სტუ-ის სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმაზე გადაყვანისთვის განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, სტუ-ის სტუდენტების ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმაზე გადაყვანისთვის განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა. 

განცხადებების მიღება, 2025წლის 15 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 15 მაისის დადგენილება (N 01-05-04/82).

გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ჯგუფმა – „ქალდეა“ შემაჯამებელი კონცერტი გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფ „ქალდეას“ ახალმა შემადგენლობამ 2024-2025 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გამართა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების წინაშე სპეციალური პროგრამით წარსდგა. 

საუნივერსიტეტო ანსამბლის კონცერტს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ვიცე-რექტორები – თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, მიწვეული სტუმრები.

როგორც „ქალდეას“ და ანსამბლ „ერისიონის“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა თამაზ ჯამაგიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტ გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ჯგუფი – „ქალდეა“ 2012 წელს ჩამოყალიბდა. თამაზ ჯამაგიძემ ჯგუფის ახალი თაობის ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის, რექტორსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.

2 (4).png

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მდიდარი შემოქმედებითი ტრადიციები გააჩნია. უნივერსიტეტში არაერთი ისტორიული კოლექტივი და ჯგუფი მოღვაწეობს და მოხარული ვართ, რომ „ქალდეა“, 2012 წლიდან, დიდი საუნივერსიტეტო ოჯახის წევრია. მინდა გავიხსენო და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ზვიად ბერიაშვილი და პატივი მივაგო მის ხსოვნას. 13 წლის წინ, „ქალდეა“ ჩვენ ერთად დავაარსეთ. ამ ხნის მანძილზე „ქალდეამ“ არაერთ კონკურსში, ფესტივალსა და სატელევიზიო გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, 2020 წელს გვქონდა საგასტროლო ტურნე პოლონეთში, გამოვეცით ჯგუფის დისკი. საგულისხმოა, რომ ექსკლუზიურად „ქალდეასთვის“ სიმღერები შექმნეს კომპოზიტორებმა: მარიკა კვალიაშვილმა, დავით არჩვაძემ, სოფი რაფაელამ. დღეს „ქალდეას“ ახალი შემადგენლობა ჰყავს – ნიჭიერი და ლამაზი ახალგაზრდები. ვსარგებლობ შემთხვევით და ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას – წარმატებას მიღწევა შეუძლებელია ქმედითი მხარდაჭერის გარეშე. ვიმედოვნებთ, „ქალდეას“ ახალი შემადგენლობა ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც ჯგუფის ძველი თაობა იყო“, – აღნიშნა თამაზ ჯამაგიძემ. 
 
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, სასწავლო წლის ბოლოს, საუნივერსიტეტო სახელოვნებო ჯგუფების მიერ შემაჯამებელი კონცერტებისა თუ გამოფენების გამართვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთგვარ ტრადიციად იქცა. რექტორის თქმით, მსგავსი ღონისძიებები სტუდენტური თვითშემოქმედების განვითარებას მრავალმხრივ უწყობს ხელს. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტებს სახელოვნებო მიმართულებით განვითარების, თავიანთი ნიჭისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცეთ, ჰქონდეთ შესაბამისი და კეთილმოწყობილი სივრცეები რეპეტიციებისთვის, სადაც ხელმძღვანელებთან ერთად, რეგულარულად შეძლებენ ახალ კონცეფციებზე მუშაობას, შეადგენენ და დახვეწენ ახალ პროგრამებს, რითაც არა მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე, არამედ ახალგაზრდულ ფესტივალებსა და კონცერტებზე წარდგებიან, მონაწილეობას მიიღებენ კონკურსებში და ახალ წარმატებებს მოუტანენ თავიანთ ალმა-მატერს. სასიხარულოა, რომ საანგარიშო კონცერტზე „ქალდეას“ ახალი თაობის რეპერტუარმა და შესრულებამ სასიამოვნოდ გაგვაოცა. წარმატებებს ვუსურვებ გოგონათა ანსამბლს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ. 

