რექტორმა პოლონელ მეცნიერებთან შეხვედრისას კოლაბორაციის შესაძლებლობები განიხილა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) გეოინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორებს – ჯოანა პავლოვიჩსა და ალდონა სკოტნიცკა-შეპშაკს შეხვდა და პოლონელ მკვლევრებთან ერთად, ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სამომავლო კოლაბორაციის პერსპექტივები განიხილა.
ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები საქართველოში კვლევითი მივლინებით იმყოფებიან, კერძოდ კი, მონაწილეობენ სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99-ე წლისთავისადმი მიძღვნელ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაში – „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.
რექტორის შეხვედრას პოლონელ მკვლევრებთან ესწრებოდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე და სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის ბელოსტოკის ტექნოლოგიურ და ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რაც სტუდენტთა და სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ კვლევებსა და სამეცნიერო კონფერენციების ფორმატს ითვალისწინებს.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მჭიდრო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კოლაბორაცია აქვს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები აქტიურად არიან ჩართულნი გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან, როგორიცაა: შევეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი და სხვა.
მუდმივად იხვეწება უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. თითქმის ყველა ფაკულტეტზე მოქმედებს თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიები, სადაც ჩვენი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, კვლევებს ატარებენ. მათ შორისაა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიული კომპლექსი, რომელიც უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. აქ ერთდროულად 700-ზე მეტი ლაბორატორიული, სამეცნიერო და საექსპერტო კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი, მათ შორის, CERN-თან ერთად.
აღსანიშნავია, რომ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიურ და ლიუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ აკადემიური, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების მობილობის მიმართულებით, ასევე, ჩვენი დოქტორანტები და მაგისტრანტები ატარებენ ერთობლივ კვლევებს ამ პოლონურ უნივერსიტეტებში.
მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობთ ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან და პოლონეთის სახელით მონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველეს საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტის 99 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, გააღრმავოს კოლაბორაცია ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, შეიმუშაოს ერთობლივი კვლევითი პროექტები, დაგეგმოს სამეცნიერო კონფერენციები და გააქტიუროს გაცვლითი პროგრამები, როგორც ჩვენი წარმატებული სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო-აკადემიური პერსონალისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.
ვარმია-მაზურის ოლშტენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ჯოანა პავლოვიჩმა და ალდონა სკოტნიცკა-შეპშაკმა აკადემიკოს დავით გურგენიძესა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამშრომლობაზე მზაობისთვის მადლობა გადაუხადეს.
როგორც რექტორთან საუბრისას პოლონელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ორმხრივი წარმატების საწინდარი იქნება. მათი თქმით, პოლონური უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სასწავლო-კვლევითი პროცესების გაღრმავებით, ერთობლივი კვლევებისა და სამეცნიერო პროექტების განხორციელებით, ასევე, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის გააქტიურებით, რაც ორ უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს საფუძველი ჩაუყაროს მყარ პარტნიორულ კოლაბორაციას.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...