალი პარტნიორობა ესახება ერთ-ერთ ყველაზე რეალურ გზად იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთონ თანამედროვე საინჟინრო გამოწვევების გადაჭრაში და პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო პროფესიონალებისგან მიიღონ. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ის ფაქტი, რომ SMGO მათ არა მხოლოდ სტაჟირებას, არამედ სამომავლო დასაქმების პერსპექტივასაც სთავაზობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა კომპანიებმა, მათ შორის რეგიონულმა, ახალგაზრდებს რეალური სამუშაო გარემო შესთავაზონ შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რაც გრძელვადიანი ინვესტიციაა ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაში. დარწმუნებული ვართ, SOCAR Midstream Gas Operations-ი მათ თანამშრომლობის მაღალ სტანდარტს შესთავაზებს. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გაცილებით ფართომასშტაბიანი გახდება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, უზრუნველყოს საუკეთესო საინჟინრო კადრების მომზადება, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მსხვილ ენერგოპროექტებში წარმატებით ჩაერთვებიან“, – აღნიშნა ზაზა ბუაჩიძემ.

SOCAR Midstream Gas Operations-ის ბაქოს და თბილისის ოფისების ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებმა – ჯამილა მურსალოვამ, აიტენ მამედოვამ, გუნაი გულიევამ და ნინო მაისურაძემ ახალგაზრდებს 2015 წელს სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის უშუალო მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის მისია, მიზნები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს. მათი თქმით, SOCAR Midstream Gas Operations-ი რეგიონულ და საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, და ახორციელებს გაზის სახმელეთო ექსპორტის მილსადენებისა და ობიექტების, მათ შორის უმსხვილესი საინჟინრო ნაგებობების – სამხრეთ კავკასიის მილსადენის (SCP), ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის (TANAP) და ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მართვა-ზედამხედველობას; როგორც SMGO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, კომპანიის სურვილია მჭიდროდ ითანაშრომლოს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთა ტერიტორიაზე ტრანსსასაზღვრო მილსადენები გადის და უპირველეს ყოვლისა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთ მნიშვნელოვან აქტორთან, როგორიც საქართველოა.  

მათი თქმით, SMGO კარიერული განვითარების პროგრამებსა და სტრუქტურებს მაღალ დონეზე აყალიბებს, ქმნის საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის სამუშაო პირობებს, რათა სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ისე თანამშრომლებს. SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით, გამოხატეს მზაობა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაინტერესებულ სტუდენტებს, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა შესთავაზონ. 

აზერბაიჯანული კომპანიის საქართველოს ოფისის საინჟინრო მიმართულების მენეჯერებმა – სერგო სამხარაძემ, გიორგი ასანიძემ, მერაბ სალუქვაძემ და იასე სიჭინავამ სტუდენტებს კომპანიის საინჟინრო-ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები გააცნეს და იმ ინოვაციურ მიდგომებზე გაამახვილეს ყურადღება, რასაც კომპანია სამუშაო პროცესში იყენებს და ეტაპობრივად ნერგავს ახალი ტექნოლოგიების სახით; მათ შორის ესაუბრნენ  SCP-ის კომერციული ოპერატორის ფუნქციებზე, SCP სისტემის კომერციული და ტექნიკური გაფართოების შესაძლებლობებზე, SCP-ის, TANAP-ის და TAP-ის კომერციულ, ტექნიკურ და ოპერაციულ საქმიანობაზე, კომპლექსური ოპერაციული რისკების შემცირებაზე. 

მომდევნო დღის შეხვედრა SOCAR Midstream Gas Operations-ის წარმომადგენლებმა ფოკუს-ჯგუფების ფორმატში გააგრძელეს. სტუ-ის სტუდენტები, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, სასურველი მიმართულების ფოკუს-ჯგუფებში გაერთიანდნენ და კომპანიის წარმომადგენელთა ბლიც ამოცანების გადაჭრაზე იმუშავეს. 