შემაჯამებელ კონცერტზე გოგონათა საუნივერსიტეტო ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ჯგუფმა „ქალდეამ“ ახალი შემადგენლობით – მაგდა და ქეთი მიგრიაულები, ნანუ ზაალიშვილი, თიკო გელაშვილი, დიანა ზურაბიშვილი, ნინი ჭიღლაძე, მარი უღრელიძე, ნუცა მერაბიშვილი და მარიამ ახალმოსულიშვილი –  მრავალფეროვანი რეპერტუარი, ფოლკლორული, ქალაქური თუ საესტრადო ნაწარმოებები და ქართული საგალობლები წარმოადგინა.

მათთან ერთად მუსიკალური ნომრები შეასრულეს და ჯგუფის დაარსებასთან დაკავშირებული ეპიზოდები გაიხსენეს „ქალდეას“ პირველი თაობის მომღერლებმა – თეონა გნოლიძემ, თიკო გელენიძემ, ქეთი ბაკაშვილმა, გვანცა კიკნაძემ, სოფო ამირეჯიბმა და ანი დევდარიანმა. კონცერტმა მაყურებლის მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.

„დასაქმების კვირეული 2025“ სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით და ფაკულტეტების ჩართულობით, 2025 წლის 19 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტში იგეგმება “დასაქმების კვირეული-2025”. 

კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას და კარიერულ განვითარებას. 

კვირეულში მონაწილეობს 163 სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია. 

„დასაქმების კვირეული-2025“ დღის წესრიგი:

19 მაისი (12-14 სთ) პირველი კორპუსი მის. თბილისი მერაბ კოსტავას N 68.

  • საამშენებლო ფაკულტეტი;
  • სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
  • არქიტექტურა, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
  • მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი;
  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა

20 მაისი (12-14 სთ) მე-6 კორპუსი მის. თბილისი მერაბ კოსტავას N77.

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
  • საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
  • სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;

21 მაისი (12-14 სთ) მე-11 კორპუსი მის. თბილისი გურამიშვილის N 17.

  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

22 მაისი (12-14სთ) მე-3 კორპუსი მის. მერაბ კოსტავას N 77.

  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი;
  • ენერგეტიკის ფაკულტეტი
  • ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის მეტალურგიის ფაკულტეტი

23 მაისი (11- 12სთ) სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი.

ნ. ნიკოლაძის დარბაზი, ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთად შედეგების შეჯამება. 

სტუ-ის რექტორმა ორ მეცნიერ-მკვლევარსა და ორ თანამშრომელს საპატიო დიპლომები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ენერგეტიკის ფაკულტეტის ორი მეცნიერ-მკვლევარი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი სტუ-ის საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

3 (2).jpg

რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე საპატიო დიპლომები ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ლალი ხუნწარიას, ელექტროენერგეტიკისა და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის ლაბორანტ ნიკოლოზ ავლოხაშვილს, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ თამაზ ურთმელიძესა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ ლევან ფიფიას გადასცა. 

როგორც რექტორმა აკადემიური საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, ლალი ხუნწარიას, ნიკოლოზ ავლოხაშვილს, თამაზ ურთმელიძესა და ლევან ფიფიას მრავალი წელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში დიდი წვლილი შეაქვთ, შედეგად აკადემიურმა საბჭომ მათი საპატიო დიპლომებით დაჯილდოების გადაწყვეტილება მიიღო. 

„აკადემიური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დააფასოს ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებითა და პროფესიონალიზმით. მათი საქმიანობა მაღალ შეფასებას იმსახურებს და მიმართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებისა და წარმატებისკენ. აკადემიური საზოგადოების სახელით, გულითადად ვულოცავ მათ და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ვაჟთა გუნდმა ფრენბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 33-ე ეროვნული ჩემპიონატის (უმაღლესი ლიგა) ფინალური შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა და ეროვნული ჩემპიონის ტიტული და თასი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 

ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე, რომელიც თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, სტუ-ის კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში გორის გუნდი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და შესაბამისად, წლევანდელი ეროვნული ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შიდა-15.05.2025-სტუ-ფრენბურთი-საქართველოს ჩემპიონი.png
 
ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე საუნივერსიტეტო კლუბს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ქომაგობდნენ. 

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ასევე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ქართველიშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან ერთად, ჩემპიონის თასი, მედლები და 10000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადასცა.

