საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულის ტიტული და გრან-პრი მოიპოვა. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები და მონაწილე სტუდენტები სტუდფესტის დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.
„სტუდფესტის“ ჟიურიმ ორ ეტაპად და ოთხი მიმართულებით (განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა) ჩატარებულ საფესტივალო ღონისძიებებში მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელს – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიაკუთვნა.
დასკვნით ღონისძიებაზე „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ადმინისტრაციების წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია, გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები, შემოქმედებითი ჯგუფები და სტუდენტები, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მიწვეული სტუმრები.
წლევანდელი „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა და ინდივიდუალურმა სპორცმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღირსეულად იასპარეზეს და მოიპოვეს: 7 ოქრო – ვაჟთა ფრენბურთი; ვაჟთა და გოგონათა პადელი; ვაჟთა ჩოგბურთი; შვიდკაცა რაგბი; ჭიდაობა 100 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა სპრინტი; 9 ვერცხლი – მკლავჭიდი; გოგონათა ფრენბურთი; გოგონათა და ვაჟთა სასტენდო სროლა; ძიუდო 81 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა და გოგონათა ჭადრაკი; ვაჟთა და გოგონათა ხელბურთი; 6 ბრინჯაო – ბოულინგი; ძიუდო 66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში; გოგონათა ფრენბურთი; ჯომარდობა; მინი ფეხბურთი.
ფესტივალის მეორე ეტაპის ფარგლებში, კულტურის მიმართულებით ჩატარებულ კონკურსებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფებმა, რომლებმაც 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
ხალხური სიმღერების კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“; საესტრადო სიმღერების კონკურსში (დუეტები) – შემოქმედებით ჯგუფ „Music Art House”-ის გოგონათა დუეტი; საესტრადო სიმღერების კონკურსში (სოლო შემსრულებლები) – „Music Art House”-ის სოლისტი გვანცა გიგაშვილი, ბენდების კონკურსში კი – „Music Art House”-ის ბენდი „მარე“. ბრინჯაოს მედალი კი სტუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გამარჯვებულ სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმატებით დასრულებას ულოცავს.
„სტუდფესტის გრან-პრის მფლობელ ორივე უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს გულითადად ვულოცავ ამ უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას. მათთან ერთად მინდა ყველა უმაღლეს სასწავლებელს და ახალგაზრდას მივულოცო წლევანდელი სტუდენტური ფესტივალის წარმატებით დახურვა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში ღირსეულად გამოსვლისთვის თავი არ დაზოგეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოუტანეს. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აგრძელებენ, “ – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.
მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში – „სტუდფესტი 2025“ მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, გამოვლინდა 400-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
Related
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...
Within the Framework of the “Study and Get a Job” Program, Short-Term Professional Courses at GTU Are Offered With Full Funding
Within the framework of the “Study and Get a Job” program of the Tbilisi City Hall Municipality, you can take...