როგორც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, სხვადასხვა მიმართულების ფოკუს-ჯგუფი კომპანიის მხრიდან მიზნობრივად შეიქმნა, რათა ყველაზე მეტად მოტივირებული და ნიჭიერი სტუდენტები, კურსდამთავრებულები თუ დარგის მკვლევრები პროფესიების მიხედვით გამოავლინოს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი პასუხისმგებლობაა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც მათ პროფესიულ ზრდას, კარიერულ წინსვლასა და რეალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი ამოცანაა, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად დავაკავშიროთ პრაქტიკულ შესაძლებლობებთან და სტუდენტები თანამედროვე საინჟინრო ბაზრის მოთხოვნებისთვის მოვამზადოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პარტნიორობა SOCAR Midstream Gas Operations-თან და მსგავსი პროფილის რეგიონულ თუ საერთაშორისო მოთამაშეებთან, რომლებიც ახალგაზრდებს მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოცდილებას სთავაზობენ. რაც უფრო მეტი სტუდენტი დასაქმდება რეგიონულ და საერთაშორისო კომპანიებში, მით უფრო გაიზრდება ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი კურსდამთავრებულების რეპუტაცია როგორც  რეგიონში, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ასეთ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის პროფესიული რესურსის გაძლიერებისთვის. უნივერსიტეტი ზრუნავს, მოტივირებულ ახალგაზრდებს შეუქმნას შესაძლებლობა, სრულად გამოავლინონ პოტენციალი. ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც SOCAR Midstream Gas Operations-თან ერთად შევქმენით, საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ საუკეთესო ახალგაზრდები და მათ კარიერული წინსვლის რეალური გზები შევთავაზოთ“, – ამბობს ნატო ქათამაძე.

ფოკუს-ჯგუფებთან მუშაობის შედეგებს კომპანია SOCAR Midstream Gas Operations-ის HR-მიმართულების წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურს გაუზიარებს, შესაბამისად, სტაჟირების პროგრამებში ფოკუს-ჯგუფებით გამოვლენილ საუკეთესო კანდიდატურებს მიიწვევს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროპული კვლევები: წარსული აწმყო მომავალი“

23 დეკემბერს,  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ევროპული კვლევები: წარსული აწმყო მომავალი“ ჩატარდება. 

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული;

კონფერენციის თემატური მიმართულებები: 

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სამართალი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  • სოციალური მეცნიერებები;

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
  • სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;
  • დამოუკიდებელ მკვლევარებს.

კონფერენციის მიზანი: ევროპული კვლევების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია;

ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში, ხოლო საუკეთესო სტატიები ღია წვდომის ელექტრონულ ჟურნალში „საქართველო და ევროპა“;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;

კონფერენციაში მონაწილეობა: უფასო;

აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 დეკემბერი; 

წინასწარი რეგისტრაციის ბოლო ვადა:  2025 წლის 18 დეკემბერი; 

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა: 2025 წლის 20-21 დეკემბერი;

კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2025 წლის 23 დეკემბერი;

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი. თბილისი. კოსტავას ქ. #77;

კონფერენციის ორგანიზატორი: სტუ-ის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე: conference.cea.2023@gmail.com.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

სტუ სტარის დამატებითი კასთინგი

მსურველთა მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ სააქტო დარბაზში, სტუ სტარის დამატებითი კასთინგი ჩატარდება. მსრუველები დარეგისტრირდით ბმულზე.

პროექტი ოთხი ეტაპისგან შედგება: კასთინგი, პირველი ტური, მეორე ტური და საფინალო ტური გალა კონცერტით. 

გაიარე ოთხვე ეტაპი და გახდი სტუ-ის ვარსკვლავი, შენი ხმა შენი შანსია!

„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი – „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ (Skills, Tools, and Teaching Excellence) გაიმართა.