1 (3).png

დავით გურგენიძის განაცხადებით, ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, მეტად განავითარონ საუნივერსიტეტო სპორტული სახეობები. რექტორმა სპორტსმენებსა და კლუბის მთავარ მწვრთნელ სოსო ლობჟანიძეს ღირსეული გამარჯვება მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა.

4.png

„გულითადად ვულოცავ ფრენბურთის საუნივერსიტეტო კლუბს ეროვნული ჩემპიონატის ზედიზედ მესამედ მოგებას! ეს გამარჯვება ადასტურებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმს, შეუპოვრობასა და გუნდურ სულისკვეთებას. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ სპორტული მოვლენა – ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი წარმატებაა. 

გვეამაყება, რომ ჩვენი სტუდენტები იმარჯვებენ და ამით ღირსეულად აგრძელებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ ტრადიციებს. მსგავსი მიღწევები მეტად ამაღლებს ახალგაზრდების მოტივაციას და ხაზს უსვამს საუნივერსიტეტო სპორტისა და სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობას.

6.png

მადლობას ვუხდით საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასა და საქართველოს სპორტის სამინისტროს ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის. მჯერა, ახალი გამარჯვებებით ჩვენი გუნდი კიდევ არაერთ სიხარულს მოუტანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, – აღნიშნა რექტორმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ცნობისათვის, ფრენბურთში საქართველოს 2025 წლის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

2 (3).png

სტუ-ში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიკოს მზია სურგულაძის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სურგულაძის საჯარო ლექცია – „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა შუა საუკუნეების საქართველოში“, გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos – ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია. 

საჯარო ლექციას, რომელსაც მოდერაციას მღვდელი ზაქარია გათენაძე უწევდა, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და სხვა მიწვეული პირები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ გახსნა.

შიდა-15.05.2025-სტუ-პროექტი ქართული თვითმყოფადობა-მზია სურგულაძე-ლექცია.png

როგორც დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი – „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად. 

„საჯარო ლექციათა ციკლი, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, ახალგაზრდებს საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებაში დიდ დახმარებას უწევს. ჩვენი სტუდენტები იღებენ ვრცელ ინფორმაციას საუკუნეების მანძილზე საქართველოს მიღწევების, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ, ეს კი მათ ეროვნულ თვითშეგნებას ამაღლებს, პატრიოტიზმს ასაზრდოებს. დარწმუნებულები ვართ, რომ დოქტორ მზია სურგულაძის ლექცია შუა საუკუნეებში ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, ფართო ჭრილში გაიაზრონ სახელმწიფოსა და ეკლესიის როლი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები და თითოეული მათგანის ფუნქცია და მნიშვნელობა საერთო ეროვნული ღირებულებებისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხედვის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, – აღნიშნა ივანე გიორგაძემ.

როგორც დოქტორმა მზია სურგულაძემ განმარტა, ეკლესია განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი სუბიექტია ნებისმიერ ქვეყანაში და, შესაბამისად, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის შესწავლა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებულად საყურადღებო ხანა შუა საუკუნეებია. 

მკვლევარმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის საძირკველი და, აღმსარებლობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი და დიდი პოლიტიკური მისია ეკისრებოდა. მან აუდიტორიას საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიიდან არაერთი საინტერესო ეპიზოდი გაუზიარა, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების და მათგან მომდინარე შედეგების თვალსაჩინო მაგალითია.

საჯარო ლექციის დასასრულს, ისტორიკოსმა მზია სურგულაძემ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა. დაინტერესებულ სტუდენტებს შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი მიაწოდა და მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.  

ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა – „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე.

სტუ-ში გარემოს ინჟინერიის თემაზე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ გაიხსნა, რომელშიც ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 80-ზე მეტი მეცნიერი და ახალგაზრდა მკვლევარი მონაწილეობს. 

სამდღიანი საერთაშორისო სემინარის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,
ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Bialystok University of Technology, პოლონეთი), ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტი (University of Life Sciences in Lublin – ULSL, პოლონეთი),
სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის და
ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology – RUT, პოლონეთი).

საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი, რომელსაც, მონაწილეებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამშენებლო და საინჟინრო მიმართულების ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

შიდა-14.05.2025-სტუ-საერთაშორისო სემინარი-გახსნა.png

დავით გურგენიძის განცხადებით, მზარდი და ცვალებადი გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გარემოს ინჟინერიის სფერო უფრო მეტად ფართოვდება, რადგან გამოწვევების დასაძლევად, გამოყენებითი მათემატიკისა და მეცნიერების ახალი მიღწევების დახმარებით, საჭირო ხდება ახალი, უფრო ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავება, რაც ცალკეული ქვეყნებისა და მთლიანად მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

რექტორის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი სწორედ გარემოს ინჟინერიის სფეროში თავმოყრილ გამოწვევებსა და გამოცდილებაზე მსჯელობას ითვალისწინებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარს – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“. ეს სამეცნიერო ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან აერთიანებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წამყვან მეცნიერებს იმ მიზნით, რომ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, საუკეთესო გამოცდილება და ითანამშრომლონ იმ რთულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან როგორც ცალკეული ქვეყნები, ისე, თანამედროვე მსოფლიო.

გარემოს ინჟინერიის სწრაფ განვითარებას განაპირობებს ისეთი გლობალური საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მდგრადი განვითარება, წყლის რესურსების მდგრადი ათვისება, სამრეწველო ქიმიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულებები, ურბანული მდგრადობა და სამოქალაქო ინჟინერია და, რასაკვირველია, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ასევე, მწვავე გარემოსდაცვითი გამოწვევები. აღნიშნული საკითხების შეჯერება მოითხოვს ღია, მრავალდისციპლინურ დიალოგს, რაც ამ სამდღიან სემინარზე გველის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოველთვის მნიშვნელოვანი წილი შეჰქონდა და ახლაც შეაქვს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პროგრესსა და საინჟინრო დარგების განვითარებაში, ვმონაწილეობთ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში, უდიდეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში, გვაკავშირებს სამეცნიერო და  აკადემიური კოლაბორაცია ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან, უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებთან, ვაგრძელებთ როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობას, ასევე, გამოყენებით მეცნიერებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე მუშაობას, რომლებიც ემსახურება ეროვნულ ინტერესებსაც და ითვალისწინებს გლობალურ პროცესებში ჩართულობასაც. 

სემინარში მონაწილეობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს – პარტნიორი უნივერსიტეტების მეცნიერებსა და პროფესორებს პოლონეთიდან, სომხეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ დისკუსიებს, ახალ იდეებსა და წარმატებებს საერთო მისიის შესასრულებლად, რაც გულისხმობს გარემოს ინჟინერიის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას მეცნიერებით, ინოვაციებითა და ეფექტიანი თანამშრომლობით“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, სტუ-ის ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი და სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი. 

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, გარემოს ინჟინრების ხედვა და მიდგომები დღეს, როგორც არასდროს, ვრცელია და ისინი ყველა საკვანძო საკითხის გადაჭრაში არიან ჩართულები, მათ შორის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაბინძურებისა და მასზე ქიმიური ზემოქმედების წყაროების მაქსიმალურად განეიტრალება, მწვანე წარმოება და ქიმია-მიკრობიოლოგია, მდგრადი ურბანული დიზაინი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ჰიდროლოგია, სისტემების დიზაინის შექმნა და სხვა. 

საერთაშორისო სემინარის მუშაობა სამი დღის განმავლობაში სამ სექციად წარიმართება: გარემოს ინჟინერია, წყლის რესურსები და მშენებლობა. სამეცნიერო ღონისძიება 16 მაისს დაიხურება.

სტუ-ში „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი 5-ტომეული გამოცემის – „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების პრეზენტაცია გაიმართა.

საინჟინრო ლექსიკონი რამდენიმე წლის განმავლობაში სამშენებლო ფაკულტეტზე მუშავდებოდა. მისი ავტორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრები – პროფესორი თამაზ ხმელიძე, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, პროფესორი ლევან კლიმიაშვილი და დამოუკიდებელი მკვლევარ-დიზაინერი კახაბერ ხმელიძე. 

ახალი ტექნიკური გამოცემის წარდგენა IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის – „გარემოს საინჟინრო დაცვის ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები“ ფარგლებში მოხდა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Bialystok University of Technology, პოლონეთი) პროფესორი ლეჰ დენიზი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის (სომხეთი) პროფესორი ოვანეს ტოკმანჯიანი, საერთაშორისო სამეცნიერო სემინარის მონაწილე მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სტუ-ის სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები.

როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ზურაბ გვიშიანმა აღნიშნა, „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ შედგენაში, ძირითადი ავტორების გარდა, წვლილი შეიტანეს სამშენებლო ფაკულტეტის 48 პროფესორმა და სტუდენტებმა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

შიდა-14.05.2025-სტუ-5_ტომეული ლექსიკონის პრეზენტაცია.png

გამოცემაში 16 350 ტერმინია თავმოყრილი. ზურაბ გვიშიანის თქმით, 5-ტომეულის ავტორთა მიზანია, ქართველ მშენებლებს, არქიტექტორებს, გეოლოგებს, ენერგეტიკოსებსა და ჰიდროინჟინრებს, ასევე აღნიშნული მიმართულებების სტუდენტებს, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მშენებლობასა და მის მომიჯნავე დარგებთან დაკავშირებული ტერმინები და მათი სრულყოფილი განმარტებები. 

ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორის, სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ თამაზ ხმელიძის განცხადებით, ახალი გამოცემა ილუსტრირებულია და სამიზნე ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და, ამავდროულად, იოლად გასაგებ ენაზეა შედგენილი.

თამაზ ხმელიძის თქმით, ლექსიკონი, რომელიც მშენებლობის ძირითადი მიმართულებების კლასიფიკაციას მოიცავს და მაქსიმალურად სრულყოფილად გადმოსცემს ტემინებს, სიტყვებსა და ტექნიკურ ფრაზეოლოგიებს, სპეციალისტებს მშენებლობის დაპროექტება-განხორციელების პროცესში თანამედროვე მონაცემთა ელექტრონული ბაზების გამოყენების საშუალებასაც მისცემს. ამ მიზნით ავტორებმა გამოიყენეს პროგრამა TLTERM-ი (ტერმინთა ბაზის პროფესიული რედაქტორი) და ტერმინოლოგიის მენეჯმენტის კომპიუტერული პროგრამა TLEX SUITE-ი.

როგორც „სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის“ ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლექსიკონზე მუშაობა დაუსრულებელი პროცესია, რადგან ენა მუდმივად ცვალებადი ფენომენია, რომელიც ასევე მუდმივად ივსება ახალი სიტყვებით, ტერმინებითა და მცნებებით, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით აისახება მშენებლობის სფეროზე. დავით გურგენიძის თქმით, ლექსიკონზე მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ განუწყვეტლივ იცვლება ტერმინთა და მცნებათა გამოყენების არეალი.

„მშენებლობის დიდი მასშტაბები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნის ამოცანები მოითხოვს სამშენებლო ინდუსტრიის, კერძოდ, საშენი მასალების, კონსტრუქციების, ტექნოლოგიების, დაგემვის, მენეჯმენტის, დაპროექტების, გაანგარიშების მეთოდების, უსაფრთხოების ნორმების და სხვა მრავალი ნიუანსის გათვალისწინება-ასახვას. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი მჭიდრო კავშირშია სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასთან, სამეცნიერო კვლევებთან, IT ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან. ვიმედოვნებთ, ახალი ხუთტომეული ლექსიკონი გაამდიდრებს, როგორც ქართულ ენას, ასევე, ახალგაზრდა სპეციალისტებს დარგის პროფესიონალებად ფორმირებაში შეუწყობს ხელს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედმა კონფერენციამ რიგით მე-15 სხდომა გამართა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომა, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. 

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-15 სხდომის მუშაობაში საქართველოში აკრედიტებული 33 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ორგანიზაციის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო, რის შემდეგაც სხდომამ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა.  

კონფერენციის წევრებმა, დღის წესრიგის თანახმად, მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხზე იმსჯელეს და აღნიშნულ პოზიციაზე სტუ-ის რექტორის მრჩევლის, კონსტანტინე ბასილაშვილის კანდიდატურა განიხილეს და მის განვლილ საქმიანობას მაღალი შეფასება მისცეს.

მოსაზრებების შეჯერების შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგად, სამდივნოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კონსტანტინე ბასილაშვილი მეორე ვადით აირჩიეს და წარმატებები უსურვეს. 

