სტუ-ის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში GAIN-ის საზაფხულო სკოლა გაიხსნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში საზაფხულო სკოლის – „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – გახსნის ღონისძიება გაიმართა.
საზაფხულო სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მკვლევრები პარტნიორი სამეცნიერო ორგანიზაციებიდან: პროფესორი ფრანსუა ბრემონი – ციფრული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (INRIA, საფრანგეთი), ფილიპ მიულერი და ბენედიკტ ვირთი – გერმანიის ხელოვნური ინტელექტის
კვლევითი ცენტრი (DFKI); (DFKI, გერმანია), მინჰა ლი – ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), ასევე, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.

საზაფხულო სკოლა ხორციელდება კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ეგიდით, 2023 წელს ინსტიტუტის მიერ მოპოვებული პრესტიჟული საერთაშორისო საგრანტო პროექტ GAIN-ის ფარგლებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, GAIN-ის კოორდინატორის, გიორგი გიორგობიანის თქმით, პროექტი ევროპული ძალისხმევის სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას უზრუნველყოფს და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიაში – ხელოვნურ ინტელექტში (AI) მიღწევების გაუმჯობესებას.
„საზაფხულო სკოლა, ჩვენი ორგანიზებით პირველად ტარდება. თუმცა, 2023 წელს, 4-8 სექტემბერს ჩვენ ვმონაწილეობდით პროექტ GAIN-ის პირველ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ჩატარდა INRIA-ში, სოფია ანტიპოლისში. ღონისძიება იყო INRIA-DFKI ხელოვნური ინტელექტის მე-3 ევროპული საზაფხულო სკოლის (IDESSAI 2023) ნაწილი. MICM წარმოდგენილი იყო 10 ახალგაზრდა მკვლევრით და პროექტის კოორდინატორით, 5 სექტემბერი კი, ქართველი პარტნიორების პრეზენტაციებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ქართველ სტუდენტებს შორის საზაფხულო სკოლამ დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციებზე დასწრების სურვილი გამოთქვეს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები. საზაფხულო სკოლის 26 მონაწილიდან 19 – სტუდენტია. პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ხელმძღვანელობით, სადოქტორო ნაშრომისთვის კვლევებს სამი თვის მანძილზე, გერმანიასა და საფრანგეთში ჩაატარებს“, – აცხადებს გიორგი გიორგობიანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, ინსტიტუტის კოორდინაციით, მიმდინარეობს „ჰორიზონტი ევროპის“ პროექტი – „ხელოვნური ინტელექტის ნეთვორკინგის და თვინინგის ინიციატივა საქართველოში“ (Georgian Artificial Intelligence Networking and Twinning Initiative), რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა ღონისძიების პარალელურად, გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი საზაფხულო სკოლის პროექტს ახორციელებს.
„ჩვენი პარტნიორები არიან ევროპული კვლევების უპირობო ლიდერები – გერმანული DFKI-ი და ფრანგული INRIA, აგრეთვე, მაღალი ტექნოლოგიების კომპანია EXOLAUNCH (გერმანია). პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ინტეგრირებისთვის იმ ევროპულ სისტემაში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ევროპის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ და მომავლის ტექნოლოგიებში. დასახული მიზნის მისაღწევად განხორციელდება ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ზოგიერთი კვლევითი პროფილის შესაბამისობაში მოყვანა ხელოვნური ინტელექტის პროფილთან და მისი დაკავშირება ევროპის კვლევების და ინოვაციების საზოგადოებასთან. ამასთან ერთად, ჩვენი სტუდენტები და მეცნიერები კვლევებს გერმანელ და ფრანგ მეცნიერებთან თანამშრომლობით ატარებენ“, – აცხადებს ვახტანგ კვარაცხელია.
საზაფხულო სკოლა – „ადამიანის შემეცნებისა და ემოციის მოდელირება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით” – სამი დღე გაგრძელდება. სტუდენტების წინაშე მოხსენებებით წარდგებიან უცხოელი მეცნიერები: ფრანსუა ბრემონი თემით – „კომპიუტერული ხედვა მოქმედების ამოცნობისთვის“, ფილიპ მიულერი – „AI-ზე დაფუძნებული მულტიმოდალური ურთიერთქმედების ანალიზი“, ბენედიკტ ვირთი – „სახის ამოცნობა ადამიანებში და DCNN-ები“ და მინჰა ლი – „ერთობლივი გონების აღქმის მორალური შედეგების შესწავლა“.
Related
Energy Efficiency Center Donates Thermal Resistance Measuring Device to Georgian Technical University
The Energy Efficiency Center Georgia (EECG) has donated a thermal resistance measuring device to the Faculty Power Engineering of the...
“IAAC 2026” – International Competition for Students Interested in Astronomy and Astrophysics Begins
The IAAC 2026 Astronomy Education Program is starting preparations for the 2026 edition and is announcing an international competition for...
Academic Schedule for the Second (Spring) Semester of the 2025–2026 Academic Year
According to the order of the Rector of the LEPL Georgian Technical University dated February 26th, 2026, the second (spring)...
Institute of Quantum Physics and Engineering Technologies Announces a Competition for a Scientific Position
The Scientific Council of the Institute of Quantum Physics and Engineering Technologies of the Georgian Technical University announces an open...
Service Held at GTU on the Occasion of the Autocephaly Restoration, and a Funeral in the Patriarch’s Memory
The historical role of the recently deceased Catholicos-Patriarch of All Georgia, Archbishop of Mtskheta-Tbilisi, Metropolitan of Bichvinta and Tskhum-Abkhazia, His...
Registration for Free Lithuanian Language Courses for GTU Students Is to Begin
The Professor Vydas Kavaliauskas Lithuanian Language, Culture and Education Center at the Georgian Technical University invites students of any course...