კიბერუსაფრთხოების მასტერკლასს, რომელიც CIF საგრანტო პროექტის „CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის” ფარგლებში ჩატარდა, სფეროს აღიარებული პროფესიონალი, სტამბოლის იშიქის უნივერსიტეტის (Işık University, თურქეთი) პროფესორი – ბარიშ ჩელიქთაში უძღვებოდა.

მასტერკლასის თემატიკა სრულად იყო მორგებული კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და კვლევების თანამედროვე მოთხოვნებთან და მიზნად ისახავდა როგორც პედაგოგიური, ისე ტექნიკური კომპონენტების გაძლიერებას.

სამდღიან მასტერკლასში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ხელოვნური ინტელექტის, მათემატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის, მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის, ინტერდისციპლინური ინფორმატიკის, საინჟინრო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ააკადემიური დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები.

Untitled design (1).png

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სწავლება-სწავლის პროცესი დღეს უკვე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოთხოვს, ამდენად, ინტენსიური მასტერკლასი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროს აღიარებულმა პროფესიონალმა და მკვლევარმა ჩაატარა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„კიბერუსაფრთხოების მასტერკლასის ინტერაქციული ფორმატი, პრაქტიკული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ჩვენს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო განავითაროს თავისი პედაგოგიური და ტექნიკური კომპეტენციები. საგულისხმოა, რომ მასტერკლასის სამივე დღე გამოირჩეოდა დინამიკითა და აქტიური ჩართულობით – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ დისკუსიებში, განიხილავდნენ რეალურ ქეისებს, აყალიბებდნენ საერთო ხედვებსა და მიდგომებს საგანმანათლებლო პროცესზე.  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქ კოლეგას ჩვენი უახლესი გამოცდილებაც გავუზიარეთ, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის მყარი საფუძველი გახდება. დარწმუნებული ვარ, ახალი ცოდნა და უნარები დადებით ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესზე და სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული გარემოს გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.

„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში

18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ვორქშოფი – „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“   ჩატარდება.

ღონისძიება “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის დაარსების 45 წლისთავს ეძღვნება.  

ღონისძიების მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

მსურველებმა რეგისტრაციის ფორმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: ecologist404@gtu.ge.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 დეკემბრის 18:00.

ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. 

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 18 დეკემბერს გასვლითი ტური კომპანია RMG -ში. მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით. შეკრების ადგილი სტუ-ის II კორპუსი, 10:00 საათი.

ვორქშოფი გაგრძელდება 19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის XI კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (სართული V).  

მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზ. N17;   

საკონტაქტო პირები:

  • პროფესორი – დიმიტრი ერისთავი, ტელ.: 599 11 56 70;
  • ასოცირებული პროფესორი – მაია ქავთარაძე, ტელ.: 599 36  01 10.

სტუ-ში შიდა საუნივერსიტეტო ტურნირი შვიდკაცა რაგბიში გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის პირველობა შვიდკაცა რაგბიში გაიმართა, რომელშიც უპირობო გამარჯვება და უნივერსიტეტის ოქროს თასი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდმა მოიპოვა. 

საუნივერსიტეტო პირველობაში სტუ/ყოჩების მოედანზე მოასპარეზე სტუ-ის ექვსი ფაკულტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ. 
 
საუნივერსიტეტო პირველობაში გამარჯვებულ რაგბის გუნდს სტუ-ის ოქროს თასი სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა აჩილ იოსელიანმა გადასცეს.
 2 (1).png

როგორც სტუ-ის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, სასიხარულოა, როცა გარკვეული პაუზის შემდეგ შვიდკაცა რაგბის ტურნირი საუნივერსიტეტო სივრცეში წარმატებით დაბრუნდა. არჩილ იოსელიანის თქმით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბიში უპირობო ლიდერი და  უნივერსიტეტის თასის მფლობელი სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტია.  