შიდა-14.05.2025-სტუ-რექტორთა მე_15 კონფერენცია.jpeg

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ განსახილველად გამოიტანა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ითვალისწინებდა ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის არჩევას სამი წევრის შემადგენლობით.

სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატურებად დასახელდნენ: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი შალვა ჭკადუა; შოთა მესხიას ზუდგიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) რექტორი, პროფესორი გია კავთელიშვილი. კენჭისყრის შედეგად, რექტორთა კონფერენციამ სარევიზიო კომისია აღნიშნული შემადგენლობით დაამტკიცა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხად განხილულ იქნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის – თამარიუნის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად მიღება.

უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მოხსებით წარდგა თამარიუნის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). თამარიუნის შესახებ ისაუბრა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თამარიუნს ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭა.

ძირითადი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, კონფერენციის წევრებთან ერთად, რამდენიმე მიმდინარე საკითხზე იმსჯელა.

სხდომის დასასრულს, დავით გურგენიძემ კონფერენციის წევრებთან საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და კანცლერის გამოკითხვის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მოკლე მოხსენება გააკეთა. 

ცნობისათვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რომელიც ევროპული უნივერსიტეტების დიდი ქარტიის – „Magna Charta Universitatum” ფუნდამენტურ პრინციპებს იზიარებს, 2019 წლის ივლისში დაფუძნდა. ეს ერთგვარი პლატფორმაა, სადაც საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების რექტორები უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს განიხილავენ და თავიანთ პოზიციებს აჯერებენ. 

ღია კარის დღეების ფორმატში აბიტურიენტებთან შეხვედრები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები, ღია კარის ფორმატში, აბიტურიენტებთან და საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან შეხვედრებს მართავენ. 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა, სამი დღის განმავლობაში, თბილისის N10 საჯარო სკოლის, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა. 

როგორც ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია აღნიშნავს, IT ტექნოლოგიები ყველაზე სწრაფად განვითარებადი სფეროა მსოფლიოში, შესაბამისად, ამ მიმართულებით ახალგაზრდების დაინტერესება მზარდია. მისი თქმით, შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებს გააცნოს უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურა და STEM და IT მიმართულების პროგრამები, როგორიცაა: ინფორმატიკა, კომპიუტერული მეცნიერება, კომპიუტერული ტექნოლოგიები და ინჟინერია, მათემატიკა და საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ახალგაზრდა თაობა ამ აქტუალური პროფესიებით დააინტერესოს.

2 (2).png

„ღია კარის ფორმატში რეგულარულად ვხვდებით როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს. ჩვენი მიზანია, სამიზნე ჯგუფებს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, გავაცნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩვენი ფაკულტეტის შესაძლებლობები, სასწავლო ინფრასტრუქტურა, სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები, რომლებიც ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ ჩამოუვარდება ევროპისა და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურას.

სამი დღის მანძილზე, თბილისის N10 საჯარო სკოლისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიის, ასევე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორებმა დაათვალიერეს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ჟიული შარტავას სახელობის სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიული კომპლექსი, ზოგადსაუნივერსიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრი, მიიღეს დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამების, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, ასევე, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების შესახებ. რაც მთავარია, ახალგაზრდებს ვესაუბრეთ კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და იმ ბენეფიტებზე, რასაც პროგრამების დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრები მიიღებენ.

3 (1).png

საგულისხმოა, რომ ღია კარის ფორმატის შეხვედრები ივლისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში ჩვენი სტუდენტებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, სკოლის მოსწავლეებს, ჩვენთან ერთად უმასპინძლეს სტუდენტებმა: მირიან შამათავამ, მარიამ ქავთარაძემ, ანა ტვილდიანმა და ამანდა კვაშილავამ, ასევე, დოქტორანტებმა – მირანდა ღვალაძემ და მარიკა მოდებაძემ.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობები STEM და IT მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებით, რაც, უდავოდ, ძალიან პერსპექტიული და ყველა დარგისთვის საჭირო სპეციალობებია“, – ამბობს თალიკო ჟვანია.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ღია კარის დღეების ფორმატში, ყოველკვირეულად, თბილისისა და რეგიონების რამდენიმე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლებს. 

Support

Why are you writing to us?