„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, მეორე წელია შვიდკაცა რაგბი საუნივერსიტეტო სივრცეს დაუბრუნდა და ტურნირების ჩატარების ტრადიცია აღდგა. ეს აძლიერებს სტუდენტების გუნდურ სულისკვეთებას, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბის სახეობის პოპულარიზაცია სწორედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. საუნივერსიტეტო კლუბში დაოსტატებული სახელოვანი მორაგბეები შემდეგ საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, იმარჯვებდნენ და გულშემატკივარს აღაფრთოვანებდნენ. 

წელს მონაწილე გუნდებმა მაღალ დონეზე წარმოაჩინეს თავიანთი მიზანსწრაფულობა, სტრატეგიული გათვლები და გუნდური მუშაობის უნარები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის გუნდი, რომელმაც საბოლოო ჯამში მოიპოვა კიდეც საუნივერსიტეტო თასი. დარწმუნებული ვართ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის ურთიერთპატივისცემისა და პასუხისმგებლობის განვითარებას და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას“, – ამბობს არჩილ იოსელიანი.

„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სტუ-ის რექტორის, საქართველოს პარლამენტის წევრების, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თბილისის მერიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ახალგაზრდული პროექტის – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ – პრეზენტაცია გაიმართა. 

ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ პროექტს, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის – „ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ახორციელებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ორგანიზება გაუწია სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილებამ, სტუდენტებთან ერთად სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, ვიცე-რექტორები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. როგორც აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ღირებულებათა სინთეზის მხრივ ახალგაზრდების წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას.

“ახალგაზრდები დგანან თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინაშე – ეს არის  ეროვნული ტრადიციებისა და დემოკრატიული ღირებულებების შერწყმა. ახალგაზრდობისთვის ასევე აუცილებელია ისეთი სივრცეების არსებობა, სადაც ახალი აზრების გენერირებას,  ღირებულებების გააზრებასა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავებას შეძლებენ. ასეთ სივცეები ყველაზე მეტად ტავსებადია საუნივერსიტეტო გარემოში. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ტრადიციების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე დემოკრატიული ხედვების გააზრება და მათი სინთეზი – ეს  თვითშემეცნების სერიოზული პროცესია და ერთგვარად, ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მივესალმებით ამ ინიციატივას, რომელიც პროექტის სახით ხორციელდება და აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას დაიცვან ბალანსი, ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია და აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოებრივი აზროვნების გაძლიერებაში“, – აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

6.png

სტუდენტებს პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები წარუდგინა ავტორმა – დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი კრიტიკული გამოწვევების გადაჭრას, ეროვნული და კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და ინტეგრაციას. ასევე, ახალგაზრდების ცნობიერებაში ტრადიციული ღირებულებების სინთეზს თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული სახელმწიფოს ეროვნულ, დემოკრატიულ და სუვერენულ განვითარებას. 

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის განმარტებით, პროექტი კონკურსის სახით და ოთხი თემატური მიმართულებით განხორციელდება; თითოეულ მიმართულებაში შენარჩუნდება მთავარი ხაზი: მოქალაქის, ოჯახისა და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი წარმოდგენილი სლოგანის ფარგლებში – „ვინახავთ ძველს, ვეძიებთ ახალს“, ხოლო საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა თემატური ნომინაციების მიხედვით მოხდება.  

სტუდენტებს სახელმწიფო პოლიტიკასა და ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე ესაუბრა  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, ხოლო ახალგაზრდობის როლსა და დემოგრაფიული გამოწვევების დაძლევაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.  

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი – „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მასში უკვე ჩაერთო 21 უმაღლესი სასწავლებლებელი, რამდენიმე პროფესიული კოლეჯი და 20-მდე ახალგაზრდული და დიასპორული ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით. დედაქალაქის შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება რეგიონულ უნივერსიტეტებში.  იანვარში კი, დაგეგმილია პროექტის წარდგენა დიასპორული ორგანიზაციებისთვის. გამარჯვებული კონკურსანტები პროექტის დასასრულს –  2026 წლის თებრვლის ბოლოს გამოვლინდებიან.

სტუ-ის სტუდენტები მწერალ თამარ გლურჯიძეს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მწერალ თამარ გლურჯიძეს უმასპინძლეს. 

ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც მიმართულია თანამედროვე ქართული ლიტერატურის სფეროში ნიჭიერი და გამორჩეული მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. საუნივერსიტეტო ფორმატის თანახმად, შეხვედრები ღიაა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, ვისაც უყვარს თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილეები, პროფესორები – ლილი პეტრიაშვილი და ნონა ოთხოზორია, ასევე, ლიტერატორები და მოწვეული პირები.

თამარ გლურჯიძესთან შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ავტორმა, სტუდენტების თხოვნით, წაიკითხა ფრაგმენტები თავისი შემოქმედებიდან, ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი ხედვა და შემოქმედებითი გზის მნიშვნელოვანი დეტალები, მათ შორის ესაუბრა ცხოვრებისეულ ურთულეს პერიოდზე, ღრმა სასოწარკვეთაზე და თვითგადარჩენისთვის იმ უდიდეს ბიძგზე, რაც თამარ გლურჯიძის თქმით, მისთვის მწერლობა აღმოჩნდა.

შიდა.png

შეხვედრის მსვლელობისას ახალგაზრდებმა გამოთქვეს სურვილი, თამარ გლურჯიძის ნაწარმოებებიდან თავადაც შეერჩიათ სასურველი ფრაგმენტი ხმამაღლა წასაკითხად. მათ ავტორს არაერთი შეკითხვა დაუსვეს – მათ შორის დაინტერესდნენ შემოქმედებითი პროცესით, ლიტერატურული სტილით, პერსონაჟების პროტოტიპებით და თანამედროვე ლიტერატურული ტენდენციების შესახებ ავტორისეული მოსაზრებებით. 

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეხვედრების იმგვარ ფორმატს, რომელიც სტუდენტებს თვალსაწიერის გაფართოებისა და  ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის.  

„მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ როგორი ძალა აქვს გულწრფელ საუბარს. თამარ გლურჯიძე არა მხოლოდ გამორჩეული ავტორია, არამედ ადამიანია, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას უდიდესი სითბოთი უზიარებს. თავისი ცხოვრებით თამარ გლურჯიძე ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრების უმძიმეს პერიოდშიც კი ადამიანმა შესაძლებელია საკუთარ თავში აღმოაჩინოს ის უსაზღვრო ენერგია, რომელიც მას ცხოვრების ახალ, ნათელ გზაზე გაიყვანს. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს და სასიხარულოა, რომ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი არ ღალატობს ტრადიციას ნიჭიერი მწერლებისა და პოეტების მხარდასაჭერად. ლიტერატურა, მეცნიერებასთან და ფილოსოფიასთან ერთად, ახალგაზრდებს თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი ინსპირაციის შესაძლებლობას უქმნის, ამავდროულად, ასეთი შეხვედრებით ფორმირდება უშუალო ურთიერთობები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, პოეტებთან, პუბლიცისტებთან. ასეთ ურთიერთობებში ისმინება არა მხოლოდ ლიტერატურა, არამედ იკვეთება ადამიანური გამოცდილება, სითბო და პასუხისმგებლობა, რაც ფასდაუდებელი რესურსია ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა, ორმხრივად დიდი პატივია, როცა ქართველი მწერლები უნივერსიტეტს მოიაზრებენ სივრცედ, საიდანაც მათი ხმა გაცილებით მეტ ახალგაზრდამდე აღწევს. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ფორმატი აძლიერებს კულტურას, განათლებასა და მეცნიერებას შორის დიალოგს“, – აღნიშნა თამარ ლომინაძემ.

შეხვედრის დასასრულს, ავტორმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სამახსოვრო ავტოგრაფებით საჩუქრად გადასცა კრებული – „მოფერება ლექსებად“, რომელიც შვილიშვილის, პატარა ანიტას უსაზღვრო მონატრებით შექმნილ 100 ლექსს აერთიანებს და მინიატურული პროზის კრებული – „სიცოცხლის ჟინი“, რომელიც თამარ გლურჯიძის მეორე საავტორო წიგნია.

სტუ-ის სტუდენტურმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა განახლებული შემადგენლობით კონცერტი გამართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობილი სტუდენტური შემოქმედებითი ჯგუფები – სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა, გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსაბლი „ქალდეა“ და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი  „ფესვები“, 2025-2026 სასწავლო წლის ფარგლებში, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე განახლებული შემადგენლობითა და პირველი ერთობლივი პროგრამით წარსდგნენ.

საუნივერსიტეტო ანსამბლების კონცერტს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი – აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი – პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი – პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები – პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და  სტუდენტები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ პირველკურსელები. კონცერტს ასევე ესწრებოდნენ მიწვეული სტუმრები – ახალგაზრდული საგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი შალვა სუთიაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი ალექსანდრე მუკათარიძე.

შიდა-#1.jpg

კონცერტზე 90-წლიანი ისტორიის მქონე სახალხო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ (სამხატვრო ხელმძღვანელები: თეიმურაზ კობახიძე და ნინო ლაზიშვილი) წარმოადგინა კომპოზიციები – „განდაგანა“, „ნაბდური“ და „კავკასიური“; „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულმა საუნივერსიტეტო შემოქმედებითმა ჯგუფმა – „ფესვები“ (სამხატვრო ხელმძღვანელი დავით უზნაძე) შეასრულა „ყანური,“ „ოდოია“ და „იმერული სახუმარო“; გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსაბლმა „ქალდეამ“ (სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ჯამაგიძე) წარმოადგინა „ფშავური“, „წარსულმა სულ თან წაიღო“ და „აისი“; ხოლო სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელა (სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი), რომელმაც უკვე 60 წლის იუბილე აღნიშნა, მაყურებლის წინაშე წარსდგა ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერით“ და ნოდარ გიგაურის კომპოზიციით – „ალილუია“ . კონცერტმა მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.

როგორც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარე სასწავლო წელს სტუ-ის სახელოვნებო ჯგუფების მიერ განახლებული შემადგენლობით ჩატარებული პირველი ერთობლივი კონცერტი ცხადყოფს, რომ სამეცნიერო-საინჟინრო მიღწევებით ცნობილი უნივერსიტეტი, რომელსაც ათწლეულებია ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში, თავის შემოქმედებით ტრადიციებს კვლავაც ღირსეულად აგრძელებს.
 
შიდა-#2.png

დავით გურგენიძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები სტუდენტური თვითშემოქმედების განვითარებას მრავალმხრივ უწყობს ხელს, შესაბამისად, ახალგაზრდებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მათ  სთავაზობს. რექტორის თქმით, შემოქმედებით ჯგუფებში გაერთიანებით სტუდენტური ცხოვრება ემოციურად დატვირთული და გაცილებით მრავალფეროვანი ხდება. 

„განახლებული შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი კონცერტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები თავიანთი ალმა-მატერის სახელს არა მხოლოდ აკადემიური მიღწევებით, არამედ შემოქმედებითადაც ამდიდრებენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი ახალგაზრდების უნარი, ერთ სივრცეში გააერთიანონ ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი ტრადიციები და თანამედროვე ხედვა, რაც ქართულ კულტურას ახალ დინამიკას სძენს. მსგავსი ღონისძიებები, ერთი მხრივ, აძლიერებს საუნივერსიტეტო ერთობას, ხოლო მეორე მხრივ, სტუდენტებს აძლევს ნიჭისა და შესაძლებლობის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელოვნებო ცხოვრება კიდევ უფრო გამორჩეული ხდება“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?